"მაიკლ ჯექსონი არასდროს ჩამოსულა თავისი ბენგალიური ვეფხვების სანახავად, არც შემოწირულობა გაუღია" - კვირის პალიტრა

"მაიკლ ჯექსონი არასდროს ჩამოსულა თავისი ბენგალიური ვეფხვების სანახავად, არც შემოწირულობა გაუღია"

ტიპი ჰედრენი: "მე ცხოველების სიყვარულით დავიბადე და ეს გრძნობა მთელი ცხოვრება მომყვება"

1981 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი Roar ("ღრიალი"), რომელიც მოგვიანებით კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმის სახელით შევიდა. გადაღება 11 თვე გაგრძელდა. რეჟისორი ნოელ მარშალი, მთავარი როლის შემსრულებელი ტიპი ჰედრენი (ჰოლივუდის ვარსკვლავ მელანი გრიფიტის დედა) და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გადაღებისთვის აფრიკაში გადასახლდნენ.

ტიპი ჰედრენი 36 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმის გადაღებებს იხსენებს: - 70-იან წლებში ორ ფილმში გადამიღეს აფრიკაში, ერთი თვე ვიყავი იქ, ძალიან ახლოს ველურ ბუნებასთან. ვნახე, რამდენად დიდი საფრთხე ემუქრებოდა ცხოველებს. მე და ჩემს მეუღლეს, ნოელ მარშალს, მაშინ დაგვებადა ფილმის იდეა - გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ცხოველები არ უნდა იყვნენ ტყვეობაში. ფილმში მოთხრობილია ოჯახზე, რომელიც ჩადის აფრიკაში მამასთან, ის კი გარეულ ცხოველებთან ცხოვრობს.

"ღრიალის" ბიუჯეტმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა. გადაღებებისას არც ერთი ცხოველი არ დაზიანებულა. სამაგიეროდ, დაშავდა შემოქმედებითი ჯგუფის 70 წევრი, მათ შორის ტიპი ჰედრენი და მისი მეუღლე, რეჟისორი ნოელ მარშალი, მელანი გრიფიტი და კინემატოგრაფი ჟან დე ბონტი.

ტიპი ჰედრენი: - მხეცებს სულ სხვა ქცევები აქვთ - მათ შინაური ცხოველებივით ვერ მოეპყრობი. არ შეიძლება მხეცი შინ იყოლიო, ის ბუნებაში უნდა ცხოვრობდეს, მისთვის ჩვეულ გარემოში...

- 1983 წელს თქვენ დააარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია Roar Fოუნდაიონ-ი, რომელიც შამბალას დაცული ტერიტორიის მთავარი მხარდამჭერია.

- ვფიქრობ, მე ცხოველების სიყვარულით დავიბადე და ეს გრძნობა მთელი ცხოვრება მომყვება. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა დიდი სივრცე, სადაც ცხოველები თავს კარგად იგრძნობდნენ. ჩვენი მისია ადამიანების განათლებაა, რომ გარეული ცხოველი არ არის შინაური. არ შეიძლება მისი ვოლიერში გამომწყვდევა, გაყიდვა. ჩვენ ვიცავთ კატისებრთა ოჯახის მტაცებლებს ყიდვა-გაყიდვისგან. ვიცავთ სპილოებსაც. სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა ტური, რომელიც შამბალას დაცულ ტერიტორიაზე იმართება, ვაწყობთ ექსკურსიებს ბავშვებისთვის, რათა პატარაობიდანვე იცოდნენ ცხოველთა უფლებების შესახებ...

შამბალაში ცხოველების უმეტესობა ტყვეობაში დაიბადა, ან ცირკიდან და ზოოპარკებიდან გამოუშვეს, გვყავს კერძო მესაკუთრეებისგან მიტოვებული ცხოველებიც. ასე მოხვდა შამბალაში მაიკლ ჯექსონის ორი ბენგალიური ვეფხვი მას შემდეგ, რაც მომღერალმა თავისი ზოოპარკის დახურვა მოინდომა. ჯექსონი არასდროს ჩამოსულა მათ სანახავად, არც დაურეკავს და არც შემოწირულობა გაუღია. შამბალაში სოფი ლორენი დავპატიჟე, მესტუმრა და გადასარევი დრო გავატარეთ, მასაც ძალიან უყვარს ცხოველები.

- საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები განვითარების პროცესშია, რას ურჩევთ მათ?

- დაუშვებელია ცხოველებით ვაჭრობა! თუ თქვენი სახელმწიფო აპირებს, აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით, პირველ რიგში, სათანადო კანონპროექტი უნდა შეიმუშაოს.

ნინო წიფურია