"ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევა" - რას სთხოვს "არემჯი გოლდს" საყდრისის კომიტეტი - კვირის პალიტრა

"ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევა" - რას სთხოვს "არემჯი გოლდს" საყდრისის კომიტეტი

საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში გაასაჯაროოს კომპანია "არემჯი გოლდის“ 2016 წლის ზამთარში ჩატარებული ინსპექტირების შედეგები.

როგორც საყდრისის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებულია ხისტი პოზიცია დაიკავოს და კომპანია აიძულოს, რომ უმოკლეს დროში კარგად მოფიქრებული სამოქმედო გეგმა დადოს.

"ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაასაჯაროოს 2016 წლის ზამთარში კომპანიის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგები. აგრეთვე ცნობილი გახდეს რა ზარალი მიადგა კომპანიის საქმიანობის შედეგად სახელმწიფოს, კონკრეტულად გარემოს. გარდა ამისა, გავიგოთ რა ბედი ეწია, იმ საჯარიმო სანქციებს, რომელიც კომპანიას, თავის დროზე, ნიადაგის დაბინძურების გამო დაეკისრა. ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევა. მოსახლეობაში ხშირია ჩივილები და ჩვენც არაერთხელ გვსმენია, რომ გაიზარდა სიმსივნური დაავადებები, აგრეთვე ფილტვების დაავადებებიც. საბოლოოდ გავიგოთ, ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზი კომპანიის საქმიანობაა, თუ სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე. როდესაც ეს სურათი სრულად დაიდება, მაშინ გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიკავოს ცოტა ხისტი პოზიცია და აიძულოს კომპანია, რომ კარგად მოფიქრებნული სამოქმედო გეგმა დადოს“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

საყდრისის კომიტეტის წევრების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი აქტიურად ცდილობდნენ მთავრობასთან მოლაპარაკებას, რომ შეეჩერებინათ კომპანიის საზიანო ქმედებები. საყდრისის კომიტეტის წევრების განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ კომიტეტს არ დარჩა სხვა ბერკეტი, გადაწყვიტა მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს, რათა "გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და შეაჩეროს " არემჯი გოლდის“ გარემოს დაბინძურებითი საქმიანობები“.

"ინტერპრესნიუსი"