სირიაში ავიაიერიშებს "ქართველი მოჯაჰედი“ ოჯახთან ერთად შეეწირა - კვირის პალიტრა

სირიაში ავიაიერიშებს "ქართველი მოჯაჰედი“ ოჯახთან ერთად შეეწირა

"ქართველი მოჯაჰედები" გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მეტწილად არ აქვთ საკვები, მედიკამენტები და თავს კატაკომბებს აფარებენ"

ექსკლუზივი

სირიის ტეიტორიაზე სირიის სამთავრობო ჯარებისა და საერთაშორისო კოალიციის შეტევების შედეგად ხალიფატი დიდ დანაკარებს განიცდის და მისი მებრძოლები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. გაზეთ "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, სირიაში საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა.

ნინო ბურჭულაძე:

- როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაახლოებით ორ კვირის წინ, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს (სავარაუდოდ, საჰაერო იერიშებისას) დაიღუპა "ისლამური ხალიფატის" რიგებში მებრძოლი პანკისის ხეობის მკვიდრი, ჩვენი ინფორმაციით, მასთან ერთად დაღუპულები არიან მისი ოჯახის წევრები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. გარდაცვლილის მეუღლეც პანკისის ხეობიდანაა. (იმის გამო, რომ პანკისის ხეობაში ეს ამბავი არ გახმაურებულა, დაღუპული ცოლ-ქმრის გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ).

ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დაღუპული უნდა იყოს "ისლამური ხალიფატის" რიგებში მებრძოლი საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე. ზუსტ ინფორმაციას ჯერ ვერ ვფლობთ.

ბოლო დროს სირიის სამთავრობო ჯარებისა და საერაშორისო კოალიციის წარმატებული ოპერაციების შედეგად, "ხალიფატი" დიდ დანაკარგებს განიცდის, როგორც ტერიტორიული, ასევე ადამიანური რესურსის სახით.

ჩვენი ინფორმაციით, "ქართველი მოჯაჰედები" გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მეტწილად არ აქვთ საკვები, მედიკამენტები და თავს კატაკომბებს აფარებენ.

იქედან გამომდინარე, რომ მათთან კავშირი გართულებულია, შექმნილ სიტუაციაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ჭირს.

რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ძირითადად რაყაში, დეირ ეზზორისა და ჰომსის პროვინციებში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება, ხალიფატის ე.წ. აჭარულ ფრთას, მათ შესახებ არაფერია ცნობილი".

P.S. ვცდილობთ მომხდარის თაობაზე მეტი გავრკვიოთ. როგორც კი გვექნება მეტი ინფორმაცია სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე "კვირის პალიტრის" მკითხველს დაუყოვნებლივ შევატყობინებთ.

ეკა გადახაბაძე