უკანასკნელი ინტერვიუ კაცთან, რომელმაც 48 ენა იცოდა - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ინტერვიუ კაცთან, რომელმაც 48 ენა იცოდა

"მეცინება, უცხო სიტყვათა უაზრო რახარუხს რომ ატეხენ ხოლმე. ჰგონიათ, რაც მეტ უცხო და ხალხისთვის გაუგებარ სიტყვას იხმარენ, საზოგადოების თვალში ფასი მოემატებათ! სინამდვილეში ეს ენის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი"

მსოფლიოში სულ რამდენიმე კაცია, რომელთაც რამდენიმე ათეული ენა იციან. ამ უნიკალურ ადამიანთაგან კი ერთ-ერთი ქართველი პოლიგლოტი, ფოთელი 71 წლის ანატოლი გვასალია გახლდათ. გაზეთ"კვირის პალიტრის“ არქივში იძებნება ინტერვიუ ამ უნიკალურ ადამიანთან, რომელიც 2011 წელს ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ ჩაწერა.

"სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა შეგვატყობინეს, რომ ღარიბი და მიუსაფარი ტული გვასალია გარდაიცვალა. მას არც ფოთის საპატიო მოქალაქეობით გამოწვეული სიხარული ხვდა წილად“, - ეს მინაწერი დაურთო გამოქვეყნებულ სტატიას მაშინ გაზეთმა. გთავაზობთ სტატიას არქივიდან:

"მის სანახავად ფოთში თავად ჩავედი.

ტული გვასალია (ასე ეძახიან ფოთელები) ძალზე დაუძლურებული ჩანდა. საოცარია, მაგრამ ეს უნიკალური ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. არადა, მისი ნიჭის შესახებ თავის დროზე მსოფლიოს ყველა ცნობილი გამოცემა წერდა. 48 ენა იცის, იცის 1500-მდე ჩინური იეროგლიფი, ლაპარაკობს ინდიელთა ტომების დიალექტებზეც.

ანატოლი გვასალია: "მამაჩემი, ვლადიმერ გვასალია, ძალზე განათლებული კაცი იყო. შვიდი ენა იცოდა. შვიდი წლის ვიყავი, ესპანურ ენაზე გამოცემული სერვანტესის "დონ-კიხოტით" დავინტერესდი. შინ მდიდრულად ილუსტრირებული გამოცემა გვქონდა. ძალიან მინდოდა გამეგო ამ ილუსტრაციების უკან რა იფარებოდა. 10 წლიდან მამამ ლათინურის, გერმანულის, ფრანგულისა და ინგლისურის სწავლება დამიწყო.

- ამდენი ენა ერთმანეთში არ გერეოდათ?

- როგორც ჩანს, ეს ნიჭი გენეტიკურია. ენების შესწავლის კანონზომიერებაც არსებობს. ის, ვისაც რამდენიმე ენის შესწავლა უნდა, უპირველესად უნდა შეისწავლოს ძირითადი ენა, მერე მასთან ახლოს მდგომი მონათესავე ენები. რაც უფრო მეტი ენა იცი, მით ადვილად ითვისებ ახალ ენას. რამდენიმე ენის შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ დაავადებული ვიყავი ენების სიყვარულით. თითქმის ყველა მომდევნო ენა სხვენზე მაქვს ნასწავლი. დაახლოებით ერთ წელიწადში თითო ენას ვსწავლობდი. სულ 48 ენა ვიცი, მაგრამ აქტიურად 24 ენაზე ვლაპარაკობ. თუმცა, ამ ბოლო დროს ისე დავძაბუნდი, ქართულად ლაპარაკიც მიჭირს. არც საბჭოთა კავშირის დროს და არც მოგვიანებით მქონია დალხენილი ცხოვრება. მუდმივად მიჭირდა, მუდმივად დაბალი ხელფასი მქონდა, რის გამოც იძულებული ვიყავი მოსწავლეები მომემზადებინა უცხო ენებში. ახლა მოსწავლეებსაც ვეღარ ვამზადებ და ვცხოვრობ ასე, სიღარიბის ზღვარს მიღმა. ბოლო დროს სუნთქვაც მიჭირს, ხელებიც მიკანკალებს...

- ასეთი უნიკალური ნიჭის პატრონს რატომ უნდა გიჭირდეთ?

- ტული გვასალია მაშინ ახსენდებოდათ, როცა უცხოელების წინაშე თავის მოწონება სჭირდებოდათ.

მახსოვს, ფოთში უცხოელების 28-კაციანი დელეგაცია ჩამოიყვანეს და "ჩემს ოჯახში" მოიყვანეს. "ჩემი ოჯახი" საგანგებოდ შეარჩიეს და პოლიციის უფროსის თუ პროკურორის სახლში გაშალეს სუფრა. ბუნებრივია, მე ვითომ მასპინძელი და ამ ოჯახის პატრონი ვიყავი. როგორ ცხოვრობთ, ბატონო ტული? - მეკითხებოდნენ ენათმეცნიერი სტუმრები. გადასარევად, აგერ ჩემი სასახლე-მეთქი, ამ დროს ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდი. - რამდენი გაქვთ ხელფასი? - 2.000 მანეთი, სინამდვილეში 169 მანეთი მქონდა. - მანქანა? - ორი მანქანა მიდგას გარაჟში, მაგრამ ფეხით სიარული მიყვარს, ჯანმრთელობას ვუფრთხილდები-მეთქი. ეს პარტიული ნომენკლატურის მითითება იყო და თუ მაგარი ბიჭი იყავი, სიმართლის თქმა გაგებედა. თუმცა ხომ იცით, ტყუილს როგორი მოკლე ფეხები აქვს. შუა ქეიფში ორმა უცხოელმა ტუალეტი მომთხოვა. რა ვიცოდი, სად იყო? ხან სამზარეულოს კარი შევაღე, აი, აქ არის-მეთქი და ხან საძინებლის. გავიშიფრეთ მეც და ნომენკლატურაც.

- როგორია ქართული ენა?

- ებნერ-ეშენბახს აქვს ნათქვამი, ენის სული ყველაზე კარგად მის უთარგმნელ სიტყვებში ცხადდებაო, იმაში, რასაც ვერც ერთ ენაზე ვერ თარგმნი. ეს ულამაზესი ქართული სიტყვებია "შენი ჭირიმე", "შენ გენაცვალე". აი, ეს არის ენის სული. ქართული ძალზე მდიდარი ენაა, ურთულესი გრამატიკით. არ არსებობს აზრი და ემოცია, რომელიც ქართულ ენაზე არ გამოითქმება. ქართული ანბანის უპირატესობა მსოფლიოში არსებულ ყველა ანბანთან შედარებით აშკარაა. ჯერ ერთი, ულამაზესია ესთეტიკური თვალსაზრისით, მეორე, ზუსტად ისე იწერება, როგორც იკითხება. ეს ანბანისთვის უდიდესი პლუსია. სხვა საკითხია, როგორ ვექცევით ენას. ამ ბოლო დროს რაღაც უღირსობის განცდას ნერგავენ საზოგადოებაში და ეს უპირველესად ენისადმი დამოკიდებულებით შეიმჩნევა. ქართული სიტყვა არავის ისე არ სჭირდება დღეს, როგორც ქართველ ერს.

კატეგორიულად არ მომწონს ენის გადატვირთვა უცხო სიტყვებით. რით არის ნაკლები შეთანხმება კონსენსუსზე, ნაწარმი - პროდუქტზე, შუამავალი - ბროკერზე? ქართული ენა იმიტომ თავისუფლდება რუსულისგან, რომ ის ინგლისურმა დაიკავოს? მეცინება, უცხო სიტყვათა უაზრო რახარუხს რომ ატეხენ ხოლმე. ჰგონიათ, რაც მეტ უცხო და ხალხისთვის გაუგებარ სიტყვას იხმარენ, საზოგადოების თვალში ფასი მოემატებათ! სინამდვილეში ეს ენის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. მუხრან მაჭავარიანის არ იყოს - "არა, სხვისი სამათხოვრო რა გვჭირს, თვარა კი!" სხვათა შორის, არც რუსული ენის მოძულება შეიძლება, ძალზე საჭირო ენაა. თუ მტრობაზეა ლაპარაკი, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მტერთან გასამკლავებლად მისი ენა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდე.

- ალბათ, ქართულის გარდა, არსებობს ენა, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ.

- იტალიური და ესპანური ჩემი საყვარელი ენებია. რატომღაც ძალიან მიყვარს ამერიკელ ინდიელთა ენებიც, მათი დიალექტები. იცით, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ვითვლი, ალბათ, და ინტერვიუს გაგრძელების თავიც აღარ მაქვს. სიცოცხლის ბოლოს ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ბედნიერება და სიხარული ახალი ენის შესწავლით გამოწვეული სიხარულის გარდა. ახლა ლუკმაპურიც კი სანატრელია ჩემთვის. დამპირდნენ, ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება უნდა მოგანიჭოთო და ველოდები. გამიხარდება...“