"ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ. არ შეიძლება. იმ დროს უნდა გარდაიცვალო, რომ ადამიანებს დაენანო" - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ. არ შეიძლება. იმ დროს უნდა გარდაიცვალო, რომ ადამიანებს დაენანო"

"დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ბლიცინტერვიუ

(ვიდეო)

ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი:

პირველი როლი

- პირველი როლი იყო... სხვათა შორის, არჩილ გომიაშვილი წავიდა თეატრიდან და მე დამნიშნეს, "რაიკომის მდივანი" რეზო თაბუკაშვილის პიესა იყო და სერგო ზაქარიაძის ვაჟს ვასრულებდი. ბებიას როლს სესილია თაყაიშვილი თამაშობდა, დედას - თამარ ციციშვილი. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ანსამბლში რა დღეში ვიქნებოდი - დავიბენი. პირველ რეპეტიციაზე რომ გავედი და სერგო მოვიდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, გამამხნევა. ნეტავ ისეთი იყოს ჩემი ცხოვრება, როგორიც მაშინ იყო.

და დაიწყო ჩემი წამება. იმ დღეს სპექტაკლი მქონდა, მაგრამ შემხვდა ჩემი მეგობარი და ჩემს ნათესავთან წავედით, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მქონდა, ხათრი ვერ გავუტეხე და ორი ჭიქა დავლიე. ორ ჭიქას მოჰყვა კიდევ ორი, შემდგომ ოთხი და ა.შ. 8-ის 15 წუთი იყო, 8-ზე სპექტაკლი იწყებოდა. მივატოვე სუფრა და თეატრში მივედი, მაგრამ ვერ ვარ კარგად...

როგორც იქნა, დავამთავრე გრიმის გაკეთება, ჩავედი ქვევით და კულისებში დავდექი, ველოდები ზარის დარეკვას, რომ ბებია, სესილია გამოვიდეს. დარეკა ასისტენტმა ზარი, გაიღო ვითომ კარი და პირდაპირ დავეტაკე ბებიაჩემს. უი, შენ მოუკვდი შენს პატრონსო, აყვირდა სესილია. თურმე ღვინისა და მწვადის სუნად ვყარვარ.

როცა მაქებენ

- სად გადავხტე, არ ვიცი. არ მიყვარს გადაღებები. მახსოვს, იალტაში ფილმის გადაღებისას სადღაც გამოქვაბულში ტურისტები დამადგნენ თავზე, აი, ეს მსახიობიაო და იმ წუთში რიგი დადგა ინტერვიუზე. ბოლოს რეჟისორმა იყვირა, ხალხი გაიყვანეთ აქედანო, და ცოტა გავთავისუფლდი.

ძალიან მიჭირს გახსენება ყველაფრის და ხანდახან ზოგი დეტალი მავიწყდება.

ვაპატიებ, როცა

- რა უნდა მაწყენინოს კაცმა ისეთი, რომ ხასიათი გამოვიცვალო? ჩემზე რაღაც თქვა? თქვას, რა ვქნა...

დრო ჩემთვის არის

- დრო მაცდური კი არა, მატყუარაა. დროს არ ვენდობი, რატომღაც ამ ბუნების ციკლს ძალიან ცუდად ვხვდები და ძალიან მინდა, სულ გაზაფხული იყოს.

მენატრება...

- არაფერი მენატრება. მენატრება მხოლოდ ჭაბუკობის პერიოდი, როდესაც მე და ჩემი მეგობრები სულ ვქეიფობდით. სკოლასა და ინსტიტუტშიც რომ ვსწავლობდით, მაშინაც. ერთხელ "დომსვიაზის" წინ, კიბეზე, ღამის 4 საათზე ჯემალ ანჯაფარიძემ და მე ექვსი არია ვიმღერეთ.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს

- ნურავინ იტყვის, შევცვლიდიო, თორემ იმ ადამიანს ვეღარ ვენდობი. გენეტიკა ისეთი რაღაცაა, რომ დაბადებიდან სცენარი დაწერილია უკვე. მე რომ თავიდან დავიბადო, ზუსტად იმავე ციკლს გავივლი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ადამიანი იბადება იმით, რითაც მერე გარდაიცვლება.

დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია.

გამორჩეული დაბადების დღე...

- 1957 წელი იყო, ფუნიკულიორზე დავპატიჟე ძმაკაცები, თამადა ჯემალ ანჯაფარიძე იყო. ვერანდაზე ვისხედით, იყო სიმღერები, მოკლედ, ერთი ამბავი და გავიხედე, მოვიდნენ გერმანელები. ჩემმა მეგობარმა რეზომ ინგლისური იცოდა და დაელაპარაკა. გერმანელებმა სიმღერა შეგვიქეს, ხოლო, როდესაც გაიგეს, რომ ჩემი შვილის დაბადებას აღვნიშნავდით, ძალიან გაუხარდათ. ძმაკაცებმა თქვეს, მოდი, ჰიტლერა დავარქვათ ნოდარის შვილსო, რაზეც გერმანელები დაიხოცნენ სიცილით.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა

- ჩემი შეცვლა ძალიან ძნელია. პატარა ვიყავი, თითქმის ორი წლის, რომ გარდავიცვალე, პირდაპირ. იმდენად ავად ვიყავი, ვენები დამიჭრეს და გახსნილი ვენებიდან შემიყვანეს სისხლი. საწყალი დედაჩემი კინაღამ გადახტა თურმე აივნიდან. მერე იყო ძალიან ბევრი დაავადება, მერე მამა დაიჭირეს, მერე ბიძები... მგალობლიშვილები გაგვანადგურეს კომუნისტებმა!

86 წლის იუბილე

- დროზე წამოვედი თეატრიდან. ყოველთვის ვამბობ, თუ აღარ ხარ საჭირო, დროზე უნდა გააღწიო. არ შეიძლება დაუსრულებელი სურვილით ცხოვრება, უნდა იცოდე, რომ დღეს ბოლო დღეა. დამთავრებულია. არ გინდა ეს წიწინი,"ვაიმე, კიდევ ერთი როლი. გაგიჟდი, კაცო?!

არ მინდა, ის 180 ლარიც მეყოფა.

ვნანობ...

- ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ. არ შეიძლება. იმ დროს უნდა გარდაიცვალო, რომ ადამიანებს დაენანო. როცა იქნება, იყოს, დავუძახებ, მოვდივარ, დამხვდი-მეთქი. ასეა...

იხილეთ ასევე: ნოდარ მგალობლიშვილი: "მე გაჩუმება ვამჯობინე!"