"ექიმი გაოგნდა - მეტასტაზები უკვალოდ გამქრალიყო" - კვირის პალიტრა

"ექიმი გაოგნდა - მეტასტაზები უკვალოდ გამქრალიყო"

მამა გაბრიელის სასწაულით დამარცხებული სენი და მარგველაშვილების ოჯახის დაუსრულებელი განსაცდელი

"ექიმმა რომ მითხრა, ბავშვი ამდენ დასხივებას ვერ გაუძლებსო, ვუთხარი, - ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და კიდევ ერთ დასხივებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს-მეთქი. გადავუღეთ ტომოგრამა და ექიმი გაოგნდა - ბავშვის ორგანიზმში მეტასტაზის კვალიც აღარ არისო"

ძნელი წარმოსადგენია, თუ რა ტრიალებს 26 წლის ბაჩანა მარგველაშვილის ოჯახში, რომელიც გუშინ სიცოცხლით ხარობდა, დღეს კი მძიმე ავადმყოფია. როცა მამამისს, ზურაბ მარგველაშვილს ვუსმენდი, ვფიქრობდი: ყველა ღირებულება ჩალის ფასად შეიძლება იქცეს, ერთადერთი - სიკეთე სიკეთედ გვიბრუნდება-მეთქი. ამ ოჯახის ამბავს აუღელვებლად ვერ მოისმენ. სამი წლის წინ მათთან სასწაული აღსრულდა, თუმცა ამჯერად განსაცდელი აქვთ.

ზურაბ მარგველაშვილი: - სამი წლის წინ ქუთაისში ვმუშაობდი დასავლეთ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ხელმძღვანელად, ოჯახი თბილისში მყავდა. ერთ დღეს მეუღლემ დამირეკა - ნანუკას 3-4 დღეა, მუცელი სტკივა, ექიმთან მყავდა, წამალიც დაუნიშნა, მაგრამ არ გაუარაო. ახლობელ ექიმზე ვუთხარი - მასთან მიიყვანე-მეთქი... მან ბავშვს ნაწლავი აქვს შესქელებული, გამოვრეცხავ და ხვალვე ყველაფერი რიგზე ინებაო. მეორე დღეს მეუღლემ კვლავ დამირეკა და თავზარდამცემი ამბავი მითხრა - ჩემს 7 წლის შვილს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და მეტასტაზი მთელ ორგანიზმს მოსდებოდა... ექიმმა მითხრა, ნანუკას უმძიმესი ფორმის სიმსივნე აქვს, მისი დამარცხება რთულია, მაგრამ თუ დავამარცხეთ, რეციდივი არასოდეს ექნებაო. როგორ აღვწერო, რა დღეში ჩავცვივდით... ბავშვს ისეთი ქიმიური პროცედურები ჩაუტარდა, ყველა ორგანო დაეწვა, წყალსაც კი საწრუპით სვამდა, ენაზე რომ არ მოხვედროდა. ექიმი ფიქრობდა, რომ სიმსივნე მნიშვნელოვნად დაიხევდა უკან, მაგრამ კომპიუტერულმა ტომოგრამამ მძიმე მდგომარეობა აჩვენა. ექიმმა რთული ქიმია უნდა დავნიშნოთო. ეს იმ დღეებში ხდებოდა, როცა სამების ტაძარში წმინდა მამა გაბრიელის ნეშტი იყო დაბრძანებული და მთელი საქართველო მასთან სავედრებლად მიდიოდა. ჩემმა მეუღლემაც წაიყვანა ნანუკა. სამების ტაძარში ხალხის სიმრავლის გამო ნეშტთან დიდხანს ვერ შეყოვნდებოდი და ჩემმა ცოლმა ბავშვი ტაძრის ეზოში გაიყვანა. წესრიგის დამცველმა დაუძახა - დედა პარასკევა ბავშვებს ლოცავს და ხომ არ გინდათ მისვლაო. ჩემი ცოლი შებრუნდა, მაგრამ დედა პარასკევასთანაც თვალის დახამხამებაში გაჩნდა ზღვა ხალხი და ჩემი მეუღლეც ბავშვთან ერთად ტაძრიდან გამოვიდა. ამ დროს მონაზონმა დაუძახა - დაბრუნდით, დედა პარასკევა გეძახითო. ჩემს ცოლს გაუკვირდა, მე მეძახისო? კიო. მაშინვე მივიდა მონაზონთან. დედა პარასკევამ შეხედა და უთხრა, მამა გაბრიელმა გისმინა, შვილი უკვე ჯანმრთელი გყავსო. მაგრამ ჩემი ცოლის სახეზე გაოცება და უნდობლობა რომ დაინახა, გაუბრაზდა: - ასეთი ურწმუნოები რომ ხართ, იმიტომაც გჭირთ ყველაფერი. თუ მაინც არ მიჯერებ, წადი და შენს შვილს გადაუღე ტომოგრამაო. მეორე დღეს ისევ მივედით ჩვენს ექიმ ნინოსთან. როცა ჩემმა მეუღლემ ეს ამბავი უამბო, გვითხრა: თავად მორწმუნე ვარ, მამა გაბრიელის დიდი მადლიც ვიცი, მაგრამ გუშინ ბავშვის ტომოგრამამ აჩვენა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და ქიმია უნდა განვაგრძოთო! ჩემმა ცოლმა დაიჩემა, რომ ნანუკასთვის ტომოგრამა ისევ გადაგვეღო. ექიმმა კი - ბავშვი ამდენ დასხივებას ვერ გაუძლებსო. ვუთხარი, - ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და კიდევ ერთ დასხივებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს-მეთქი. მოკლედ, გადავუღეთ და ბავშვს სიმსივნის კვალი აღარ ჰქონდა! მკურნალ ექიმს გული წაუვიდა... ტომოგრამის უნახავი ექიმი არ დარჩენილა, ყველა გაოგნებული იყო... დღეს ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია.

- ბავშვმა რა თქვა, რა ვთხოვე წმინდა გაბრიელსო?

- ქიმიოთერაპია ისე გადამატანინე, რომ უფრო ცოტა მტკიოდესო...

უფალი რომ ასეთ სასწაულს მოგივლენს, სხვანაირი უნდა გახდე, მისი საწყენი არაფერი გააკეთო, მე კი ასე არ ვიქცეოდი. ჩემი შვილი ბაჩანა მეუბნება, - დილა რომ გვითენდება და მზეს ისევ ვხედავთ, გვგონია, ეს იმიტომ ხდება, რომ ვიმსახურებთ, არადა, ასე არ არის, უფალი გვასაჩუქრებს და ჩვენ მის მიმართ მადლიერების გრძნობაც არ გვაქვსო... ბაჩანაც ნანუკასავით სრულიად საღ-სალამათი იყო, მაგრამ დაახლოებით 3 თვის წინ, საღამოს ტემპერატურამ აუწია და ასე გაუგრძელდა 3-4 დღე. მეილოიდური ლეიკემია აღმოაჩნდა. ეს უმძიმესი დიაგნოზია. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო. თურქეთში წავიყვანეთ. საბედნიეროდ, თანხის დიდი ნაწილი თბილისის მერიის პროგრამით დაგვიფინანსდა და დონორად რომელიმე ჩვენგანი რომ გამოვმდგარიყავით, ოპერაციისთვის ეს თანხა საკმარისიც იქნებოდა; საუბედუროდ, ტრანსპლანტაციისთვის ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გამოდგა, დონორის მოძიებისას კი ხარჯები გაიზარდა. ასე რომ, 50 ათასი ევროა საჭირო, რომ ბაჩანას ოპერაცია გაუკეთდეს. ეს ის ფულია, რომელმაც ჩემი შვილი უნდა აცოცხლოს. ახლა საწოლიდან წამოდგომა არ შეუძლია, ორი თვეა, თურქეთის კლინიკაში წევს.

არავინ იფიქროს, რომ ვინმეს საკუთარი შვილის ლუკმას ვთხოვდე, მაგრამ თუ აღმოაჩნდება ზედმეტი თუნდაც ერთი ლარი და ჩემს შვილს შეაწევს, უზომოდ მადლიერი ვიქნები. გთხოვთ, გადამირჩინეთ შვილი! როცა ტელეფონზე ძალიან მცირე თანხის გადმორიცხვის შეტყობინებებს ვხედავ, ყველაზე მეტი მადლიერებით და ტკივილით მაშინ მევსება გული. ვხვდები, რომ ადამიანმა, რაც გააჩნდა, ისიც სხვისი შვილის გადასარჩენად გაიღო.

ამ სიტყვებით დაასრულა თავისი სათქმელი მამამ, მძიმედ წამოდგა და დამემშვიდობა.

დიდხანს ვფიქრობდი მის ოჯახში დატრიალებულ სასწაულსა და განსაცდელზე, რომელმაც კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ უკვალოდ არც ერთი ჩვენი ნაბიჯი არ ქრება და ზუსტად იქ მიგვიყვანს, საითაც სიარული თავად ვირჩიეთ, ცხადია, სიკეთისკენაც.

26 წლის ბაჩანა მარგველაშვილს სწორედ სიკეთე გადაარჩენს და იმიტომაც გთავაზობთ იმ ანგარიშს, რომელზეც თუნდაც მართლაც ერთი ლარის შეწევნას შეძლებთ.

სატელეფონო ზარი (ერთი ლარი)

ბილაინისა და მაგთის აბონენტებისთვის:

0901701304: თიბისი ბანკი. ანგარიში:

GE05TB7953945061100046.

საქართველოს ბანკი; ანგარიში:

GE42BG0000000491122500

ლიბერთი ბანკი. ანგარიში:

GE75LB0711151903914000

SWIFT Code USD: BKTRUS33

SWIFT Code EURO: DEUTDEF

მიმღები თათია მარგველაშვილი.

პირადი ნომერი: 01019055250

ეთერ ერაძე