"მოქალაქე უნდა ვაიძულოთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს უპირატესობა"
24-07-2017
"მოქალაქე უნდა ვაიძულოთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს უპირატესობა"
"თუ ცოტა არ ვიოცნებეთ და დიდ გეგმებზე არ ვიფიქრეთ, შედეგს ვერ მივიღებთ"

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები დაიწყო­ - პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა საკრებულოში, სადაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს. გენგეგმა 10-12 წელზეა გათვლილი.­ რას ითვალისწინებს ცვლილებები და რა იქნება დედაქალაქის განვითარებისთვის პრიორიტეტული, გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი, მერაბ ბოლქვაძე საუბრობს:

- გენგეგმაში რამდენიმე პრიორიტეტი­ გამოიკვეთა - ერთ-ერთი ქალაქის განაშენიანების კომპაქტურობა და რეკრეაციული განაშენიანების
ხელშეწყობაა.
კომპაქტურობა საცხოვრებელი შენობების დამატებით აშენებას არ გულისხმობს, ლაპარაკია ე.წ. ბრაუნფიდებზე, ანუ იმ აუთვისებელ და თავისუფალ ტერიტორიებზე, სადაც ადრე საწარმოები იყო და დღეს მშენებლობისთვის რესურსი არსებობს. რაც შეეხება გამწვანებAას, რთული ვითარება გვაქვს ევროპაში ხუთ კაცზე­ 18-20 კვმ სიმწვანეა განსაზღვრული, თბილისში კი მხოლოდ 5 კვმ-ია. ამიტომ
ქალაქის ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შევთავაზეთ, მათ შორის, თემქის დასახლებაში, დიღმის ჭალებსა და კიდევ რამდენიმე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების შენარჩუნება და პარკის ფუნქციით დატვირთვა. თემქაზე 16 ჰექტარია თავისუფალი. ამ დრომდე კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს. მისი მწვანე პარკად მოწყობა მერიას მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დიღმის ჭალებს,­ რათა ვიღაცამ ტერიტორიის მითვისება და მშენებლობის ნებართვა არ აიღოს - ეს ტერიტორია სარეკრეაციო სივრცედ უნდა გამოცხადდეს და პარკი გაშენდეს.

აუცილებელია მდინარეების გახსნაც - დედაქალაქში დაახლოებით 56 დახურული მდინარეა, რომლებიც მტკვარს უერთდება.
დღეს გლდანულას ხევში მშენებლობები მიმდინარეობს, რაც სამარცხვინოა. მდინარეები მაქსიმალურად უნდა გათავისუფლდეს და ხეობებში სიმწვანეები მოეწყოს. კარგად ვხედავთ, რაც ხდება კეკელიძის ქუჩასა და ვარაზისხევში - ფაქტობრივად, მთელი ხეობა მშენებლობებითაა დატვირთული, რაც დედაქალაქში ჰაერის ნაკადების შემოსვლას ზღუდავს. მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა უნდა გახდეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაც.

- როგორც ცნობილია, თქვენი რეკომენდა­ციის პარალელურად, მერიამ კომპანია PWC-ს­ დაუკვეთა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე კონცეპტუალური განაშენიანების გეგმა, რომელიც სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობას მოიცავს. გამოდის, გენგეგმაში რეკომენდაციაა გაწერილი, რეალურად კი იმავე ტერიტორიაზე სხვა ტიპის მშენებლობა იგეგმება.

- დიახ, ეს ინფორმაცია ჩვენც გვაქვს, მას გავეცანით კიდეც და გარკვეული რეკომენდაციებიც გვაქვს. იმედია, ჩვენს მოსაზრებებს ინვესტორები გაითვალისწინებენ. სავაჭრო დანიშნულების მშენებლობასთან ერთად, აუცილებელია ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ზოგადი ტიპის დოკუმენტია, რომლის კორექტირების შესაძლებლობაც დედაქალაქის ხელმძღვანელობას აქვს. PWC-ს მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ, მათ ერთგვარი საშინაო­ დავალებები წარვუდგინოთ. არ გამოვრიცხავ, მოსაზრებებს შორის ბევრ საკითხზე თანხვედრა არ გვქონდეს.

- გენგეგმაში მცირე მონაკვ­ე­თი­ დაეთმო ინდივიდუალური ტრანსპორტის განტვირთვის საკი­თხს, არადა, მთავარ პრობლემას სწორედ საცობები წარმოადგენს. რატომ არ შემუშავდა თუნდაც ესტაკა­დების პროექტი?

- ესტაკადები რომ არ ამართლებს, ამაზე თუნდაც გმირთა მოედნის ტერიტორიაზე არსებული ვითარება მოწმობს - სამი პოლიციელი დგას, მაგრამ მოძრაობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადატვირთულია. ამიტომ პრიორიტეტად დავისახეთ, საჯარო ტრანსპორტს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ის მოქალაქეებისთვის მიმზიდველი გახდეს. გენგეგმაში ნათქვამია, რომ დედაქალაქში უნდა გადაადგილდებოდეს ჩქარი ავტობუსები, იყოს სუფთა და მგზავრობისთვის კომფორტული. ამ პირობების უზრუნველყოფა მოქალაქეებს თავად მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ინდივიდუალურიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ.

- და თუ ვინმე ინდივიდუალურ ტრანსპორტს ამჯობინებს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ უნდა განვითარდეს? მით უმეტეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გრძელვადიანი პროექტია.

- საჯარო ტრანსპორტის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. იმისთვის, რომ ქალაქმა ამოისუნთქოს, მოქალაქე უნდა ვაიძულოთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს უპირატესობა. პირველ რიგში, გენგეგმით გათვალისწინებულია კორიდორების დადგენა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ლაპარაკია სწრაფ ავტობუსებზე, ტრამვაის აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კორიდორების საშუალებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ ექნება შეხება საცობებთან, მათ ტერიტორიაზე სხვა ტრანსპორტი არ უნდა გადაადგილდებოდეს. ამასთან, შუქნიშანზე გავლისას მას ექნება უპირატესობა.
როგორც ვიცი, მერია უკვე მუშაობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომპიუტერების დამონტაჟებაზე, რომელიც მძღოლს ინფორმაციას მიაწვდის საცობებზე და შესაბამისი მარშრუტის რეკომენდაციასაც მიიღებს. როდესაც მოქალაქეები დარწმუნდებიან, რომ საჯარო ტრანსპორტი­ დაუბრკოლებლად მოძრაობს, ინდივიდუალური ტრანსპორტის რიცხვი შემცირდება.

- როგორც ვიცი, 6 მილიონზე მეტ კვმ ფართობზე (იგულისხმება მიწისა და შენობის ფართობი) მშენებლობის ნებართვაა გაცემული. ეს ის მშენებლობებია, რომელთა ნაწილი მიმდინარეობს ან მომავალში იგეგმება. თუ ამ მოცულობის ფართობი იქნება­ ათვისებული, რამდენად შესაბამისი იქნება ის გენგეგმასთან, თუ ტერიტორიის ათვისების შემდეგ ახალი გენგეგმა­ უნდა შემუშავდეს?

- დიახ, ქალაქმა ამ მასშტაბურ ფართობზე მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა, თუმცა, სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით შევიმუშავეთ პოლიცენტრული განვითარება. ჩვენი კონცეფციით, ქალაქის ცენტრს უნდა დაემატოს ახალი სუბცენტრები დიდი დიღმისა და სამხედრო გზის გადაკვეთაზე, ასევე, სამგორის მეტროს მიმდებარედ, გლდანი-მუხიანი-თემქის გადაკვეთაზე, საბურთალოს სიღრმესა და ახლანდელი ისტ-პოინტის არეალში. ეს ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორიები ადგილობრივებისთვის ახალ ცენტრებად ჩამოყალიბდება, განვითარდება მომსახურების ყველა სფერო - სხვადასხვა ობიექტი, სავაჭრო ცენტრები... მოსახლეობა ქალაქის ცენტრს ტრანსპორტით არ გადატვირთავს და ინტენსივობა ადგილზევე გაიზრდება.
ახალი ტერიტორიების ათვისებას მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გარე განვითარებაზე­ ფიქრი, რადგან კომპაქტურობის იდეა ნიშნავს, რომ ქალაქში არსებული რესურსი უნდა ავითვისოთ და არა გარე ტერიტორიები.

- თქვენ მერიას K2 კოეფიციენტების გაზრდაზე ნებართვის შეჩერება სთხოვეთ. მართალია, მერიამ რეკომენდაცია დააკმაყოფ­ილა, თუმცა, ირკვევა, რომ 5 ათას კვადრატულ მეტრზე ზემოთ ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.

- დიახ, ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაცია მშენებლობის კოეფიციენტთან დაკავშირებით ძალაშია. რაც შეეხება დიდ განაშენიანებებს, ამ შემთხვევაში ხდება არა ცალკეული ნაკვეთის ათვისება, არამედ დიდ ტერიტორიაზე ისეთი საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე მშენებლობების გათვალისწინებაც, როგორიცაა საბავშვო ბაღი და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები. დიდ ტერიტორიაზე განაშენიანებისას ეს ყველაფერი მოწესრიგებულად კეთდება, ამიტომ ბევრად ნაკლები საფრთხეა, ვიდრე მცირე ნაკვეთზე მშენებლობისას, როდესაც ინვესტორი ცდილობს მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს და მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს.

რეკრეაციულ ზონებში მშენებლობები შეიზღუდება და ზონის სახეობის მიხედვით საცხოვრებელი სახლების აშენება აიკრძალება. უკვე შევიტანეთ ცვლილება წესებში, რომ ინდივიდუალური მშენებლობები რეკრეაციულ ზონებში არ დავუშვათ.
დღეს ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ბუმია, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი, რაც დედაქალაქს დამატებით ტვირთავს. მომავალში მსგავსი პრეცედენტები არ დაიშვება. რამდენჯერმე მოვისმინე, რომ გენერალური გეგმა საფეხმავლო ხიდებისა და სხვადასხვა მასშტაბური პროექტების გამო უტოპიურია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა რეკომენდაციის შესრულება. დიახ, თუ ცოტა არ ვიოცნებეთ და დიდ გეგმებზე არ ვიფიქრეთ, შედეგს ვერ მივიღებთ.

- მასშტაბურ პროექტად უნდა ქცეულიყო ელიავას ბაზრობის რეკრეაციულ ზონად მოწყობა, თუმცა, დღეს უკვე საეჭვოა, თქვენი რეკომენდაცია მერიამ გაითვალისწინოს.

- ელიავას ბაზრობაზე მომუშავეები ჩვენს ყველა კომენტარს მტკი­ვნეულად აღიქვამენ, ამიტომ დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა გრძელდება.
მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი, თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ელიავას ტერიტორიაზე უამრავი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ინახება, ამიტომ კონსენსუსია მოსაძებნი, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით