დააბრუნეთ მოედანზე რუსლანი! - კვირის პალიტრა

დააბრუნეთ მოედანზე რუსლანი!

თუკი ოდესმე მოწყალების გასაღებად შეჩერებულებს თვალდახუჭული მტვრიანი სახეები შემოგხვდებათ, ადვილად მიხვდებით, რომ ისინი ოცნებობენ. განსაკუთრებით კი ინვალიდი, უთავშესაფრო, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.

რუსლანის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, შემთხვევით ფოტოებს წავაწყდი. მისი ამბავიც, როგორც ყველა უპატრონო ბავშვის, სველი და მტვრიანი ასფალტიდან იწყება, მორიგი ხეტიალის დროს ნებსით თუ უნებლიეთ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ობიექტს იცავდნენ და დაუპატიჟებელ სტუმარს კეთილგანწყობით არ შეხვდნენ, გამაფრთხილებელი გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა - ფეხი დაკარგა. უბედური შემთხვევიდან მალევე თავშესაფარში აღმოჩნდა, სადაც ბავშვები მოედანზე ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ჰოდა, ბიჭმაც ოცნება დაიწყო, რომ ოდესმე "დინამოს" არენაზე მაინც დაედგა ფეხი.

იმხანად თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფეხბურთის კვირეული ჩატარდა, სადაც მოყვარულებს შორის მატჩები გაიმართა. მაშინ პირველად შედგა ფეხი სავსეტრიბუნებიან პროფესიულ საფეხბურთო მინიმოედანზე. თამაშის ბოლოს თვალცრემლიანი გულშემატკივარი დიდხანს უკრავდა ტაშს რუსლანსა და მის მეტოქეს...

კეთილი ადამიანები მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებაშიც დაეხმარნენ, თუმცა, დაწესებულება, სადაც ის ცხოვრობდა, მოულოდნელად დაიხურა, ბავშვები მინდობითი აღზრდის პროგრამით გადაანაწილეს და აი, აქ რუსლანის კვალიც იკარგება. იმედია, სამუდამოდ დაივიწყა ბნელი ქუჩების კოშმარი და სადარბაზოების ნესტი.

ფოტოზე ფეხბურთელის ფორმაში გამოწყობილს რომ დავხედე, გამახსენდა, რომ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისგან შემდგარი გუნდი წელს თბილისის ღია ლიგაზე პირველ ადგილზეა. ალბათ, გული დასწყდებოდა, თავად რომ ვერ მოხვდებოდა ნაკრებში, შეიძლება გუნდის შეხვედრებზეც იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებს მისვლას და შორიდან გულშემატკივრობს თანატოლებს.

პ.ს. დავყურებდი ფოტოს და ვფიქრობდი, რა იქნება, კეთილმა ადამიანებმა სანუკვარი სურვილი აუსრულონ და ფეხბურთის მოედანზე დააბრუნონ, რათა მასთან ერთად არ შეწყვიტონ ოცნება იმ ბავშვებმაც, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად სჯერათ ნატვრის ახდენის.

კახა მჭედლიშვილი