"მიშველე რამე, თეო... დამავიწყებინე სიყვარული..." - კვირის პალიტრა

"მიშველე რამე, თეო... დამავიწყებინე სიყვარული..."

"ძალიან მიჭირს უშენობა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით... 22 ივლისი... ტკივილის და ტანჯვის დღე..."

დღეს მუცოს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა უბედურმა ამბავმა - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

"დავიწყება... ეს სიტყვა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი.... როცა გიყვარს, როცა გყვარებია.... სიყვარული და დავიწყება.... ორი უკიდურესობაა... ძალიან მიჭირს უშენობა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით... 22 ივლისი... ტკივილის და ტანჯვის დღე... მიშველე რამე, თეო... დამავიწყებინე სიყვარული... ან მოდი, ან წამიყვანე თქვენთან.... მიყვარხარ!!! გაცხოვნოთ უფალმა..." - წერს პოეტი გელა დაიაური "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიხალის" არქივიდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:

"იმ დღეს რატომღაც ძალიან ცუდად ვიყავი. თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა... ღამით, როდესაც ბერდოს ველოდებოდი, მანქანის ხმა გავიგე და მე და გაგამ, ბერდოს უფროსმა ვაჟმა მაშინვე გავიხედეთ ეზოში. გაგამ კი მითხრა, მამიკო მოვიდაო, მაგრამ მივხვდი, ჩემი შვილის მანქანის ხმას არ ჰგავდა. არ მესიამოვნა და მეუღლეს, ვუთხარი კიდეც, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი-მეთქი. მერე მეუღლე გავიდა და... მისი ღრიალი რომ შემომესმა, მივხვდი, ბერდოს თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა, აბა, მეორე შვილი და ბერდოს უფროსი ვაჟები შინ იყვნენ და... მერე აღარაფერი მახსოვს, თითქოს, ბერდოსა და მის ცოლ-შვილზე ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ, ისედაც გასაგები იყო... არც გონება დამიკარგავს... არ ვიცი, რა მჭირდა, ვერ გადმოგცემთ... " - იხსენებს ბერდია არაბულის დედა ქალბატონი ნინო წიკლაური

იხილეთ სრულად: "თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ხეობის მოუშუშებელი ტრაგედია