"გურამის შვილი - ირაკლი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. რაც თავი მახსოვს, გურამ დოჩანაშვილიც მახსოვს" - კვირის პალიტრა

"გურამის შვილი - ირაკლი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. რაც თავი მახსოვს, გურამ დოჩანაშვილიც მახსოვს"

ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, ბარბარე მანტკავს როლის შემსრულებელ მარიშკა ჯავახაძე, ცნობილი ქართველი მწერლის ვახტანგ ჯავახაძის შვილიშვილია. მწერალია მარიშკას მამა ირაკლი ჯავახაძეც. მარიშკა მიიჩნევს, რომ ადამიანს ნებისმიერი წიგნის წაკითხვა რაღაც კარგს სძენს, რაზეც ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა:

- წიგნი მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, რადგან ბაბუაჩემის ოჯახში ერთი ოთახიც კი არ გვქონდა ისეთი, რომელშიც წიგნის თარო არ იყო. შესაბამისად, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, თუ როგორ კითხულობდნენ ჩემი ოჯახის წევრები... ახლა არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო. წიგნის კითხვა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა რა ასაკში დაიწყე?

- პირველი წიგნი - ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები" 6 წლისამ წავიკითხე.

- დამოუკიდებლად შეარჩიე?

- არა, დედამ შემირჩია. ალბათ, წიგნის კითხვა სიამოვნებისთვის 20 წლისამ დავიწყე, მანამდე მოვალეობასავით იყო და რასაც ვკითხულობდი, კარგად აღარ მახსოვდა. ამიტომ ის ნაწარმოებებიც თავიდან გადავიკითხე, რაც ადრე უკვე წაკითხული მქონდა.

- ამჟამად, რა წიგნს კითხულობ?

- ელიფ შაფაქის ახალ ნაწარმოებს - "რწყილების სასახლე". საერთოდ, თურქული ლიტერატურა მომწონს. ელიფ შაფაქი მიყვარს და მისი თითქმის ყველა წიგნი, რაც ქართულად არის ნათარგმნი ან ინგლისურ ენაზე აქვს დაწერილი, წაკითხული მაქვს. "რწყილების სასახლე" წასაკითხად ავტორის გამო შევარჩიე. ამ ნაწარმოების კითხვა ახალი დაწყებული მაქვს - ჯერ მესამე თავზე ვარ...

- ეს ავტორი რატომ გიზიდავს?

- ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს: თურქეთში დაიბადა. შემდეგ მშობლებმა შვეიცარიაში წაიყვანეს. მისმა რომანმა - "სტამბოლელი ნაბიჭვარი" თურქეთში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთი პერიოდი, ამ ნაწარმოების აკრძალვასაც კი ითხოვდნენ... შემდეგ ამ ავტორის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და გავიგე, რომ ფამუქის "მოსწავლეა". ფამუქს ის ძალიან უყვარს და აფასებს. საინტერესო გოგოა, თან - ძალიან ახალგაზრდა და გამბედავი. სტერეოტიპებს ანგრევს. რა თქმა უნდა, თავის ქვეყანას აქებს, მაგრამ ასევე, მის სხვადასხვა ნაკლზეც წერს - სიმართლის თქმას არ ერიდება.

- "რწყილების სასახლემდე" რა წიგნიც წაიკითხე, ისიც ელიფ შაფაქის შემოქმედებიდან იყო?

- არა. წინა წიგნი რეზო თაბუკაშვილის "13 დღე" იყო, რომლის რედაქტორიც მამაჩემია (იღიმის). რეზოს მამის - ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოებები ძალიან მიყვარს. გურამ დოჩანაშვილი ჩემი ფავორიტი მწერალია. ლაშას თანამედროვე, გაახალგაზრდავებულ გურამ დოჩანაშვილს ვადარებ. ლაშას გამო მაინტერესებდა, რეზიკო როგორ წერდა. თან, მოგეხსენებათ, რაღაც პერიოდი რეზიკო "გაქრა" და ეს წიგნი მისი ერთგვარი დაბრუნება იყო თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ძალიან მაინტერესებდა, როგორი დაბრუნება ექნებოდა. ნამდვილად, წარმატებული რომანია - კარგად იკითხება. "საზაფხულო რომანად" უფრო ჩავთვლი - ზაფხულში წასაკითხად ყველას ვურჩევ, "ლაითია". შეიძლება, ერთ დღეში წაიკითხო და ნამდვილად, ბევრს შეგმატებს.

- თანამედროვე ქართულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობი?

- ვცდილობ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურის კითხვას უფრო მეტ დროს ვუთმობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ ძირითადად, თანამედროვე ქართველ მწერლებს პირადად ვიცნობ. შესაბამისად, მათ მიმართ სხვანაირი სენტიმენტები მაქვს და მათი ნაწარმოებების კითხვა სხვანაირად მსიამოვნებს...

- ალბათ, საყვარელ ავტორსაც შეხვედრიხარ პირადად...

- ჩემი საყვარელი ავტორი, ვისაც პირადად შევხვედრივარ, ჯერჯერობით, მხოლოდ გურამ დოჩანაშვილია. იმედია, მერე მსოფლიო ლიტერატურის მაგარ ავტორებსაც გავიცნობ... გურამის შვილი - ირაკლი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. რაც თავი მახსოვს, გურამიც მახსოვს. ამიტომ, მასთან შეხვედრის დეტალებს ნამდვილად ვერ გავიხსენებ. უბრალოდ, როდესაც ამ კაცს ვხვდები, ყოველთვის შინაგანი ღელვა და აღფრთოვანება მეუფლება. "სამოსელი პირველის" პირველი გამოცემა ავტორისეული წარწერით მაქვს. ცხადია, მაშინ დაბადებული არ ვიყავი და წარწერა მამაჩემის სახელზეა, მაგრამ ამ წიგნს ძალიან ვუფრთხილდები. კიდევ, სახლში გურამ დოჩანაშვილის ნაჩუქარი ჯვარი მაქვს, რომელსაც ასევე, ძალიან ვუფრთხილდები... (გაგრძელება)