"ეს ჩემი აზარტული, ხიფათიანი ცხოვრებაა"
15-08-2017
"ეს ჩემი აზარტული, ხიფათიანი ცხოვრებაა"
"ტბების გადასაღებად ვიყავი. გავყევი და ლამაზი კადრის ძებნაში დაღესტნის ტერიტორიაზე გადავსულვარ. უცებ დავინახე რუსი მესაზღვრეები. უკანმოუხედავად გამოვიქეცი. რომ დამწეოდნენ, მაგარ შარში გავეხვეოდი"

"ყველაზე საინტერესოა ჯიხვებზე დაკვირვება, მათი ხასიათი და ცხოვრება უნდა შეისწავლო, უნდა იცოდე, რა პერიოდში სად არიან, ვინაიდან ჯიხვები სეზონურად იცვლიან ბინას"


28 წლის ფოტოხელოვანი მიქაელ ქავთარაძე სათქმელს ულამაზესი კადრებით გვიამბობს. "გადაღებისას ხშირად მივდივარ რისკზე, ეს ისეთი აზარტია, იმ მომენტში სხვა არაფერზე ვფიქრობ. შეიძლება ქარაფზე გახვიდე და სადმე ჩაიჩეხო.
ბევრი ჩემზე ძლიერი და გამოცდილი ადამიანი ასეთი ადგილებიდან უკან ვეღარ დაბრუნებულა. ესეც ერთგვარი ადრენალინია - რაც უფრო მიჰყვები რთულ ადგილებს, მით მეტი განცდა შემოდის შენში. ჩემთვის მთა მარტო სიყვარული არ არის, ერთგვარი მედიტაციაა. ქალაქში სამ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ, ბუნებაში განმარტოებული უკეთ ვხედავ ჩემს თავს.

- მიქაელი გავრცელებული სახელი არ არის.

- მიქაელი მონასტერში დამარქვეს. მეგობრები კი ჩეგევარას მეძახიან. მთიული ვარ, ბავშვობა ლაგოდეხში, დედულეთში მაქვს გატარებული. მუდმივად სიმაღლეების დაპყრობის ჟინი მქონდა, მინდოდა, მენახა ტბები, მათ შორის საქართველოს საზღვარზე მდებარე შავი კლდეების ტბა (იგივე თამარის ტბა), საოცრებაა. სამხედრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, თუმცა რიგი პრობლემების გამო ვერ ავიხდინე ოცნება. მოყვარული ალპინისტი ვარ, ადრე მაღალი შენობების მინებს ვწმენდდი, რაც გართობა უფრო იყო, ვიდრე სამუშაო. დღეს შეკვეთებზე ვმუშაობ. ეს საქმე დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს, მაგრამ შემოსავლის წყაროა, ფული ისევ მოგზაურობასა და მთის აღჭურვილობა-აქსესუარებში იხარჯება.

ფოტოგრაფია დიდ ხარჯებს მოით­ხოვს. მე რა ტიპის ფოტოგადაღებასაც მივდევ - ბუნების თემას, ეს ძვირი სიამოვნებაა და ნაკლებად აინტერესებთ საქართველოში. ის, ვინც ნახევრად შიშველ ცნობილ სახეს გადაუღებს ფოტოებს, უფრო მაგარ ფოტოგრაფად ითვლება, ვიდრე ის, ვინც ერთი კადრისთვის მთელი კვირა წვალობს.

- ძირითადად რაზე "ნადირობ"?

- ყველაზე საინტერესოა ჯიხვებზე დაკვირვება. მათი ხასიათი და ცხოვრება უნდა შეისწავლო, უნდა იცოდე, რა პერიოდში სად არიან, ვინაიდან ჯიხვები სეზონურად იცვლიან ბინას. ძირითადად ლაგოდეხის ნაკრძალში ვიღებ. ცხოველების 90% იქ ბინადრობს, ბუნებაც და რელიეფიც გამორჩეულია.

- შენი საქმიანობა ფათერაკიანი კია.

- რისკიანი საქმეა, მაგრამ ეს ჩემი აზარტული, ხიფათიანი ცხოვრებაა. მთაში ხომ როდის აირევა ბუნება, არ იცი. ყველაზე დიდხანს ჯიხვებისთვის მიდევნებია თვალი, კვირაზე მეტიც. ეს ძალიან აზარტულია. ხშირად დავდივარ უდაბნოში, უსაფრთხოების ზომებს ვიცავ, თუმცა, რაღაც თუ მომივა, დიდად არც მაღელვებს. ადამიანი ერთ დღეს მაინც გარდაიცვლება. ბებერი და დავრდომილი ველოდო სიკვდილს? მე ყოველდღიურობით ვცხოვრობ. არც იმაზე ვნაღვლობ, შინ ტელევიზორი მექნება თუ არა. მთავარია, სადაც მივდივარ, იქ მოვიწყო კომფორტი.

შარშან დაღესტნის საზღვართან მომიწია გათენებამ. ღამით დიდი თოვლი მოვიდა, მძინარეს დამათოვა და ლამის ჩამმარხა. გაყინულმა ვაი-ვაგლახით ჩამოვაღწიე ბარში. მე კი გამიმართლა, პირველი თოვლი იყო, მეორე თოვლმა მოუსწრო 4 მონადირეს და მათ კვალს ვეღარც მიაგნეს.
ტბების გადასაღებად ვიყავი. გავყევი, გავყევი და ლამაზი კადრის ძებნაში დაღესტნის ტერიტორიაზე გადავსულვარ. უცებ დავინახე რუსი მესაზღვრეები. უკანმოუხედავად გამოვიქეცი. რომ დამწეოდნენ, მაგარ შარში გავეხვეოდი.

- ბერად აღკვეცაც გაქვს გადაღებული.

- მარტყოფის მამათა მონასტერში ჩემი სამი მეგობარი აღიკვეცა ბერად, მომცეს კურთხევა და ეს რიტუალი აღვბეჭდე. საოცარი განცდა იყო, ეს მარტო კარგი კადრი არაა, ადამიანი გადადის სულიერ სამყაროში და ეს გარდასახვის პროცესი ძალზე ემოციურია, შენშიც რაღაც ხდება.
ადამიანებს იშვიათად ვიღებ, მაგრამ ძალიან მინდა, გადასაღებად ავღანეთში წავ­იდე.

- ფოტოაპარატის გარდა, რა არის შენთვის აუცილებელი თანამგზავრი-ატრიბუტი?

- მთავარია კარგი აპარატი, სპეციალური სამოსი, რომელიც ძვირი ჯდება, საძილე ტომარა, საწვიმარი, ფარანი, კარავი და საგზალი.

- მტაცებლები თუ გადაგიღია?

- მტაცებლების გადაღება ასე ადვილი არ არის. მათ იღებენ შორიდან ან ფოტოხაფანგიდან. მტაცებლებს კარგად განვითარებული ყნოსვა აქვთ და შეიძლება დაფრთხნენ. გალიაში თუ ჩავჯექი და ისე გადავიღე, ეს აზარტული არ არის.

- მონასტერში რატომ წახვედი?

- მინდოდა ეს სამყარო უფრო ღრმად დამენახა. აგვისტოს ომი ახალი დამთავრებული იყო და ტახტისძირში, პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერში 40 დღე დავყავი. იქიდან დაიწყო ჩემი სამონასტრო ცხოვრება. მუდმივად ჩემს თავს ვეძებ. ასე გავიზარდე - მარტოობაში... სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, გლეხკაცის შრომა რომ ფასდებოდეს, ამაშიც გამოვცდიდი თავს...

ნანა ფიცხელაური

რედაქტორის რჩევით