"ზაქარია 6 წლის შვილთან ერთად წყალში შევიდა და..." - ალაზნის არხში დამხრჩვალი მამა-შვილის სულისშემძვრელი ამბავი - კვირის პალიტრა

"ზაქარია 6 წლის შვილთან ერთად წყალში შევიდა და..." - ალაზნის არხში დამხრჩვალი მამა-შვილის სულისშემძვრელი ამბავი

13 ივლისს, გურჯაანში, 57 წლის ზაქარია გაბაძე საქონელს მწყემსავდა და მასთან ერთად იყო მისი ქალ-ვაჟიც. როგორც ჩანს, სიცხისგან გათანგულებმა, ალაზნის სარწყავ არხში ბანაობა გადაწყვიტეს.

ზაქარია 6 წლის შვილთან ერთად წყალში შევიდა და სამწუხაროდ, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს, ორივე მდინარეში დაიხრჩო. მაშველებმა 6 წლის ანზორის ცხედარი სოფელ ვეჯინში იპოვეს, ხოლო მამამისს მთელი დღე ეძებდნენ. სარწყავი არხი გადაკეტეს და დღის ბოლოს ისიც იპოვეს. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

ავთანდილ შიშნიაშვილი, გურჯაანის სოფელ ჯიმითის რწმუნებული:

- უკიდურესად უჭირდა ამ ოჯახს. ვერ წარმოიდგენთ, რა სიდუხჭირეში იყვნენ. გარდაცვლილის მეუღლეს სოფელში ერთოთახიანი კორპუსის ბინა აქვს. სოციალურად დაუცველები არიან და სახელმწიფოსგან დახმარებასაც იღებდნენ. მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, სარჩო რომ ჰქონოდათ, სხვადასხვა ადგილას გადადიოდნენ საცხოვრებლად. ზაქარია მოჯამაგირედ მუშაობდა. ადრე ფერმაში იყო, იორში და წარმოიდგინეთ, ამ ფერმაში ცხოვრობდა მისი ცოლ-შვილიც. შვილი ფერმაში გააჩინა ნაზიმ და იქ, უმძიმეს პირობებში გაზარდა ბავშვები. უფროსი გოგონა 12 წლის იქნება. თავიდან სკოლაში დადიოდა, მაგრამ როგორც ვიცი, ბოლო წლებში არ უვლია. არავის არაფერს უშავებდნენ, როგორღაც გაჰქონდათ ცხოვრება...

"თურმე, ჯერ გოგონა აბანავა მამამ, ის ამოიყვანა ნაპირზე, მერე შეუყვანია ბიჭი და გოგოსთვის უთქვამს,  წადი, გაიქეცი, ნახირი მიდის და მოაბრუნეო. ზაქარია 6 წლის შვილთან ერთად წყალში შევიდა და სამწუხაროდ, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გოგონა საქონლისკენ გაიქცა და რომ მობრუნდა, ვერც მამა იპოვა და ვერც ძმა. ტირილით გამოქცეულა და ვიღაცისთვის უთქვამს, ვერ ვპოულობო. მერე სამაშველო სამსახურები გამოიძახეს". - მიამბო გურჯაანის მაცხოვრებელმა. მისი თქმით, იმ ადგილას საბანაოდ არავინ ჩადის.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 27 ივლისის ნომერში