"სულ ვფიქრობ, რატომ მოხდა, რომ ბავშვობის მსგავსად, სიბერესაც თავშესაფარში ვატარებ"
24-07-2017
"სულ ვფიქრობ, რატომ მოხდა, რომ ბავშვობის მსგავსად, სიბერესაც თავშესაფარში ვატარებ"
"მძიმე სანახავი იყო დედასთან დაშორება, ტიროდა, შვილო, ნუ დამივიწყებ, მე სიგლახისთვის არ დამიტოვებიხარ, ახლა არაფერი მაქვს და მაშინ რა მექნებოდაო"

80 წლის გულსუნდა ახობაძეს თემქის მოხუცთა პანსიონატში შევხვდი. 6 წელია ამ სახლის ბინადარია. ჯანდაცვის სამინისტრომ პანსიონატის მოხუცებს სიურპრიზი მოუწყო და გულსუნდაც მეორე დღეს ურეკში დასასვენებლად მიდიოდა. "სალონში ჩაწერილი ვარ, თმა უნდა შევიღებო, ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, მიყვარს გაპრანჭვა", - მითხრა ღიმილით მოხუცმა. ურთულესი ცხოვრების გზა გაიარა, დედამ ბავშვთა სახლში დატოვა,
სულ ენატრებოდა ოჯახი, ამჯერად კი ერთადერთი ქალიშვილი და შვილიშვილები ენატრება, ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

- გულსუნდა ვინ შეგარქვათ?

- ჩემმა გამზრდელმა. ოქროსთმიანი, ხუჭუჭა, ცისფერთვალება გოგონა რომ აჩვენეს ბავშვთა სახლში, უთქვამს, ისეთი ბავშვია, როგორიც გულს უნდაო. ასე გავხდი გულსუნდა ახობაძე. ცაგერის რაიონში დავიბადე, 5 დედმამიშვილი ვიყავით, ძალიან
ღარიბები, მამა ომიდან დაჭრილი ჩამოვიდა და გარდაიცვალა. მამის დაკრძალვის შემდეგ მამიდამ დედაჩემს უთხრა, დაგეხოცება შიმშილით ეს ბავშვები და უდედმამო ბავშვთა სახლში წაიყვანეო. დედამ ქუთაისში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა (მე 4 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 6 თვის). დირექტორმა უარი თქვა მიღებაზე, მშობლებიანებს არ ვიღებთო. უკვე საღამოვდებოდა და დედამ თავშესაფრის შესასვლელთან დაგვტოვა ორივე. ექთანმა შეგვიყვანა შიგნით, შევეცოდეთ და ძალაუნებურად მიგვიღეს. ძმის საწოლს არ ვშორდებოდი, ამდენ უცხო ადამიანში ის იყო ყველაზე ახლობელი. თავშესაფარშიც შიმშილობა იყო და ჩემი ძმა გამოსაკვებად მეზობლად მცხოვრებმა ქალმა წაიყვანა. ვიცოდი მისი სახლი, გავიპარებოდი და ფანჯარასთან მდგარ ძმას ვეძახდი. მერე არ ვიცი, რა მოხდა, დედას პოლიციამ ჩემი ძმა უკან მიუყვანა.

- თქვენ რა ასაკში გიშვილეს?

- 6 წლის ვიყავი, ჩემმა გამზრდელმა სამტრედიაში რომ წამიყვანა. დედობილი დასავლეთ საქართველოს რევიზორ-ბუღალტერი იყო, ძალიან ცივი ქალი, მისგან, შვილოო, არასდროს გამიგონია. 14 წლისა ძალიან ცუდად გავხდი, შეეშინდა და თქვა, ღმერთო, ოღონდ ახლა გადამირჩინე, მოვძებნი მის ოჯახს და ბავშვს ვანახებო. იცოდა, ძალიან რომ განვიცდიდი მათ უნახაობას. დედა ჩემს ძმებს გაჭირვებით ზრდიდა, ჩემი უფროსი და კახეთში ჰყავდა გაშვილებული, ფაქტობრივად, მომვლელად.

- წაგიყვანათ გამზრდელმა თქვენს სახლში?

- წამიყვანა. ჩემი პატარა ძმა, რომელსაც სულ ვეძებდი, ეზოში თამაშობდა. არ ვახსოვდი, დედა ყანაში იყო. რომ დამინახა, ატირდა, შვილო, ცოცხალი ხარო და გულში მიკრავდა. დამტოვა იქ გამზრდელმა. ყველამ უთხრა, არ გეშინია, რომ დარჩესო, თუ ჩემს ამაგს წყალში ჩაყრის, დარჩესო. მართლაც დიდხანს ვერ დავრჩი, რაც იქ ვიყავი, პური არ მიჭამია. რომ გაიგებდა დედა, სადღაც ძროხა დაკლეს, საქონლის ნაწლავები მოჰქონდა, იმას რეცხავდა და გვაჭმევდა.
მძიმე სანახავი იყო ჩვენი დაშორება, ტიროდა, შვილო, ნუ დამივიწყებ, მე სიგლახისთვის არ დამიტოვებიხარ, ახლა არაფერი მაქვს და მაშინ რა მექნებოდაო. ჩემმა გამზრდელმა უთხრა, გზის ფულს გამოგიგზავნი და მოინახულე შენი შვილიო. სულ ორჯერ მოვიდა, გამზრდელი ფულს უგზავნიდა, მაგრამ იმ ფულით საჭმელს ყიდულობდა.

- რა ასაკში გათხოვდით?

- 16 წლის ვიყავი, ჩემმა ქმარმა რომ მომიტაცა, ზუგდიდელი იყო, კარგი ადამიანი, ავარიით დაიღუპა, 23 წლის დავქვრივდი და 7 წლის ქალიშვილი დამრჩა. ძალიან კარგი გოგო მყავს, საზღვარგარეთ არის ახლა. პედაგოგიური დავამთავრე, სულ ვმუშაობდი და ჩემი გამზრდელი მეხმარებოდა შვილის გაზრდაში.

- და-ძმებთან ურთიერთობა გააგრძელეთ?

- ძმისშვილები თბილისში მოვაწყვე, ხელოსნები იყვნენ. ერთხელ მანქანას აკეთებდნენ და ერთ-ერთი მილიციის თანამშრომელს შეეპასუხა, დანა მოუქნია და დაიჭირეს ორივე. ფული დავხარჯე, ერთი გამოუშვეს, მეორეს ერთი წელი მიესაჯა. ციხიდან ჭლექით გამოვიდა, გადასდო ოჯახის სხვა წევრებს და ერთ კვირაში დაიხოცნენ. დედაჩემიც მე დავასაფლავე, სულ იმას ვტიროდი, ჩემს და-ძმებთან რატომ არ გამზარდე-მეთქი, დედის სითბო სულ მენატრებოდა.

- აქ როგორ აღმოჩნდით?

- სამტრედიაში პირველი რესტორანი მე გავხსენი 80-იან წლებში, გამიმართლა, მაგრამ მერე აფხაზეთის ამბები დაიწყო და რესტორნის დახურვა მომიხდა. სამტრედიაში სახლი მქონდა, ბებია-ბაბუის სოფელიც მქონდა, თბილისში ქალიშვილს ბინაც ვუყიდე. ერთი პერიოდი გერმანიაში ვიყავი, იქიდან რომ ჩამოვედი, ჩემმა ქალიშვილმა თბილისის ბინაც და სამტრედიის სახლიც გაყიდული დამახვედრა და დავრჩი ქუჩაში. ნაქირავებში ვცხოვრობდი ცოტა ხანს, მერე აქ აღმოვჩნდი. აქ რომ მომიყვანეს, ვიტირე, ახლა ძალიან კარგად ვარ, 6 წელია აქა ვარ, პანსიონატის დირექტორი დარეჯან თომაძე როგორც საკუთარ დედ-მამას, ისე გვექცევა. ცხოვრებასაც ვიხალისებ, ვუკრავ, ვცეკვავდი, პაატა ბურჭულაძესა და გიორგი უშიკიშვილთან ერთად ვიმღერე ერთ ლამაზ საღამოზე. ჩემს სოფელში აღდგომას ჩავდივარ, მირეკავენ, საჩუქრებს მჩუქნიან ახლობლები.

ყველაზე მეტად ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილები, მათი შვილები მენატრებიან. ინტერნეტით ვეკონტაქტები, მაგრამ თვალით ნახვა სხვაა. ჩემმა შვილიშვილმა ახლახან ფული გამომიგზავნა.
სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, სალონში დავდივარ. ახლა ურეკში მივდივართ მოხუცები დასასვენებლად.

- ყველაზე მეტად რას განიცდით?

- სულ ვფიქრობ, რატომ მოხდა, რომ სიბერესაც თავშესაფარში ვატარებ. ბავშვობაში დედის მონატრებას ვერ ვუძლებდი, სიბერეში შვილის მონატრება მკლავს.

თეა ხურცილავა
04 აგვისტო 2017 15:50
Shemecoda bedi unda kvelafers
La LL i
03 აგვისტო 2017 17:43
Arc shvili gauzrdia kargi araperi a saamako erti ubeduri qaloa arc drda arc shvili me totxmeti celi uvlidi Mama's kvelapers uari vtkvi ogond chemo invalidity da avadmkopi mamistvis araperi momeklo

რედაქტორის რჩევით