"აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო არ მომეცა საშუალება, ”ბლექ სი არენაზე” თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა" - კვირის პალიტრა

"აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო არ მომეცა საშუალება, ”ბლექ სი არენაზე” თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა"

"თეონა ცირამუა და გორის აკაპელა იმსახურებდა იმას, რომ ის ჯილდო გადაცემულიყო სწორედ მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე"

სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო არ მომეცა საშუალება, რომ ”ბლექ სი არენაზე” თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცირამუასთვის პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემაზე კომუნიკაცია ყველა მიმართულებით მიდიოდა.

”გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია არსებობდა ყველა მიმართულებით, მე ვიცოდი, რომ თეონა ცირამუას პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ”ბლექ სი არენაზე” და ცხადია ამისთვის ვიყავით მზად. მიგვაჩნია, რომ თეონა ცირამუა და გორის აკაპელა იმსახურებდა იმას, რომ ის ჯილდო გადაცემულიყო სწორედ მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. ეს არის ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად, მაგრამ სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, რომელსაც ვფიქრობ, არანაირი ტიპის ლოგიკა არ ჰქონდა, არ მომეცა საშუალება, რომ ”ბლექსი არენაზე” დამეჯილდოვებინა თეონა ცირამუა და შესაბამისად, მოხდა მისი დაჯილდოება სხვა სივრცეში, რაც ძალიან სამწუხროა”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ეს ყველაფერი დარბაზში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფნით ყოფილიყო გამოწვეული, აბაშიშვილმა უპასუხა, რომ ”კონკრეტული მიზეზის თქმა არ შეუძლია”.

”მე ვიცი ერთი რამ, მე ვიყავი იქ და აბსოლუტურად არც ერთი მიზეზი არ მომისმენია, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო ეს”, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გორის აკაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ”ბლექ სი არენაზე” ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, დაჯილდოება არ შედგა.

"ინტერპრესნიუსი"