"ბედის მორჩილია ჯეკო, ტკბილ-თბილი სიტყვების შემკონავი" - კვირის პალიტრა

"ბედის მორჩილია ჯეკო, ტკბილ-თბილი სიტყვების შემკონავი"

ჯეკო მჭედლიშვილი კაკაბეთში ცხოვრობს. ბევრჯერ გაიქცა სოფლიდან, რომ სხვაგან ემუშავა და ოჯახი ერჩინა, მაგრამ დიდხანს ვერსად გაძლო... ვერ შეეგუა უცხოობას, ვერ დაივიწყა ვაზის საბუდარი. ამჟამად მამასთან ერთად უვლის ავადმყოფ ბებიას, ასეა საქმე. იტანჯება მისი შემყურე, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს: "სულს სული არ ეთმობაო", - იტყვის ხოლმე და მწარედ ჩაფიქრდება.

ამტანია ჯეკო, რკინის მჭედელთა გვარიდან, ხარივით მომთმენი: ეზო-კარს ქვის ყორე მოერღვა - გულს არ იტეხს. კაცის ფარი გულში იმალებაო, კაცი თავად არის თავისი სახლის ღობეო. ერთად შევაკეთოთ-მეთქი და - ზაფხულარბენილ რქაწითელს ვაწვდი: "დიდება ღმერთსა, შეწყალება ერსა, დამარცხება მტერსა", - იტყვის ხოლმე და გადაჰკრავს სამარქაფე მათრახივით. სამწუხაროდ, იმხელა ვენახი აღარ შერჩა, რომ თავი გაიტანოს, 2 ჰექტრამდე ფართობის ცარიელი მიწა კი აქვს, მაგრამ ვაზის ჩაყრას თანხა სჭირდება, ცდილობს, ცოტ-ცოტა გადაინახოს საშვილიშვილო საქმისთვის. ჯერჯერობით არ უხერხდება.

თავად შოთის ყუასაც სჯერდება, თითქოს მადლში აწებსო; მადიანად ილუკმება. სხვისთვის კი სულის პურის გამოცხობასაც არ ერიდება - "მეპურეობა რა შესაქებია, საქმე ის არის, რით ნაყრდება კაციო, სიკეთით შეფხიზლებული ცოტაა, ცოდვით გაშტერებული კი ბევრიო - აბნევს სიბრძნის მარცვლებს და ეღიმება.

იყო დრო, როცა სტიქარი ეცვა. თავისხელა ლოდებიც უგორებია სოფლის სალოცავში ტაძრის გასამაგრებლად. ყველაზე მეტად კი თავისი მასწავლებლის, ოსია ჭიკაძის გარდაცვალებას ვერ ეგუება: ის იყო მისთვის ყველაზე დიდი მოძღვარიც, სალბუნიც და საზრდოც. მისი თაოსნობით ეკლესიებში ბევრი გუმბათი შეკეთდა და აღდგა.

დღიურად ეხმარება ჯეკო თანასოფლელებს სამეურნეო საქმეში. გარდა ამისა, შემგროვებელიცაა. წლის სხვადასხვა დროს ჭინჭარს, სატაცურს, ღანძილს კრეფს და აკონსერვებს, ჭერამს და ტყემალს ჩირად ახმობს, ზეპირად იცის, გომბორის ტყეებში რომელი ხის ძირას რომელი სოკო მოდის. თავის ერთგულ მეგობარ ძაღლ "ბორმანასთან" ერთად დალაშქრული აქვს მთელი ივრისპირეთი. მას მერე, რაც საყვარელი კვიცი მოუკვდა, რითაც ფიჩხი მოჰქონდა, "ბორმანამ" ითავა ტყიდან შეშის ჩამოტანა და ამით პატრონს შრომა შეუმსუბუქა. რამდენიმე თვის წინ ისიც მოუკვდა. უღალატო მეგობარი იყოო, ამბობს ჯეკო, მერე კი იხსენებს "ბორმანას" გმირულ ორთაბრძოლებს. მეც ვუსმენ და მიჭირს ამდენი ერთდროულად აბრიალებული ვარსკვლავის, მზერიდან რომ სცვივა, ერთ პეშვში შეგროვება და ვარ ასე ხელგაწვდილი...

კახა მჭედლიშვილი