ეროსი მანჯგალაძის "დამატებითი ქორწილი", ანუ ორი ტაიმისაგან შემდგარმა შეხვედრამ როგორ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა - კვირის პალიტრა

ეროსი მანჯგალაძის "დამატებითი ქორწილი", ანუ ორი ტაიმისაგან შემდგარმა შეხვედრამ როგორ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა

ეროსი მანჯგალაძე სტუდენტობის დროიდანვე პოპულარული გახდა - საქართველოს რადიოკომიტეტში დიქტორად დაიწყო მუშაობა.

ბუნებით ბოძებული შესანიშნავი ხავერდოვანი ხმა და დახვეწილი მეტყველება ჰქონდა. ეროსი მარტოობას გაურბოდა. მომლხენი და ლაზათიანი მოქეიფე, ქართული სუფრის მშვენება იყო. სწორედ ქეიფი გახლდათ მისთვის მარტოობისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. სიმართლე და პატიოსნება უყვარდა, ცრუსა და ორპირს ვერ იტანდა. მოწიწებით ეპყრობოდა ყველა თაობის შემოქმედს, ვინც ამას იმსახურებდა.

შეუცვლელი ეროსი

გოგი გეგეჭკორის მოგონებებიდან:

"ქუთაისში ნაბახუსევი ეროსი ტაქსის მძღოლს წაეკინკლავა, ჩხუბიც მოუხდა და მილიციის განყოფილებაში, ძნელაძის ქუჩაზე მიაბრძანეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივაკითხეთ, "პერედაჩი" გადავეცით და პურში ქლიბიც ჩავუდეთ. ეროსიმ სიცილით მადლობა შემოგვითვალა და დაუმატა: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ როდემდე უნდა ვიჯდეო? დაზარალებულ მძღოლსა და განყოფილების უფროსს ავუხსენით, რომ საღამოს თეატრში, პოლიკარპე კაკაბაძის "ბედნიერი სამჭედლო" გადის და ეროსის მთავარი როლი აქვს, შემცვლელი კი არ ჰყავს. ვთხოვეთ, თავდებში გამოეშვათ. პატიმარი ეროსი მანჯგალაძე მილიციის ლეიტენანტის თანხლებით მოვიდა თეატრში. რა თქმა უნდა, იგი ამ წარმოდგენაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სახელდახელოდ შევთხზეთ როლი... ქუთაისის ავტოქარხნის ეზოში გავატარეთ ერთი-ორჯერ, მერე ბუტაფორიულ საბარგო მანქანის კაბინაშიც ჩავსვით. მძღოლის როლი მოირგო და ხელიც დაგვიქნია. მილიციის ლეიტენანტმა ბევრი იცინა: ძალიან დიდი როლი კი ჰქონია, ამას სხვა ვერავინ ითამაშებდაო. მას შემდეგ, ეროსის არასოდეს უჩხუბია..."

"რადიო ხარ?"

მიხეილ თუმანიშვილის მოგონებებიდან:

"ფილოსოფიის დოქტორის" რეპეტიციის დროს პარტერიდან მსახიობებს ვუყვიროდი. ეროსი რამპასთან მოვიდა და, - შენ რა, გენერალი ხარ? თუ გენერალი ხარ, ჯარში წადი, აქ რა გინდაო?.. ერთხელ "ესმერალდას" სპექტაკლის დროს შუქი გამოირთო, სცენაზე მსახიობები და დარბაზში - მაყურებელი გაისუსა. ამ სიჩუმეში ვანიჩკა საყვარელიძე ამბობს: განვაგრძოთ, განვაგრძოთო... ეროსიმ ჩუმადვე უპასუხა: "რადიო ხარ, შე შობელძაღლო?" - დარბაზში ტაში გაისმა..."

"დამატებითი" ქორწილი

თამაზ ქვარიანის მოგონებებიდან:

"ეროსისთან ურთიერთობაში ყოველთვის მანცვიფრებდა და მხიბლავდა ორი უკიდურესობა: ძლიერი ხასიათი და მორიდებული ღიმილი, მჭექარე საუბარი და თავჩაღუნული, სიამოვნების მომგვრელი "ბურდღუნი". ჩემი ქორწილის სტუმრები რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობები იყვნენ. პირველ დღეს ახალგაზრდობას ეროსი თამადობდა, მეორე დღეს - "ძველგაზრდობას" ბატონი აკაკი ხორავა. ქორწილის დამთავრებისას ეროსიმ სადღეგრძელო ითხოვა და ასეთი დასკვნა გააკეთა: "ორი ტაიმისაგან შემდგარმა შეხვედრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა. ამისთვის, როგორც წესი, აუცილებლად უნდა დაინიშნოს დამატებითი ქორწილი. შესვლა თავისუფალია, გთხოვთ, მობრძანდეთ". ეროსის ხათრითა და მისი ასეთი განცხადების წყალობით, მესამე დღეს "დამატებითი" ქორწილი დაინიშნა".

(იხილეთ სრულად)