აჭარაში სეზონი გახურდა...
24-07-2017
აჭარაში სეზონი გახურდა...
თბილისიდან ბათუმში სწრაფი მატარებლით ზუსტად 5 საათში ჩავედით. ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ. ბაქანზე ფეხის ჩამოდგმისთანავე ტაქსისტები და ბინის გაქირავების მსურველები შემოგვეხვივნენ - ფასები ადგილის, მომსახურებისა და ზღვასთან სიახლოვის მიხედვით 20-დან 150 ლარამდეა. ფეშენებელურ სასტუმროებში დაბინავება ცხადია, ძვირია. სასტუმრომდე, სადაც ჩვენ უნდა დავბინავებულიყავით, სადგურიდან 4 კილომეტრი უნდა გაგვევლო. ტაქსის მძღოლმა კი 15 ლარი მოითხოვა. რომ გავაპროტესტე - აქ ასეთი ფასებია, თუ არ გაწყობს, მანქანიდან გადადიო, ისე შემომიბღვირა, ხმა ვეღარ ამოვიღე.

ბათუმში ბლომად
არის დამსვენებელი, ქუჩაში მოვაჭრე, ქუჩის მუსიკოსი და მოწყალების მთხოვნელი.
სანაპიროსკენ მივდივარ. "იყიდე რამე", - მომძახის ბანტიანი შლაპით თავმორთული ბებო, რომელიც თურმე ყოველდღე ქობულეთიდან დადის და დღეში 20-30 ლარი რჩება.

ზღვის ნაპირზე ნემსი არ ჩავარდება. ისმის დამსვენებელთა ჟივილ-ხივილი და - გამყიდველთა ყვირილი: "ფანტა", "კოკა-კოლა", "გარიაჩაია კუკურუზა"...
მიშიკო ამაყად მეუბნება, - 13 წლის ვარ, ბათუმში ხელვაჩაურიდან დედასა­ და ძმასთან ერთად ჩამოვედი, დღეში დაახლოებით 20 ტაროს ვყიდი. სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, ბუღალტერი გამოვიდე. ახლა ფულს დავაგროვებ და ბუცებს ვიყიდი, ფეხბურთი მიყვარსო...
გზად ფარდულში შევიარე, დახლზე ათასგვარი წვრილმანია გამოფენილი. -დამსვენებელი ბევრია და გვიხარია, - მეუბნება გამყიდველი, ჩვენ ხომ ძირითადად ვაჭრობითა და ბინების გაქირავებით გვაქვს შემოსავალი.

ბულვარში მოსეირნე დამსვენებლებსაც გამოველაპარაკე:

"ესტონეთიდან ჩამოვედით - მეუბნება ხნიერი მამაკაცი - აქ ბევრი რამ მომწონს, თუმცა, ზოგი რამ მიუღებელია. მანქანები უთავბოლოდ დაქრიან. კიდევ არ მომწონს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელგაწვდილი მათხოვრები რომ გაწუხებენ. ახლაც ბულვართან ქალი ზის სამ პატარასთან ერთად... ბოლოს ბათუმში 10 წლის წინ ვიყავი, მას შემდეგ ბევრი რამ შეცვლილა, საბედნიეროდ, უკეთესობისკენ".

"ბრესტიდან ჩამოვედი. პირველად ვარ საქართველოში - მიღიმის ქალბატონი - ჩემს მეგობარს ძალიან უყვარს საქართველო, მზე, ზღვა... აღტაცებით იხსენებს თბილისს. მივბაძეთ და ჩამოვედით. ქართველები ძალიან კეთილი ხალხი ხართ. მესამე დღეა აქ ვართ და ყველა ძველი ნაცნობივით გვექცევა. დღეს ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. გზად უამრავი ახალაშენებული სახლი დავინახეთ წარწერებით - "იყიდება". აქაურ კოლორიტულ არქიტექტურას ეს ახალი შენობები პეწს უკარგავს".

"ერთი კვირა ისე გაიპარა, ვერც ვიგრძენით. ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარით... ბელორუსიაში თქვენსავით თბილი ხალხი აღარ დარჩა - ცივილიზაციამ გული გაუცივა. ცუდია საკუთარი ხალხის კრიტიკა, მაგრამ ჩვენთან, მაგალითად, მანქანა რომ გაგიფუჭდეს და ავარიული ნათებით ხელაწეული დადგე გზის პირას, 3 საათი ისე გავა, არავინ შეანელებს სვლას. აქ კი ყველა მზად არის, დაგეხმაროს. ბაზარში ბავშვი მახლდა და სკამზე ჩამოჯდა დაღლილი. ცუდად ხომ არ არის, რითი დაგეხმაროთო, - მეკითხებოდნენ გამვლელები. თქვენგან მიღებული სითბო კარგა ხანს გაგვყვება."

"თბილისელი ვარ... მიყვარს ბათუმი. ყველაფერი მომწონს, აქაური ტაქსისტების გარდა. ძალიან მეძვირეები არიან. თუ უცხოელი ხარ, ან ქართველი, მაგრამ სხვა ქალაქიდან, ორმაგი ფასია შენთვის. მე რომ დამიფასეს ორმაგი, ვუთხარი, აქაური ვარ და შენ ხომ არ უბერავ-მეთქი, მაშინვე ყველაფერი დალაგდა. შეეცადეთ, ილაპარაკოთ აჭარულ კილოზე და ყველაფერი თავის ფასად იქნება. მე მსახიობი ვარ და კარგად გამომდის", - მეუბნება ახალგაზრდა კაცი."
"ერევნიდან ვართ. მეხუთე წელია, ყოველწლიურად ჩამოვდივართ. ბინას ქობულეთში ვქირაობთ. გვიყვარს ბათუმის ბულვარში სეირნობა. მოგვწონს ეს ქალაქი, სტუმართმოყვარეა, ყველაფერი ლამაზი და სუფთაა, ოღონდ ბათუმში, ქობულეთში ასე არ არის", - ამბობს სომეხი სტუმარი.

"ურალიდან შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩამოვედი. საოცარი ხალხი ხართ ქართველები. არაჩვეულებრივი მასპინძლები, ფოლკლორი, გარეგნობა, გულუხვობა, მოღიმარი სახეები... შვილიშვილს რომ გამოვასეირნებ, ყველა ეფერება. ჩვენთან ყველა თავისთვის ცხოვრობს", - სინანულით აქნევს თავს ხნიერი ქალბატონი.

"უკრაინიდან ვარ. ამ ქალაქში დავმკვიდრდი - ქართველს გავყევი ცოლად. განა შეიძლება აქაურები და აქაურობა არ მოგეწონოს?" - მიღიმის ყმაწვილი ქალი."
დაღამდა და ხალხმა ბულვარიდან კაფე-ბარებში გადაინაცვლა... ღამის ცხოვრება დაიწყო. თუმცა, ღამის ცხოვრება აჭარაში სულ სხვა სტატიის თემაა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით