პეტერბურგის მახლობლად მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

პეტერბურგის მახლობლად მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს

რუსეთში, პეტერბურგის მახლობლად მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის, ხუტუ ნიკოლოზის ძე მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 13 მეომრის ნეშტიდან ერთ-ერთის ჯიბეში აღმოჩნდა კოვზი, წარწერით "ხუტუ" და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მეომრის ვინაობის დადგენა.

"აბაშის რაიონის კომისარიატის მიერ ხუტუ მიმინოშვილი გაწვეულ იქნა 1939 წელს. ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში. 1919 წელს დაბადებული ჯარისკაცის კვალი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე, 1941 წლის აგვისტოში იკარგება. 2016 წელს ორგანიზაციამ "საძიებო რაზმი - ჩრდილო საზღვარი" ქალაქ პეტერბურგის შემოგარენში აღმოაჩინა 13 მეომრის ნეშტი. მათგან ერთ-ერთს ჯიბეში ჰქონდა კოვზი, წარწერით "ხუტუ". საარქივო მასალების გამოყენებით დადგინდა კოვზის მფლობელი მეომრის ვინაობა და ორგანიზაციის წევრები დაუკავშირდნენ ხუტუ მიმინოშვილის ოჯახის წევრებს ზუგდიდსა და აბაშაში. ნეშტი ხუტუ მიმინოშვილის ძმის შვილმა იოსებ მიმინოშვილმა გადმოასვენა საქართველოში. ქართველ მეომარს საპატიო ყარაულით და ზალპით, კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე, 23 ივლისს დაკრძალავენ ოჯახის წევრების გვერდით", - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"