"ზოგს ჰგონია, ყოველ საღამოს ბიძინასთან ვზივარ, ჩაის ვსვამ და მინისტრებს ხან გადავაყენებ, ხან ვნიშნავ..." - კვირის პალიტრა

"ზოგს ჰგონია, ყოველ საღამოს ბიძინასთან ვზივარ, ჩაის ვსვამ და მინისტრებს ხან გადავაყენებ, ხან ვნიშნავ..."

"მე და ბიძინა ივანიშვილი ფროიდმა დაგვამეგობრა"

ჟურნალი "გზა"  აქვეყნებს თეატრის კულისებში გაზრდილი, პარლამენტის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის მოგონებებს, გთავაზობთ ამონარიდებს.

საოცარი დრო

- მამაჩემი სცენაზე პირველად სტუდენტობის დროს აღმოჩნდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები. ინგლისური ენის კარგი სპეციალისტი დადგა, ერთხანს მასწავლებლად მუშაობდა. მარჯანიშვილის თეატრში ვასო ყუშიტაშვილის წყალობით მოხვდა, სადაც სულ მალე მთავარი როლი შეასრულა. თავად ამბობდა, რომ მისი მასწავლებლები იყვნენ: სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე და ვასო გოძიაშვილი.

გასტროლებზე მამასთან ერთად დავდიოდი. მაშინ მსახიობებს მცირე ხელფასი ჰქონდათ და არც ჩვენ გვილხინდა. არტისტები იძულებული იყვნენ, ყოველ ზაფხულს ე.წ. ბრიგადები შეექმნათ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასვლითი სპექტაკლებით, როგორც ეძახდნენ, "ხალტურაზე" ევლოთ. საქართველოში მოგზაურობისას მათი მძღოლი მე ვიყავი. მეცხრეკლასელი ბიჭი არ ვსვამდი და საჭეს მანდობდნენ. ზოგჯერ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, ვერიკო და მე კარტს ვთამაშობდით, ერთ თამაშს "21" ერქვა. თუ წააგებდი, თანხას იხდიდი. კაპიკებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ვერიკო წაგებულს ყოველთვის მაძლევდა. კოტე მახარაძე, ტარიელ საყვარელიძე, კუკური ლაფერაძე, ალე ომიაძე, სანდრო ჟორჟოლიანი - ასეთი ადამიანების გვერდით ვიყავი, ყველას ვერც ჩამოვთვლი. საოცარი დრო იყო...

ფროიდმა დაგვამეგობრა

- მე და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფროიდმა დაგვამეგობრა. სტუდენტობის წლებში, ის პარალელურად მუშაობდა. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ოსტატის მოწაფე იყო და ამ ქარხნის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ჩემი მეგობარი, ნუგზარ ყიფიანი და მე თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდით. მე, ნუგზარი, ბიძინა, მისი ძმა და სხვებიც, ვინც ფროიდით ვიყავით გატაცებულები, ლექციებს ერთად ვესწრებოდით. ხშირად ვიყავით მათთან საერთო საცხოვრებელში, სადაც ხან დომინოს და ხან კარტს ვთამაშობდით. იქ ყოფნა მოგვწონდა, თავისუფლად ვიყავით, მშობლები არ გვადგნენ თავზე.

დღეს ბევრ რამეზე ვარ გულგატეხილი. ალბათ, ქვეყანასა და ადამიანებს კარგა ხანს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. არადა, ზოგს ჰგონია, რომ ყოველ საღამოს ბიძინასთან ვზივარ, ჩაის ვსვამ და მინისტრებს ხან გადავაყენებ, ხან ვნიშნავ... სხვა ჭორებსაც იგონებენ...  (ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 20 ივლისის ნომერში)

ნანული ზოტიკიშვილი