რაჭველი "ექიმი ჰაუსი" - კვირის პალიტრა

რაჭველი "ექიმი ჰაუსი"

"ერთი სიტყვით, მათთვის ექიმიც ვარ, ექთანიც, პროფესორიც და აკადემიკოსიც"

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხმორის 15 კომლს 28 წლის ექთანი გიორგი შავლაძე ემსახურება. სწავლის გაგრძელებასა და ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა, ოჯახურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი და როგორც ამბობს, "ასე შერჩა სოფელს ფერშლად. უგზოობის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილ რაჭის ულამაზესი სოფლის ყველა მკვიდრი გიორგის უზომოდ ემადლიერება. "გიორგუნა იმისთანა ჭკვიანი და მცოდნეა, ექიმ ჰაუსს ვეძახით. გარდა იმისა, რომ ექთანია, ეს ბიჭი არის მესაფლავე, მშენებელი, ხვნა-თესვასა და შეშის დაჭრაშიც ეხმარება სოფელს. ვინ იცის, "სასწრაფოს" ექიმის ამოსვლამდე რამდენი ადამიანი გადაურჩენია. თითქოს ღმერთმა მოგვივლინა და იმისთვის გაჩნდა, ხალხს მიხედოს", - გვეუბნება თხმორელი ქალბატონი და დასძენს, რომ ყველა თანასოფლელის სათქმელიც ეს არის.

გიორგი შავლაძე: - სკოლა ამბროლაურში დავამთავრე და იქვე ჩავაბარე სამედიცინო კოლეჯში. უმაღლესში მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა, ოჯახური პრობლემები შემექმნა და ოცნებას დროებით დავემშვიდობე. ასე შევრჩი სოფელს ფერშლად. ზამთარში ძალიან გვიჭირს, როცა ორ მეტრამდე თოვლი დევს, სასწრაფო დახმარების მანქანა სოფლამდე ვერ ამოდის. გადაუდებელი მდგომარეობა თუ შეიქნა, ექთანიც მე ვარ და ექიმიც. თხმორში 15 ოჯახი ცხოვრობს, თითქმის ყველა მოხუცია, ახალგაზრდები მხოლოდ მე და ჩემი ბიძაშვილი დათო შემოვრჩით.

- ძირითადად, რას უჩივიან მოხუცები?

- წნევასა და ასთმურ შეტევებს, თუმცა, რთული სიტუაციებიც ყოფილა. ამ ზამთარს სოფელში ნათესავებთან ჩამოსულ მეზობლის ბიჭს კუჭის წყლული გაუსკდა. თხმორში მეტრ-ნახევარი თოვლი იდო და სასწრაფო ვერ ამოვიდა, ჩვენი მანქანით სოფელ ზედა შავრამდე ძლივს გავაღწიეთ, იქ "სასწრაფო" დაგვხვდა, ამასობაში ავადმყოფს კრუნჩხვა დაემართა, წუთები წყვეტდა ყველაფერს... საბედნიეროდ, ბიჭი გადარჩა, მე კი გზის გაწმენდა-გაკვალვაში თითები მომეყინა, ორი კვირა ვეღარ ვგრძნობდი, ეგ არაფერი, ვიმკურნალე.

ამბროლაურიდან მომავალი რეანიმობილი თხმორში ამოსვლას 40 წუთს ანდომებს, ზამთარში კი საათები სჭირდება. ამ ზამთარს ადამიანი კომაში ჩავარდა, "სასწრაფო" ვერც ამოაღწევდა. ქუთაისამდე ბიძაშვილის - დათოს მანქანით (სოფელში ერთადერთი მანქანაა) ჩავიყვანეთ. ვიდრე ჩავიდოდით, თან ნემსებს ვუკეთებდი, თან გზას ვწმენდდით. გადავარჩინეთ.

- ძალიან უყვარხარ თანასოფლელებს, როგორ გახდი მათი იმედი?

- მარტო მე არაფერი ვარ, ყველანი ერთმანეთის იმედად ვართ. მუდმივად ვეცნობი სამედიცინო ლიტერატურას, ვსწავლობ, უამრავი ძვირად ღირებული წიგნი მქონდა, ფული არ მენანებოდა, ვყიდულობდი, მაგრამ 2013 წელს თხმორში სახლი დამეწვა და ჩემი სამედიცინო ლიტერატურაც ცეცხლში ჩაიფერფლა.

აქ საინტერესო არაფერი ხდება, თითქოს დრო გაჩერებულია. მაღაზია აქ არაა, აფთიაქი, ბიბლიოთეკა, ავადმყოფი და მოხუცი მშობლები მყავს და მათ ვერ მივატოვებ.

- დიაგნოზს ყოველთვის სწორად სვამ?

- მადლობა ღმერთს, არ მქონია შემთხვევა, შეცდომა დამეშვას. თანაც, თანასოფლელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეპირად ვიცი. ვიცი, რა შეიძლება უჭირდეს ან რაა მოსალოდნელი. ამ რამდენიმე დღის წინ მეგობრის მამა გახდა ცუდად, ასთმური შეტევა, ჰიპერტონია, უკმარისობა და ყველაფერი ერთმანეთს დაერთო. ლეო ბაბუა მართლა გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან. ერთი სიტყვით, მათთვის ექიმიც ვარ, ექთანიც, პროფესორიც და აკადემიკოსიც.

- დაოჯახებას არ აპირებ?

- შეყვარებული რომც მყავდეს, რაფერ ვაკადრო, წამოდი, თხმორში იცხოვრე-მეთქი. ლამაზია ჩვენი სოფელი, მაგრამ მისახედია, პირობებია საშინელი, გზა მაინც იყოს... დედას ჰიპერტონია აწუხებს, მამა ინვალიდი მყავს, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ერთხელ გადავურჩინე ფეხი, მეორედ ვეღარ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება რაჭაში, თან ჩვენი მხარე ისეთია, ტურისტებისთვის უნდა გახდეს მიმზიდველი. კარგი იქნება, ამაზე თუ იზრუნებს ვინმე.

კლარა ბოჭორიშვილი, სოფელ თხმორის მკვიდრი: "ვინ იცის, რამდენი ადამიანი გადაურჩენია ამ მადლიან ბიჭს. პრეზიდენტისგან თუ ვინმეს ეკუთვნის ღირსების ორდენი, ამ ბიჭს ეკუთვნის! ეს ახალგაზრდებიც თუ წავიდნენ, ჩაკვდება სოფელი. ჩვენ კი მათი იმედი გვაქვს. სამი წელიწადია, სახლში ყანიდან სიმინდი და ვენახიდან ყურძენი არ მიგვიტანია, სულ დათვმა შეჭამა. Kკარ-მიდამოში შემოდიან უკვე, ირგვლივ ყველაფერი გატყევდა... მალე შემოდგომა დადგება და დათვების შემოსევის პერიოდი დაიწყება. ეს ბიჭები კი არიან ჩვენი პატრონი, მაგრამ მთავრობამაც რომ გამოიხედოს აქეთ დაშავდება რამე?"

ნანა ფიცხელაური