საფოსტო მატარებლის გენიალური ძარცვა - კვირის პალიტრა

საფოსტო მატარებლის გენიალური ძარცვა

მძარცველებმა 120 ტომარაში მოთავსებული 2.600.000 გირვანქა სტერლინგი, რაც დღეს 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ანუ 60 მილიონ დოლარს უტოლდება, სულ რაღაც 10 წუთში გადაზიდეს ორ სატვირთოზე

რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთში 81 წლის ბრიუს რეინოლდსი, გასული საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული ძარცვის ორგანიზატორი გარდაიცვალა. მან სახელი 1963 წელს საფოსტო მატარებლის ძარცვით და 2,6 მლნ გირვანქა სტერლინგის გატაცებით გაითქვა.

გენიალური ძარცვის იდეა ანტიკვარული მაღაზიის 30 წლის მფლობელს, ბრიუს რეინოლდს, მორიგი პატიმრობის დროს მოუვიდა. მართალია, ბრიუსს საკუთარი საქმე ჰქონდა, მაგრამ წარმატებას ბიზნესში ვერ მიაღწია, რადგან მისი მაღაზია არა იმდენად ვაჭრობდა, რამდენადაც ლონდონელ ბოროტმოქმედთა "შტაბის" ფუნქციას ასრულებდა, სადაც რეინოლდსი ანაზღაურების სანაცვლოდ მძარცველებს იმ ბინის მისამართებს სთავაზობდა, სადაც კარგი ნადავლი ეგულებოდა.

რეინოლდსის გარეგნული რესპექტაბელურობის მიღმა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, მოზარდობაში რამდენიმე კოლონიიდან გაქცეული ახალგაზრდა მამაკაცი იმალებოდა, რომელმაც არც ზრდასრულ ასაკში თქვა უარი დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა, სამხილების არარსებობის წყალობით საპატიმროში დიდხანს არასდროს რჩებოდა.

1950-იანი წლების ბოლოს ბრიუსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, სადაც ინგლისის ბანკის ყოფილი კლერკი, თაღლითობაში ეჭვმიტანილი 65 წლის ჯემზ გრიფიტსი გაიცნო და სწორედ მან მიაწოდა რეინოლდს გრანდიოზული ძარცვის იდეა.

პერიოდულად შოტლანდიიდან ინგლისში ფულის მოძველებული კუპიურები იგზავნებოდა, ბანკნოტებით სავსე ტომრები გლაზგო-ლონდონის მატარებლის საფოსტო ვაგონით გადაჰქონდათ და მართალია, კუპიურებს ბრუნვიდან იღებდნენ, მაინც დიდი დრო სჭირდებოდა მათ საბოლოოდ ჩამოწერას და ამიტომ თავისუფლად შეიძლებოდა ბრუნვაში განმეორებით ჩაშვება. რეინოლდსი რამდენიმე წელი ოცნებობდა მოძველებული ბანკნოტების ხელში ჩაგდებაზე და საიმედო ხალხს ეძებდა. გრიფიტის თანამზრახველი იყო მისი მეგობარი, სადალაქოს მფლობელი, ერთი შეხედვით სოლიდური და სინამდვილეში კი გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი დუგლას გორდონ გუდი, რომელსაც ბავშვობიდან მოჰყვებოდა დანაშაულების გრძელი შლეიფი. სახელი მან სიმარჯვით გაითქვა, რადგან ნებისმიერი შემთხვევისთვის ჰქონდა სარწმუნო ალიბი. გუდიმ ბანდაში ჩარლი უილსონი მიიწვია, რეინოლდსმა კი კიდევ ერთი მეგობარი, რონალდ ედვარდსი, და მალე 15 "კოლეგას" მოუყარა თავი.

1963 წლის 8 აგვისტოს მძარცველთა ჯგუფი ორად გაიყო. რამდენიმემ რკინიგზელის კომბინეზონი ჩაიცვა და მატარებლის მოლოდინში წინასწარ განსაზღვრული ადგილი დაიკავა. გლაზგოდან გამოსული სამგზავრო მატარებელი უკან მიბმული საფოსტო ვაგონით ღამის 3 საათსა და 25 წუთზე გამოჩნდა. თავდამსხმელებმა მწვანე მანიშნებელი ჩააბნელეს და წითელი ნათურები აანთეს. მატარებელმა დამუხრუჭება დაიწყო, ერთ-ერთი მემანქანე კი მოულოდნელად გადმოხტა თბომავლიდან და ხელკეტიც იგემა თავში. მოგვიანებით მისი ბედი გაიზიარა მემანქანე მილზმაც. მართალია, თბომავლის მართვა ბანდის ერთ-ერთ წევრს, სპეციალურად დაქირავებულ რკინიგზელს უნდა ეკისრა, მაგრამ ის ისე დაიბნა, რომ ისევ მილზი გახდა გონზე მოსაყვანი, რომელმაც თბომავალი მატარებლის ძირითად შემადგენლობას ჩახსნილ ორ ვაგონთან ერთად იძულებით მიიყვანა ბრიდეგო-ბრიჯის სადგურზე, სადაც რეინოლდსს ბანდის წევრები ელოდნენ.

მძარცველებმა ჯერ საფოსტო ვაგონების ინკასატორები გათოკეს, რომელთაც ვერც მემანქანეზე თავდასხმა შეამჩნიეს და საკუთარ ვაგონში კარის ჩაკეტვაც დაავიწყდათ, მერე კი 120 ტომარაში მოთავსებული 2.600.000 გირვანქა სტერლინგი, რაც დღეს 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ანუ 60 მილიონ დოლარს უტოლდება, სულ რაღაც 10 წუთში გადაზიდეს ორ სატვირთოზე და რამდენიმე საათში იქვე ახლოს, ლეზერ-სლეიდში, დაქირავებულ ფერმაში გაინაწილეს, წარმატებით შესრულებული საქმე ლუდით აღნიშნეს და ბანდის ერთ-ერთ წევრს დაბადების დღე 5-გირვანქიანი კუპიურებითაც მიულოცეს.

ფერმა პირველმა რეინოლდსმა დატოვა, რომელიც მართალია, მეორე დღეს ავტომობილით დაბრუნდა და დანარჩენებიც წაიყვანა, მაგრამ ფერმაზე მაინც დარჩა მათი კვალი, რის შესახებაც პოლიციას ადგილობრივმა მუშამ, ჯონ მერისმა შეატყობინა.

სხვათა შორის, სწორედ რიგითმა მოქალაქემ, ვინმე ჯონ აჰერმა ჩააბარა პოლიციას შემთხვევით ნაპოვნი ფულით - 109.000.900 გირვანქა სტერლინგით სავსე საკვოიაჟი, რომელიც დაპატიმრებით შეშინებულმა ბანდის ერთ-ერთმა წევრმა მდინარეში გადააგდო.

ბოროტმოქმედების დასაკავებლად პოლიციამ ქალთა ქვედანაყოფთან ერთად შვეულმფრენები და მეძებრებიც ჩართო, რომელთაც მალე ათასობით მოქალაქე შეუერთდა. რეინოლდსის ბანდას თითქმის არ ჰქონდა დამალვის შანსი და 1964 წლის იანვარში ბანდა, რეინოლდსის, ედვარდსისა და უაითის გამოკლებით, თითქმის სრული შემადგენლობით დააპატიმრეს.

სასამართლო პროცესი თითქმის 2 თვე გაგრძელდა და 1964 წლის 24 მარტს უპრეცედენტო განაჩენი გამოუტანა მძარცველებს - მათი პატიმრობის საერთო ვადამ 307 წელი შეადგინა.

მძარცველები არ აპირებდნენ თავისი საუკეთესო წლების ციხეში გატარებას. 1964 წელს პირველმა ციხეს ჩარლს უილსონმა დააღწია თავი, რასაც მალე მისი მეგობრების გაპარვა მოჰყვა, პოლიცია გაათმაგებული ძალით ეძებდა გაპარულებს და შეძლო კიდეც მათი აყვანა. რეინოლდსი მხოლოდ 1968 წელს დაიჭირეს სულ სხვა დანაშაულისთვის, მაგრამ მან აღიარა, რომ დიდი ძარცვის ორგანიზატორი ის იყო. ციხიდან 1978 წელს გამოვიდა და ჩვეულ საქმიანობას - ნარკოვაჭრობასა და ფულის გათეთრებას შეუდგა. 1980 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააკავეს და სამი წელი ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსულს ნაძარცვი ქონება შემოლეული ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მცირე შემოსავლით ცხოვრობდა.

რონი ბიგსი მატარებლის ძარცვის შემდეგ გაასამართლეს და 30 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ საპატიმროდან გაქცევა შეძლო, პარიზში გაემგზავრა, შეიცვალა გარეგნობა და დოკუმენტები. ამის შემდეგ ის ბრაზილიაში დაოჯახდა და სამი შვილის მამა გახდა. 2001 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაბრუნდა სამშობლოში. ბიგსმა კიდევ რამდენიმე წელი დაყო ციხეში, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ის 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.