"გაფუჭებული ტელეფონი", ანუ რა გვეშველება ქართველებს?! - კვირის პალიტრა

"გაფუჭებული ტელეფონი", ანუ რა გვეშველება ქართველებს?!

საარაკო ამბავი მანგლისის განადგურებული ფიჭვნარისა, ხელისუფლების წარმომადგენლისა და მეტყევისა

"მთელი უბედურება ის არის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თავიანთ ფუნქციებში ვერ ერკვევიან. ჩამობრძანდით მანგლისში, დაიარეთ ფიჭვნარი, ვნახოთ რუკა და გეტყვით, ვის ეკუთვნის ესა თუ ის ტერიტორია"(?!)

მაცოცხლებელი ფიჭვნარი, ცივი წყაროები და უნიკალური ჰაერი: მართალია, ბუნებისგან ნაბოძები სიმდიდრე ჩვენში არავის უკვირს, თუმცა მათგან მანგლისი გამორჩეულია. აქ უძველესი ქართული ქრისტიანული ცენტრი (ოძისი) და ეკლესია-მონასტრები იყო, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, იმის მიუხედავად, რომ აქაურობა აღა მაჰმად ხანმა გაანადგურა. რუსეთის იმპერიამ კი მანგლისის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დაპყრობისთანავე გაიგო - აქ გარნიზონი ჩააყენა, საკურორტო ზონა შექმნა და იმპერიის ჯარისკაცების რეაბილიტაციას შეუდგა - დაბას ოფიციალურად კურორტის სტატუსი 1923 წელს მიანიჭა და აქაურობა ამიერკავკასიის სამხედრო ბაზის ცენტრად და მისი ოფიცრების ოჯახების კურორტად აქცია (სანატორიუმები 30 ჰექტარზე იყო გადაჭიმული). აქვე აშენდა ბავშვთა სანატორიუმებიც.

მანგლისის საკურორტო ღირებულებებს შეიძლებოდა ჩვენთვის სერიოზული შემოსავალიც მოეტანა, თუმცა... მანგლისის საკურორტო მნიშვნელობა სწორედ მაშინ დადგა საფრთხის წინაშე, როცა ქვეყანა რეალურად დავიბრუნეთ... ათეული წლებია, მანგლისში აღარ არის გამართული წყალმომარაგება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, სრულიად მოიშალა და გაუქმდა დედაქალაქის კურორტთან დამაკავშირებელი გზა წყნეთის გავლით. ახლა მანგლისი დამსვენებლების მისაღებად მზად არ არის. დაბაში სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი სიძველისაგან დაშლილია, საუკუნოვან ფიჭვნარს (ე.წ. როშა) კი განადგურება ემუქრება, რაც დაბის ძირითადი ღირებულებაა.

პირადად მე მანგლისში 2 წლის წინ გახლდით, ახლახან ჩასულმა კი დაბის შემოგარენის ნაწილი ლამის ვეღარ ვიცანი, ფიჭვნარი გაჩანაგებული დამხვდა, მოჭრილი ხეების კვალი კი საგულდაგულოდ იყო გადასწორებული.

გურამ გოგინაშვილი, მანგლისის მკვიდრი: - მანგლისი ძირითად შემოსავალს დამსვენებლისაგან იღებდა. ჩვენი უნიკალური ჰავა და წიწვოვანი ტყეები მკურნალია. წლების წინ საბჭოთა რესპუბლიკებიდან უამრავი დამსვენებელი გვყავდა... 8 წლის წინ წყნეთის გავლით, დედაქალაქთან დამაკავშირებელი გზა გაკეთდა და ამოვისუნთქეთ, მაგრამ სიხარული დიდხანს არ დაგვცალდა, 2 წლის წინ ამ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ჩაიკეტა, რამაც მძღოლები აიძულა, შემოვლითი გზით იარონ. ხარჯები გაიზარდა, მძღოლებს შემოსავალი შეუმცირდათ და ზოგიერთმა "მარშრუტკის" მძღოლმა უარი თქვა ხალხის გადაყვანაზე. ტაქსები კი მოძრაობს, მაგრამ უსისტემოდ.

მინგრეულ-მონგრეული ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული საცხოვრებლები, დამშრალი ონკანები, სადაც წყალი მხოლოდ დილით, 2 საათით მოედინება - ასეთია დღეს მანგლისი. ყველაზე უარესი კი გაჩეხილი და გასაჩეხად გამზადებული გამხმარი ფიჭვნარის ნახვა აღმოჩნდა.

ე.წ. პატარა როშის დიდი ნაწილი ფაქტობრივად მოშიშვლებულია, გადარჩენილ ხეებზე კი ყველგან პირუტყვი იყო მიბმული და არხეინად ძოვდა.

ლამარა არაბული, მანგლისის მკვიდრი: - მოგეხსენებათ, მანგლისში სახნავსათესი ადგილები არ გვაქვს, მიწა მწირია და მხოლოდ პირუტყვით თუ ირჩენ თავს. თუმცა, საკურორტო სეზონის იმედი მუდამ გვქონდა. ამით ვცხოვრობთ წლიდან წლამდე. მართალია, დამსვენებელს წესიერ პირობებს ვერ ვუქმნით, მაგრამ ვინც მანგლისის სამკურნალო ღირებულება იცის, ბავშვები მაინც ჩვენთან დაჰყავთ, განსაკუთრებით, გაზაფხულზე, როცა ფიჭვნარი აყვავდება და სასუნთქი გზებით დაავადებული ბავშვებისთვის ყვავილების მტვერი წამალია. თუმცა ბოლო ხანს დაბის გარშემო იმდენი ფიჭვი იჭრება, იმხელა ადგილები მოშიშვლდა, რომ ვშიშობთ, ამ ტყის განადგურებით ადგილობრივები კიდევ მეტად გავღატაკდებით, ხალხსა და ქვეყანასაც ბევრი დააკლდება.

არ ვიცი, ვის ევალება ამ ტყის გაფრთხილება, მაგრამ ვისაც ევალება, უმაქნისი და უსინდისოა, რადგან ამხელა ტყეს ჩეხს და მის ადგილზე არაფერს რგავს. ეს არაადამიანობაა! თავის დროზე ეს ტყე ვიღაცამ გააშენა, ქვეყანას დაუტოვა, ახლა კი ვანადგურებთ.

ამის შემხედვარე ვხვდები, რომ მარტო მანგლისს კი არა, ქვეყანას არ ჰყავს პატრონი.

- რატომ ჩეხენ ფიჭვებს, რა მიზეზით?

- ეგ ვინ იცის... ჩვენ გვეუბნებიან, იმიტომ ვჩეხთ, რომ ხეები ფუჭდება, ხან თოვლი ამტვრევს და ხან წვიმა ალპობს, რომ არ მოვჭრათ, ვინმეს დაეცემა და მოკლავსო. მანგლისში ვინც არის ხელისუფლება, გაიძახის, ტყე ჩვენი არ არის, სახელმწიფო სატყეო მეურნეობისააო, სატყეო მეურნეობა კიდევ თავს იგიჟებს, დასახლებული პუნქტის გარშემო ფიჭვნარი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეკუთვნისო. ამ ურთიერთბრალდებების მოსმენაზე შეიძლება ადამიანს აზროვნება აერიოს. საბოლოო ჯამში არავის არაფერი ანაღვლებს... ამის გარდა, უნიკალური ფიჭვნარის ნაწილი მოსახლეობამ მიიტაცა და სათავისოდ მოზომილ ფართობზე მავთულხლართები შემოავლო, შიგნით კი არავის უშვებენ. მოკლედ, უნიკალური ფიჭვნარი ყველას თავის ჭკუაზე აქვს დანაწილებული.

ფიჭვებს რაღაც ქიმიურ სითხეს ასხამენ, რაც ახმობს, მერე ჭრიან და სახლში მიაქვთ. მანგლისში გაზი არ არის და შეშაში ფულის ხარჯვას ამჯობინებენ, რომ ჯანსაღი ხეები დაახმონ!

ასეთი საუბრის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, თენგიზ წიკლაურს იმ იმედით დავუკავშირდი, რომ მას მაინც ეცოდინებოდა, რატომ იჩეხება მანგლისის ფიჭვნარი. მან კი, ასე ვთქვათ, აქეთ გვთხოვა დახმარება!

- დავიაროთ ფიჭვნარი და გავარკვიოთ, ვის საკუთრებაზე საუბრობთ. თუ ეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, აქეთ უნდა გთხოვოთ დახმარება - კანონებია ტყის დაცვაზე მისაღები და ეს სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მანგლისის ტყე უკვე 300 წლის არის და გახმება, აბა, რა იქნება?! როცა ხალხს შეშას ატანენ, სანაცვლოდ ნერგის დარგვა და გახარება უნდა დაავალონ. გახარებაა მთავარი - ნერგს დარგავ, პირუტყვი შედის და ანადგურებს.

- ფიჭვნარი უკვე დავიარე... თუკი ადგილობრივი მოსახლეობა პირადი საკუთრებისთვის დატაცებულ ფიჭვნარის შემოღობვას და იქ ნერგების გახარებას ახერხებს, თქვენ რატომ ვერ უნდა მოახერხოთ, რომ ნერგი დარგოთ და მერე შემოღობოთ? ისიც საკითხავია, - თუ ეს ფიჭვნარი მუნიციპალიტეტს ან სატყეო მეურნეობას ეკუთვნის, ამ ხალხს მისი დატაცების უფლება ვინ მისცა?

- არაფერი დატაცებული არა აქვთ, ეს ადგილები მათი საკუთრება არ არის, დრო მოვა და ამ მავთულხლართების შემოხსნა მოუხდებათ. ახლა კი კარგიც არის, რომ შემოღობეს და ნერგებს რგავენ, ისე ფიჭვნარში ნერგს ვერ გაახარებ, პირუტყვი გადაჭამს.

- მაგრამ თქვენ ხომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ბრძანდებით, ხომ შეიძლება, რომ სახელმწიფოს დახმარება სთხოვოთ, რომ ფიჭვნარში ნერგების დარგვა-გახარებისთვის თანხა გამოყოს...

- ვის უნდა ვთხოვო, ან რა უნდა ვთხოვო, როცა ფიჭვნარი მუნიციპალიტეტის არ არის, ნაწილი სატყეო მეურნეობებს ეკუთვნის, ნაწილი კი დაცულ ტერიტორიებს!

ფიჭვნარის კუთვნილების დასადგენად ქვემო ქართლის მთავარ მეტყევეს, ლაშა ბერიძეს დავუკავშირდით:

- მთელი უბედურება ის არის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თავიანთ ფუნქციებში ვერ ერკვევიან. ჩამობრძანდით მანგლისში, დაიარეთ ფიჭვნარი, ვნახოთ რუკა და გეტყვით, ვის ეკუთვნის.

- ნუთუ ასე ძნელია იმის დადგენა, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის პატრონი?! გული არ შეგტკივათ, 300-წლოვანი ფიჭვნარი რომ ნადგურდება?

- მანგლისის რწმუნებულმა გითხრათ, რომ ფიჭვნარი 300-წლოვანია?! არა, ბატონო, ეს ფიჭვნარი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა, თუმცა მართლაც უნიკალურია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი არ არის! გვაქვს საკუთარი სანერგე და ჩვენს კუთვნილ ტყეში თუ რაიმე განადგურდება, ვრგავთ!

"გაფუჭებული ტელეფონის" თამაშის პრინციპით კვლავ ბატონ ნუგზარს მივუბრუნდით, თუმცა მან კვლავ ყველაფერი უარყო. ამის შემდეგ ჩვენი ყოფის მთავარ შეკითხვასთან ვბრუნდები, - რა გვეშველება ქართველებს?

თუმცა, მეტყევისა და ხელისუფლების წარმომადგენლისა არ იყოს, ამ კითხვაზე პასუხი არც ჩვენ ვიცით!

ეთერ ერაძე