"რა იცის ბუკიკიომ, ქართველი კაცი რა წესითა და კანონით ცხოვრობს?"
24-07-2017
"რა იცის ბუკიკიომ, ქართველი კაცი რა წესითა და კანონით ცხოვრობს?"
"გივის გარეშე ერთი ხელით რომ დარჩე, ეგრეა. ორი ძმაკაცი ვიყავით, ის კი წავიდა. ყველა წავიდა, მე კი ცოცხალი ვარ"

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდმა რუსთაველის თეატრის დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს, რეჟისორ გოჩა კაპანაძის "მოხუც ჯამბაზებს" უმასპინძლა. რუსთაველელებმა მართლაც დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქეს მაყურებელს, თანაც ეს "ჯამბაზების" პირველი გასტროლი იყო საქართველოში. მეც საგანგებოდ, მის სანახავად ჩავედი ზუგდიდში. ბატონ კახი კავსაძეს შორ მანძილზე მანქანით მგზავრობა არ ჰყვარებია და ბატონ ჯემალ ღაღანიძესთან ერთად სპექტაკლამდე
ერთი დღით ადრე, მატარებლით ჩავიდა ზუგდიდში. სპექტაკლის ორგანიზატორმა, ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" ხელმძღვანელმა ხატია ჯანაშიამ დიდ არტისტებს ზუგდიდელ ახალგაზრდებთან ერთად სიურპრიზად რკინიგზის სადგურზევე ორიგინალური პერფორმანსი მოუწყო. 3-საათიანი სპექტაკლის შემდეგ ბატონ კახის დაღლა ეტყობოდა, თუმცა გასაოცრად მალე ჩვეული ენერგიითა და რიხით გვესაუბრა, თანაც - არაერთ მნიშვნელოვან თემაზე.

ვინ ვართ დღეს


"კულტურა არის ის სულიერი სარჩო, რომელიც ჩვენ - ქართველებს გვჭირდება. მახსოვს, ერთ დღეს, რუსთაველის თეატრში "კავკასიური ცარცის წრე" რომ ვითამაშეთ, მსახიობებმა ოთახებში გრიმი მოვიცილეთ, გამოვიცვალეთ და შინ დავაპირეთ წასვლა, ადგილობრივი რადიოთი გამოგვიცხადეს: არ დაიშალოთ, რადგან დღევანდელ სპექტაკლს ესწრებოდა ამერიკელი კონგრესმენი. მან ძალიან გვთხოვა, შემახვედრეთ იმ დასს, დღეს სცენაზე რომ იდგაო. ჩვენც ფოიეში დაველოდეთ. მოვიდა სადად ჩაცმული ამერიკელი კონგრესმენი: საქართველო შემოვიარე და ყველგან მესმოდა, ჩვენ "ეს" ვიყავით და ჩვენ "ეს" ვიქნებით; "ეს" გაგვაჩნდა რომელიღაც წელს და 20 წლის შემდეგ "ამას" ავაშენებთო - ყველაფერი უკავშირდებოდა წარსულსა და მომავალს, ოღონდ არავის უთქვამს, ვინ ხართ დღეს და რას წარმოადგენთ... ვნახე სპექტაკლი და მივხვდი, ვინც ხართ დღეს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ თეატრი განსაზღვრავს ერის სულიერ დონეს არა გუშინ ან ხვალ, არამედ - დღეს ვინ არის ქვეყანა, რითი სულდგმულობს ერი, რა აინტერესებს, ამას ამბობს თეატრიო!"

"იდიოტური" იუმორი


"კახი კავსაძის განუყრელმა მეგობარმა და პარტნიორმა ჯემალ ღაღანიძემ გაიხსენა: კახიმ, იცით, რა გააკეთა? ერთი სიტყვა არ იცის ინგლისურად და ამერიკაში ჯოყოლას მონოლოგი ინგლისურად წაიკითხა. ასეთი "ნაგლობა" გაგიგიათ? კახი კავსაძემაც დაგვიდასტურა. სპექტაკლ "სტუმარ-მასპინძლის" შემდეგ ვიღაც ამერიკელი ინგლისურად გამომელაპარაკა. ავუხსენი, ვერ გავიგე, რა მითხარით-მეთქი? ჩემს შვილს, ირაკლის დავუძახე დასახმარებლად. გაგიჟდა: მე მაგას ველაპარაკები, შენ ხომ არაო? - ვიცი, მაგრამ ამან ინგლისური არ იცისო, - განაგრძო ირაკლიმ. - როგორ, ახლა ეს კაცი სცენაზე არ თამაშობდაო? - კი, მაგრამ ინგლისური არ იცისო. სულ გადაირია: რას მეუბნები, ორი საათის განმავლობაში თამაშობდა ინგლისურად და როგორ არ იცისო? მერე სერიოზულად გაბრაზდა: მე არტისტი ვარ და იუმორიც კარგად მესმის, მაგრამ ასეთი იდიოტური იუმორი ჯერ არ მომისმენიაო! ჩვენი "სტუმარ-მასპინძლით" კი ნამდვილად აღფრთოვანდნენ ამერიკელები. განსაკუთრებით ეპიზოდზე - "დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა..." გაგიჟდნენ, რამხელა დიდსულოვნებააო".

ემიგრანტი


"ნიუ-იორკში ებრაელი რეჟისორი იღებდა ფილმს ებრაელ ემიგრანტებზე - მათ განცდებზე, დარდსა და წუხილზე. მეც მიმიწვია. იქ მუშაობისას ერთ რამეს ჩავწვდი: ემიგრანტი რა დალხენილადაც უნდა ცხოვრობდეს, მაინც "სხვაგან" არის, მისი სახლი მხოლოდ იქ არის, საიდანაც ოდესღაც წამოვიდა, ოღონდ... იმ "სხვაგან" ყოფნას გაძლებინებს ერთი რამ - მხოლოდ ცოლს შეუძლია გაგაძლებინოს ცხოვრება "სხვაგან!"

ორი დღე დავყავი ბატონ კახისთან და სულ ერთი და იგივე მეორდებოდა: ბატონი ჯემალი იწყებდა საუბარს, მოულოდნელად დასჭექდა მის გვერდით მჯდომი ბატონი კახი, შეახტუნებდა შეშინებულ ბატონ ჯემალს სკამზე და დაიწყებდა ამბის მოყოლას. ბატონი ჯემალი მშვიდად უსაყვედურებდა: ლაპარაკი რომ მოგინდება, ეგრე ნუ დაიყვირებ, გული მისკდებაო. - აღარ შემიძლია ამის აღზრდა-განათლებაო! - ერთი ტონით აამაღლებდა ხმას ბატონი კახი და განაგრძობდა: ბერიკაშვილი იყო და, მჭამდა, შენზე უფროსი ვარ და შენზე ჭკვიანიო. იქამდე "განაგლდა", ისიც კი მითხრა, შენზე ლამაზიც ვარო. გავგიჟდი: მალე, ალბათ, იმასაც იტყვი, შენზე მაღალიც ვარო! - დიახ, შენზე მაღალიც ვარ, აბა, რაო! - იხტიბარს არ გაიტეხდა ხოლმე!

- ბატონი გივის გარეშე როგორ გრძელდება ცხოვრება?

- ერთი ხელით რომ დარჩე, ეგრეა. ორი ძმაკაცი ვიყავით, ის კი წავიდა. ყველა წავიდა, მე კი ცოცხალი ვარ.

ბუკიკიოსა და სამეგრელოზე


"ხშირად მეკითხებიან: გვეშველება რამეო? მეც ვპასუხობ: ხვალ შევხვდები ბუკიკიოს (გულისხმობს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს. - ავტ.), გვექნება თათბირი, თქვენ კი ზეგ ან მაზეგ მობრძანდით და მოგახსენებთ, გვეშველება თუ არა-მეთქი. კაცო, ეს კანონები, რასაც იღებენ, ქართველი ადამიანის ცხოვრების წესიდან მოდის. რა იცის ბუკიკიომ, ქართველი კაცი რა წესითა და კანონით ცხოვრობს? არასამთავრობოები ამბობენ: ბუკიკიო რას იტყვისო! არც კი რცხვენიათ... საერთოდ, ვინ არიან ეგენი?!"

დიდი გულის ქვეყანა


სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. ჩემი ბავშვობის ამხანაგები იყვნენ ჯემალ მარშანია, გივი გაბელია, ჯემალ პაჭკორია, ოთარ ქვილითაია, რაულ ლოლუა... ყველანი ჩემზე ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. "ვორონცოვზე" ვცხოვრობდით, სტალინის ამბები რომ იყო, 1956 წლის 9 მარტს, სროლა რომ დაიწყეს, ყველანი დავწექით და მაინცდამაინც რაულს არ მოხვდა ტყვია?! დიდი უბედურება მოხდა მაშინ... ამას წინათ ფოტოებს დავხედე და... მხოლოდ მე დავრჩენილვარ ცოცხალი. რომ დავფიქრდი, უმეტესად მეგრელი ძმაკაცები მყოლია... ეტყობა, განსაკუთრებული ძმობა იცის ამ კუთხის ხალხმა...
გასაოცარი ქვეყანა გვაქვს. ამ პატარა საქართველოში როგორი მრავალფეროვნებაა! ამდენს სად და როგორ იტევს ეს ქვეყანა?! - იმიტომ იტევს, რომ დიდი გული აქვს, ჰოდა, ნუ გააბრაზებ, თორემ იმისთანას დაგმართებს, რომ, ჩემს მტერს! უსიყვარულოდ სიარულისთვის არ სცალია საქართველოს!

ირმა ხარშილაძე
dato
02 აგვისტო 2017 15:15
მხოლოდ ბუკიკიოს დაკრულზე ცეკვავს მშიერი და დაუძლურებული საქარტველო?! და კიდევ:- დუნიაზე მრავლად არიან არქიპოების მაამებელი ერისკაცები.
akaki
02 აგვისტო 2017 14:18
კარგი და დიდებული ნიჭის პატრონია ეს კაცი. ვისურვებდი უხუცესთა არცჰევა უნდა ხდებოდეს ჩჰვენს ქვეყანაში ხალხის საყიოველტაო სიყვარულის მიხედვით. ისე კი არა თავს რომ მოგვახვევენ ერთ ჯგუფის სიმპატიის მიერ შერჩეულ კანდიდატს. და ამხალხის აზრი გასათვალისწინებელუ უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის.მერი იქნებ იყოს რამე
ლია
02 აგვისტო 2017 12:40
დავით - იდიოტი ხარ მეათე ხარისხში

რედაქტორის რჩევით