ისლანდიაში გაუჩინარებული ქართველის სამძებრო ღონისძიებები ამ დროისთვის შეჩერებულია - კვირის პალიტრა

ისლანდიაში გაუჩინარებული ქართველის სამძებრო ღონისძიებები ამ დროისთვის შეჩერებულია

ისლანდიაში გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებებს, მისი მეგობრები და ისლანდიაში მცხოვრები ქართველები მეექვსე დღეა აწარმოებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისლანდიაში წასვლას გეგმავენ დაკარგული ნიკა ბეგაძის მამა და დის ქმარი, ამაში მათ აქტიურად ეხმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა, ისლანდიის ოფიციალური სტრუქტურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები კვირის ბოლოს განახლდება.

"ჩვენ, როგორც საქართველოს საელჩო, ისლანდიის ოფიციალური სტრუქტურებისგან ვიღებთ ინფორმაციას. სამძებრო ღონისძიებები ამ დროისთვის შეჩერებულია და კვირის ბოლოს განახლდება”, - განაცხადა გიგი გიგიაძემ

ნიკა ბეგაძე მეორე წელია, რაც ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობს. ის ქალაქ რუსთავიდანაა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ მისი მშობლები და და. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა. ნიკას ახლობლების თქმით, ჩანჩქერთან დატოვებულ მანქანაში, რომელიც მის მეგობარს ეკუთვნოდა, დამტვრეული მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები ნახეს. სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევ ტყეში მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"