ძეგლთა ღაღადი - კვირის პალიტრა

ძეგლთა ღაღადი

არის თუ არა დაცული ძეგლები საქართველოში და რა ელის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უცხო მიწაზე, ამ საკითხებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გვესაუბრა.

მოხეს თავსატეხი

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ასამდე ისლამური ძეგლია. მათ შორის არის XVIII-XIX საუკუნის დასაწყისის მავზოლეუმები ქვემო ქართლში - აზერბაიჯანული მემკვიდრეობა, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთში საინტერესოდ მოხატული მეჩეთები ზიკილიასა და ოთაში, აჭარაში ლაზების მიერ აგებული ჯამეები, რომელთა უმრავლესობა ხელოვნების ნიმუშია. იგეგმება ჭიკაძეების ჯამეს და ზიკილიას მეჩეთის რეაბილიტაცია.

მოხეს პრობლემის არსი ამგვარია: მუსლიმები ამბობენ, ამ ადგილზე იყო მუსლიმური მეჩეთის ნაშთიო, ქრისტიანები კი აცხადებენ, მეჩეთი ნაეკლესიარზე აიგო ეკლესიის ქვებითო. მხოლოდ ქვების იდენტიფიცირებით ვერ ხერხდება იმის დადგენა, ოდესღაც აქ რომელი რელიგიის საკულტო ნაგებობა იდგა.

პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. რელიგიის საქმეთა სამმართველოსთან ერთად კომისიის სხდომებს ვესწრებოდი. ბოლოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რადგან მუსლიმებს არ ჰქონდათ სალოცავი ადგილი, სახელმწიფომ მიმდებარედ მიწა შეისყიდა, სადაც აშენდება მეჩეთი, ხოლო თავად ნანგრევს მიენიჭა სადავო ნაგებობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც იმას ნიშNნავს, რომ მომავალში მაინც მოხდეს ქვების იდენტიფიცირება, მანამდე კი სადავო ადგილზე გაიხსნას რელიგიის ან ტოლერანტობის მუზეუმი, სადაც კარგად იქნება წარმოჩენილი საქართველოში ტოლერანტობის თემები.

კუმურდო

კუმურდოს ტაძარი 964 წელს არის აშენებული აფხაზთა მეფის, ლეონის დროს, არქიტექტორ საკოცარის მიერ. ამ არქიტექტორის სხვა ძეგლები სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი არ არის. კუმურდოს ტაძარი ამჟამად უგუმბათოდაა დარჩენილი. კუმურდოში ძირითადად სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს და გარკვეული ჯგუფები კუმურდოს ტაძრის მონახულების მსურველთ აგრესიულად ხვდებოდნენ - აქ რა გინდათო.

ვმსჯელობდით, როგორ გადაგვერჩინა ტაძარი და გადავწყვიტეთ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის რესტავრაცია დაგვეწყო. რა თქმა უნდა, გარკვეულ პირთა ჯგუფების პროვოკაციები მრავლად იყო. სცადეს, კუმურდოს ტაძრის ეზოში დაედგათ მონოფიზიტური ძეგლებისთვის დამახასიათებელი ქვაჯვარი. მოსახლეობას ავუხსენით, რომ ეს გამორიცხული იყო.

ამჟამად უნდა დასრულდეს ტაძრის რეაბილიტაცია, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობაც, არქეოლოგიური გათხრების დროს ეზოში აღმოჩნდა ტყვიანასროლი თავის ქალები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბჭოთა პერიოდის დასაწყისში დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნოდათ. სარესტავრაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტაძრის გარეთ შეირჩევა ადგილი, სადაც მოხდება მათი გადასვენება და გაკეთდება შესაბამისი ინფორმაცია.

მუცო

წელს მთავრდება მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ის სრულად იქნება აღდგენილი ისტორიული, ავთენტური ტექნოლოგიით. მუცო გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად. მისი დირექტორი გახდა ნუგზარ დაიაური. ამის წყალობით, მისი ნათესავების სამმა ოჯახმა უკვე მეორედ გამოიზამთრა მუცოში. სააგენტოს თხოვნით, ენერგეტიკის სამინისტრომ ააშენა ჰიდროელექტროსადგური, მუცოს დღეს აქვს ავტონომიური ელექტრომომარაგება და სატელეფონო კავშირი.

კომუნისტების დროს შატილის კოშკების აღდგენაში არასწორი ჩარევა მოხდა, რის გამოც ზოგიერთი კოშკი არამდგრადი გახდა. კედლის ჩამონგრევის მიზეზი გახდა მეზობელი კოშკის საწვეთური, რომელიც კოშკის საძირკველში ჩადიოდა. ეს, რეალურად ადგილობრივთა უყურადღებობის და დაუდევრობის ბრალია.

ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტომ სწრაფად შეძლო ფინანსების მობილიზაცია. მუშავდება პროექტი, რათა გამოცხადდეს ტენდერი კოშკის აღდგენაზე. აღდგენა მოხდება ავთენტური მასალით. თუ ეს სასწრაფოდ არ გაკეთდა, შეიძლება მივიღოთ დომინოს პრინციპი და გვერდზე მდგომი კოშკებიც ჩაინგრეს.

ოშკი

2007 წელს დაიწყო მოლაპარაკება თურქეთთან, რათა ზიარპრინციპით მომხდარიყო კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია. ჩვენ წარვადგინეთ ოშკი, იშხანი და ხანძთა (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე), ხოლო მათი მხრიდან - აჰმედიეს მეჩეთი (რაბათი) და აზიზიეს მეჩეთი, რაც შემდგომში მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი გახდა. შეთანხმებაზე ხელისმოწერას აღარაფერი უკლდა, როცა 2008 წელს ქართულმა მხარემ მოლაპარაკება შეაჩერა. მიზეზი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა იყო. მოგვიანებით, 2010-2011 წლებში შევეცადეთ საქმის მოგვარებას, მაგრამ პროცესი წინ ვერ წავიდა.

2013 წელს თურქეთმა იშხანის რეაბილიტაცია დაიწყო. მუშაობის პერიოდში იყო რიგი დარღვევებისა. სააგენტოს წინა ხელმძღვანელმა მერაბ ბოჭოიძემ მოახერხა, ორჯერ ჩასულიყო ჯგუფი თურქეთში, რათა სამუდამოდ არ გაგვქცეოდა რეაბილიტაციის პროცესის მართვის სადავეები. სამწუხაროდ, რაღაცების გამოსწორება ვერ მოხერხდა, დღემდე გვაქვს კითხვები. 2014 წელს, როდესაც მე დავინიშნე სააგენტოს ხელმძღვანელად, კვლავ ვცადეთ მოლაპარაკების პროცესის გაღვივება, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა თავის კოლეგას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ახალმშენებლობას კულტურულ მემკვიდრეობასთან კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი ჩვენს კომპეტენციაში არ შედიოდა. ამ ტიპის განცხადებები მერეც არაერთხელ გავაკეთეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ახლა 2017 წლის მაისში დადებული ხელშეკრულებით აზიზიესთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე საუბარი არ არის.

ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში ვიქნებით ჩართული, ხოლო თურქული მხარე - საქართველოს ტერიტორიაზე მათი ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებში. ჩვენ შევთავაზეთ თურქულ მხარეს, ბაგრატის ძალოვანი ხარაჩოს გადატანა თურქეთში (ბაგრატის პარამეტრები ემთხვევა ოშკის პარამეტრებს). ამისთვის ხარაჩო ქუთაისიდან ახალციხეშიც კი ჩავიტანეთ. ხარაჩო შეაკავებდა ოშკის გუმბათის ჩამოქცევას და კედლის გადახრას. მაშინ ეს არ გაკეთდა. მოგვიანებით, თურქულმა მხარემ ითხოვა ხარაჩოს პროექტი. ჩვენ გავუგზავნეთ, ხოლო ჩვენს ხარაჩოს აწყურის რეაბილიტაციისთვის გამოვიყენებთ.

რა ღირს კულტურული მემკვიდრეობა

მთავარი, რასაც კულტურული მემკვიდრეობა აწყდება და ეს განსაკუთრებით ურბანულ ძეგლებზე აისახება, არის კულტურული მემკვიდრეობის აუდიტის ცნება. დღეს თბილისში 2000-მდე ურბანული ძეგლია და მათ, ისევე როგორც გვერდზე მდგომ შენობას, ერთი ფასი აქვს; თუმცა, მსოფლიო პრაქტიკით, ძეგლს, მიუხედავად მდგომარეობისა და ადგილმდებარეობისა, მეტი ფასი უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრენი მას უფრო გაუფრთხილდებიან. კარგი იქნება, თუ ძეგლების მესაკუთრეებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ თუნდაც კომუნალურ გადასახადებზე, რაც ბევრს გაუჩენს მოტივაციას, ყურადღებით მოეკიდოს მათ. ვფიქრობ, უპასუხისმგებლოდ ხდებოდა შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება, თუმცა ის ერთგვარი პრევენცია იყო, რომ დღეს ქალაქის ცენტრში გლდანის მასივი არ გვაქვს. როდესაც იქნება თბილისის გენგეგმა და სწორად იქნება გათვლილი ქალაქი ცენტრის განაშენიანება, ურბანული ძეგლების სტატუსის პრობლემაც გადაიჭრება. გვაქვს იდეა - თუ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ადვილად გამოსასწორებელია, გამოცხადდეს ამნისტია - კონკრეტულ თარიღამდე ჩატარებული ეპატიოთ. ეს უნდა იყო მოტივი, რომ ამის შემდგომ ყველა უნებართვო სამუშაო დაისჯება უმკაცრესად. ამ წინადადებებზე ვმუშაობთ საპატრიარქოსთან ერთად და უახლოეს ხანში წარვუდგენთ პატრიარქს და საქართველოს მთავრობას.