"ჩვენებურაი" - კვირის პალიტრა

"ჩვენებურაი"

"ყველაზე მეტად დედაჩემის ძველი ფოტოები მეტკინა"

"მთებში ჩვენი საიალაღე ხის სახლი დღესაც დგას, უიმისოდ ალბათ ჩემი ბავშვობა არაფერი იქნებოდა. იქაა ჩემი წინაპრების სასაფლაოც. ბავშვობაში ჩემთვის ის მხოლოდ სასაფლაო იყო, მაგრამ როცა ემინ-აღას გვერდით ერთმანეთის მიყოლებით მიწას მივაბარეთ ჩემი უფროსი ძმა და მშობლები, უკვე წყალგამყოფი გახდა ამ ქვეყანას და იმ ქვეყანას შორის..."

"რა ლამაზად წვიმს, რა მშვენივრად! მაგრამ აკლია რაღაც ამ მშვენიერ წვიმას. შენ აკლიხარ, მზევ ჩემო, საქართველო!"... ზოგჯერ პატარა ნიუანსი სადღაც გადაგისვრის. თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, ფარნა-ბექა ჩილაშვილის (იგივე ფაჰრეთინ ჩილოღლუს) ამ პატარა ლექსმა მეც ასე "გადამისროლა" თურქეთის ჩვენებურების მთიან სოფელში. ეს საოცარი კაცი იქ დაიბადა - აჭარიდან გადასახლებული ჩვენებურის ოჯახში, სადაც სულ ის ესმოდა, რომ მისი წინაპრები მამაპაპეული კერიდან დიდმა ომმა აყარა და... ფარნა-ბექა ჩილაშვილი ერთადერთი ქართული წარმომავლობის მწერალია, რომელმაც თურქეთს დაანახა ნამდვილი საქართველო როგორც თავისი ნაწარმოებებით, ასევე მისი ნათარგმნი ქართველი კლასიკოსების თხზულებებით. ის თურქეთში ქართულ გამოცემებს რედაქტორობდა. მეჩვენება, რომ თურქეთის მიერ დაპყრობილი ქართული კუთხის წიაღიდან ის განგებამ განსაკუთრებული მისიით მოავლინა... ამიტომაც მოვძებნე და ჩავიწერე მისი სულისშემძვრელი საუბარი ფესვების უცნაურ სიცოცხლეზე.

- ჩემმა ბავშვობამ მთებზე შეფენილ ძალიან ლამაზ სოფელში გაიარა, სადაც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდნენ. ბიჭობისას ათასჯერ მომისმენია ჩვენებურების ბათუმიდან (რეგიონი იგულისხმებოდა) გადმოსახლების ამბავი: 1878 წელს რუსეთის იმპერიამ თურქეთს ომი გამოუცხადა და დაამარცხა... ამ ომში ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - რუსეთისაგან დაპყრობილი ქრისტიანი ქართველობა და თურქეთისაგან დაპყრობილი მუსლიმი ქართველები. დამარცხებამ მუსლიმი ქართველების ნაწილი აიძულა, მამაპაპეული კერიდან აყრილიყო და თურქეთში გადასულიყო.... ასე წამოვიდნენ ბათუმიდან ჩემი პაპის პაპა ემინ-აღა და მისი ძმები. ემინ-აღამ იმ ადგილებში გადაწყვიტა ცხოვრება, რომელიც მამაპაპეულ კერას აგონებდა - ზღვისპირას, მაგრამ მალარიით შეშინებული მაღლა მთებში ავიდა. მოგვიანებით დაბლა, სოფელ აქბაბაში ჩამოსახლდა და მეჩეთის ახლოს დამკვიდრდა. ეს ის სოფელია, სადაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბერძნები და სომხები თურქეთიდან აიყარნენ. პაპა მათ ნასახლარზე დასახლდა. არავის სახლში არ შეჭრილა, თავად ააშენა ის ხის სახლი, სადაც ჩემმა ბავშვობამ გაიარა...

დღეს ჩემი სოფელიც დაცლილია, მამაპაპეული ხის სახლიდანაც ყველანი დავიფანტეთ და ვფიქრობ ხოლმე, ეს იმ ბერძენ-სომეხთა ცოდვამ ხომ არ ქნა, ვისაც ეს სოფელი მიატოვებინეს. ჩემს წინაპრებს ამ ცოდვაში ხელი არ ურევიათ, მაგრამ სოფელი ხომ ერთია...

მთებში საიალაღე ხის სახლი დღესაც დგას, უიმისოდ ალბათ ჩემი ბავშვობა არაფერი იქნებოდა. იქაა ჩემი წინაპრების სასაფლაოც. ბავშვობაში ჩემთვის ის მხოლოდ სასაფლაო იყო, მაგრამ როცა ემინ-აღას გვერდით ერთმანეთის მიყოლებით მიწას მივაბარეთ ჩემი უფროსი ძმა და მშობლები, უკვე წყალგამყოფი გახდა ამ ქვეყანას და იმ ქვეყანას შორის... ახლა რომ ვფიქრობ, როგორც ემინ-აღას საფლავი, ჩვენი სახლიც გამორჩეული იყო სოფელში...

ო, კიდევ მეფრეტულა მახსოვს, ჩემი სოფლელი იდუმალებით აღსავსე ქალი. აAმბობდნენ, ბავშვობაში გვიმრებში ჩამალულ მეფრეტულას საკუთარი თვალით უნახავს, როგორ დაუხოცეს ძმა და მამა. როცა გაიზარდა, ის სამი მკვლელი მამისა და ძმის მკვლელობის ადგილზე მოკლაო...

- გვიმრა ახსენეთ... უძველესი ქართული სიტყვაა...

- სოფელში მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობდით... ძალიან ბევრი რამის თურქული სახელი არც ვიცოდით. მაგალითად, ანწლი, შქერი, იელი...

თურქები მეზობელ სოფელში ცხოვრობდნენ, მათ "კუდიანებს", "ყიზილბაშებს" ვეძახდით. ისინი - "ყოზაქს", "მკვახეს". ჩვენ საკუთარ თავს "ჩვენებურაის" ვეძახდით, სიტყვა "ქართული" და "ქართლი" ჩვენს ცნობიერებაში ოთხი საუკუნის განმავლობაში გამქრალიყო... ჩვენს ქართულშიც ბევრი რამ თურქულით იყო დამახინჯებული...

მერე სკოლაში მივედი. სკოლა შორს იყო, არ იყო დენი და გზა... დიდ თოვლში დედისა და დის მოქსოვილი წინდა-ხელთათმანებით დავდიოდი. სკოლა მაინც მომწონდა. მერე მამიდასთან ლიცეუმი დავამთავრე, სტამბოლში - ჟურნალისტიკა. ჩემი და შვეიცარიაში გადასახლდა. მან შემიწყო ხელი, რომ მესწავლა. ამას ვერასოდეს დავივიწყებ. სტამბოლი ჩემი ცხოვრების პლაცდარმი აღმოჩნდა, აქ დავქორწინდი, დავწერე ყველა ლექსი თუ მოთხრობა...

- საოცარი ქართულით წერთ, ასე ახლოს ფესვებთან როგორ მიხვედით?

- ალბათ წინაპრებმა, ბუნებამ, ბავშვობამ, სიმინდმა და იმ შავმა ყურძენმაც კი მიმიყვანა, რომელიც ჩემს წინაპარს მამაპაპეული ადგილებიდან ჰქონდა წამოღებული. არადა, უნივერსიტეტდამთავრებულმაც

არ ვიცოდი, რომ არსებობდა ქართული დამწერლობა - ჩემამდე ამის ხსოვნა არ მოსულა, ის ვიცოდი, რომ ჩვენ არ ვიყავით თურქები, ვიყავით გადმოსახლებულები. ქართულ ანბანზე შემთხვევით გავიგე ერთი ცნობილი თურქი მწერლისაგან, რომელიც აჰმედ მელაშვილს (ოზქანი) იცნობდა. მივწერე მის ვაჟს. ის დამეხმარა, რომ ქართული ანბანი შემესწავლა. ასე შევაბიჯე ფესვებისაკენ...

მე და ჩემს მეუღლეს 2012 წელს ქორწილი სტამბოლთან ერთად თბილისშიც გვქონდა. თბილისში ბინაც შევიძინე. მიხარია, რომ თბილისი ჩემს მეუღლეს ჩემსავით უყვარს. ის შვეიცარიის უნივერსიტეტის პროფესორია.

- თურქეთში თქვენ მიერ ნათარგმნ ქართულ წიგნებზე ვიდეოც გავრცელდა და დადებითი კომენტარებიც...

- მთელი სულით და გულით ვთარგმნი. წიგნები იყიდება, ამიტომ გამომცემლობები მენდობიან და მიკვეთენ. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი ქართული სიტყვების თურქულ შესატყვისებს ვერ ვპოულობ, მათ მიმართ ინტერესი მაინც დიდია.

ვთარგმნე ნოდარ დუბაძის "მზიანი ღამე", ერლომ ახლედიანის "კოღო ქალაქში", მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე", ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"...

ამ უკანასკნელის თარგმნის ძალიან მეშინოდა - საოცარი წიგნია... ჯერ შიში გადავლახე და მერე ვთარგმნე, რომ დავასრულე, მეუღლეს ვუთხარი, მოდი, ეს ქართული ღვინით აღვნიშნოთ-მეთქი. ჩემს თარგმანებზე ვიდეო რომ დაიდო, ჯერ გამიკვირდა, მერე კი გამიხარდა... წელს უკვე ოთხი ქართველი მწერლის თარგმანს გამოვცემ... ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ საოცარი ქართული ლიტერატურა ყველას გავაცნო... ამას რომ ვახერხებ, ბედნიერი ვარ... ერთიც: საქართველოს უფრო ვაკრიტიკებ ხოლმე, ვიდრე სხვას, იმიტომ, რომ მინდა მქონდეს უფრო ბედნიერი და კარგი ქვეყანა.

ეთერ ერაძე