მისტიკური ქალაქის ნანგრევებში - კვირის პალიტრა

მისტიკური ქალაქის ნანგრევებში

"აქ ყველგან სიმდიდრე იყო ჩაფლული, მაგრამ ვერავინ მიაგნო..."

დღემდეა შემორჩენილი ურთულესი კუთხოვანი არქიტექტურის სამლოცველოს ნაშთები და მასთან ერთად მარტირიუმი - მოწამის განსასვენებელი, სადაც მოწამეებს ქართველებიც ელინების მსგავსად კრძალავდნენ...

ოზურგეთში, მდინარეების - სკურდუმისა და ნატანების შესართავთან, ყორღანული გორიდან სოფელი გურიანთა მოვათვალიერე. მიწიდან უძველესი ქალაქის, ვაშნარის ნანგრევები ამოწვერილა. სოფელ გურიანთის (ვაშნარის ადგილზე დღეს ეს სოფელია) რწმუნებული კონსტანტინე ჩიკაშუაც გარინდებული გაჰყურებდა ციტადელს.

გურიის მისტიკურ ქალაქს (სავარაუდოდ ძვ.წ. VI ს.-ში დაარსდა) ავი ბედი ერგო: VIII საუკუნეში მურვან ყრუმ ისე მოთხარა, მას შემდეგ ვეღარ აღორძინდა. 1833 წელს ის ფრანგმა დიუბუა დე მონპერემ აღწერა და დაიჩემა, - აქ რომაელთა დიდებული ქალაქი პეტრა იყოო. დიუბუას წარმოსახვის მცდარობა ექვთიმე თაყაიშვილმა დაუსაბუთა, მაგრამ ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა. არქეოლოგებმა რამდენჯერაც ვაშნარის შესწავლა დააპირეს, იმდენჯერ შეაჩერეს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში კი იქაურობას ტრაქტორი მიაყენეს, გადახნეს და ვაშნარის მთავარ ბორცვზე სამთავრობო სასტუმრო-რესტორანი წამოჭიმეს, ქალაქის ნანგრევებზე კი - ჩაის ფაბრიკა.

დრომ და იქნებ ქალაქის მისტიკამაც (სახელწოდება "ვაშნარ-ვაშინერს" ქართულ-მეგრულ-სვანურში უფლისთვის საწყენი საქციელის აკრძალვას ნიშნავს), ჩაის ფაბრიკაცა და რესტორანიც ნანგრევებად აქცია და ნანგრევების ქვეშ ციტადელის ქონგურები ისევ გამოჩნდა. დღემდეა შემორჩენილი კუთხოვანი არქიტექტურის სამლოცველოს ნაშთები და მასთან ერთად მარტირიუმი - მოწამის განსასვენებელი, სადაც მოწამეებს ქართველებიც ელინების მსგავსად კრძალავდნენ. იქვე სავარაუდოდ რომელიმე მოწამის სამარხიც არის.

კონსტანტინე ჩიკაშუამ ექვთიმე თაყაიშვილის ეს ფრაზა გაიხსენა:

"იქ, სადაც მდინარე სკურბედი მდინარე ნატანებს ერთვის,…ვიდექი დიდი ხნის წიფლების ქვეშ, ხავსმოკიდებულ ნანგრევებთან, ხეების უშველებელ ფესვებზედ და…ცნობისმოყვარეობა მძრავდა: თანახმად ამ ქვეყანაში დარჩენილ ზეპირგადმოცემისა, მე ვიდექი იქ, სადაც დიდი ხნის წინეთ, შეიძლება 1000 წელიწადიც იყოს მას აქეთ, არსებობდა გურიის ერთი უდიდესი ქალაქთაგანი... აქ ყველგან სიმდიდრე იყო ჩაფლული, მაგრამ ვერავინ მიაგნო, არც წინეთ და არც შემდეგ".…

- ბავშვი ვიყავი, როცა ვაშნარის ნაქალაქარის ახლოს რკინიგზა გაჰყავდათ, აქაურობა გადათხარეს. უცებ ხმა გავარდა, - მიწაში ქვევრები გამოჩნდაო და ბავშვები გიჟებივით გავცვივდით. მართლაც ქვევრები დაგვიხვდა, ალბათ ტონიანი და იქნებ სამტონიანიც. ბიჭებმა ქვევრებში ჩავძახეთ, მათ კი უკან ამოგვძახეს...

ფერდობზე დავეშვით და ციხისფერდის უბანში ვახტანგ კვერღელიძესთან წავედით, რომელიც, როგორც გვითხრეს, თოხნისას ქვის ცულებს, საფხეკებს თუ საფქვავებს პოულობს, წმენდს და მერე ან გურიანთის მუზეუმში (რომელსაც, სადაცაა ჭერი ჩამოექცევა, ექსპონატებს აწვიმს) მიაქვს, ან - ოზურგეთში.

ციხისფერდში მასპინძელი არ დაგვიხვდა, მაგრამ ოჯახის რძალმა, - თხილის გაშენებისას ჩემმა მაზლმა იმდენი ქვის იარაღი ამოიღო მიწიდან, ერთი მანქანაც ვერ დაიტევდა, მერე კი ყველა ოზურგეთის მუზეუმში წაიღოო.…

1873 წელს თავადი დიმიტრი ნაკაშიძე შეუდგა ვაშნარის ნაქალაქარის აღწერასა და მოვლას და სიკვდილამდე ჰპატრონობდა კიდეც. დღეს აქ გურიანთელები გახურებულ შრომაში არიან - ნახევარკილომეტრიან ბეტონის გზას აგებენ ნაკაშიძეების ეკლესიამდე.

...ჩვენ მუდამ ასე გაგვყავდა გზები ათასწლეულებიდან მომავლისაკენ, ალბათ მომავალშიც ასე იქნება - ათასწლეულების მიღმა კი რომელიმე ჩვენი შთამომავალი ჩვენს ნაკვალევს გაჰყვება და ისიც ჩვენსავით იფიქრებს, რომ ამ მიწიდან არ უნდა წავიდეს!

ეთერ ერაძე