გარემოს მოხალისე დამცველი - კვირის პალიტრა

გარემოს მოხალისე დამცველი

ნოდარ ჩერქეზიშვილი: ურნები ყველგან დგას, მაგრამ ურნამდე ნარჩენისა და ნაგვის მიტანა არავის უნდა... ჩვენი ერის დაავადებაა ტყის დაბინძურება. ზაფხულში მზის სიცხეს თავი ტყეში უნდა შეაფაროს ნორმალურმა ადამიანმა, პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე კი წიწვოვანში საშინელი სიბინძურეა. ხევებშიც სავალალო მდგომარეობაა

15 წელია თბილისი-კახეთის გზატკეცილს ასუფთავებს. ნოდარ ჩერქეზიშვილი არც გარემოს დაცვის დაწესებულების, არც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი არ არის. მას ხელფასს არავინ უხდის. ის სოფელ მაღაროდანაა და ბევრ თქვენგანს გინახავთ ველოსიპედით სიღნაღიდან თბილისამდე ან დედაქალაქიდან კახეთში მიმავალი. ალბათ, ბევრსაც უნახავს გზად გაჩერებული, როგორ ალაგებს სამგზავრო ჩანთებში ბოთლებსა და გადაყრილ ნივთებს.

ნოდარ ჩერქეზიშვილი: - სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროდან ვარ, 62 წლის, პროფესიით ზოოინჟინერი. ბევრ ადგილას მიმუშავია, მეორე კატეგორიის მძღოლად, რკინიგზაზე, ინჟინრად. ერთხანს უკრაინაშიც წავედი სამუშაოდ. 90-იან წლებში სამსახური რომ დავკარგე, მას შემდეგ უმუშევარი ვარ. მარტოხელა კაცი ვარ. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ცოტა ხანია, რაც დავიწყე.

- უამრავ ადამიანს უნახავხართ კახეთი-თბილისის გზაზე ველოსიპედით ბოთლებით დატვირთული...

- გზადაგზა ვაგროვებ ნაგავს და ასე ვცდილობ დედაქალაქისკენ მომავალმა დავასუფთაო. ამას წინათ კაჭრეთში დამიღამდა, გადავაყენე ჩემი ველოსიპედი და იქვე დავიძინე, ხან გომბორზე მძინავს... გზის სავალი ნაწილიდან მოშორებით ველოდები ხოლმე გათენებას. კვირის განმავლობაში ერთხელ მოვდივარ თბილისში, ორ დღეს გზაში ვატარებ. სადაც დამიღამდება, იქ ვიძინებ, მეორე დღეს გათენებისთანავე ვაგრძელებ გზას სახლისკენ ან დედაქალაქისკენ. ასე ვცხოვრობ 15 წელია.

ერთხელ გზაზე 200 შუშის ბოთლი შევაგროვე. ეს არის უხეირო ხალხის ლამაზი ქვეყანა! ასე ექცევიან გარემოს. სამი სამუშაო ველოსიპედი მაქვს. მთლიანად ჩემი კოლექცია 20 ველოსიპედისგან შედგება. ჩემი ჰობი, გარემოზე ზრუნვა, კახეთის გზატკეცილის გასუფთავება დაუდევარი მგზავრებისგან გადაყრილი ნარჩენებით, შემოსავლის წყაროდ ვაქციე. ბოთლებს სხვადასხვა პუნქტში ვაბარებ. პენსიის ასაკი არა მაქვს, არც სამსახური. ამიტომ თვითდასაქმების ამგვარ ხერხს ვიმართე.

- ჯანმრთელობის პრობლემები არა გაქვთ?

- თიაქარი მაქვს, თუმცა, ვცდილობ, ვებრძოლო ამ დაავადებას და დავამარცხო კიდეც. მაქვს ასეთი მიდგომა: ჩემი სხეული ჩემი ლაბორატორიაა. იაპონური წერტილოვანი მასაჟის სახელმძღვანელო 20 წლის წინ ვიყიდე. როდესაც ვნახე აკუპუნქტურა, მივხვდი, რომ ძალიან სასარგებლოა. მახსოვს, უკრაინაში მედიცინის მუშაკმა ლექციაზე თქვა, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციები ამ დრომდე საფუძვლიანად ვერავინ ამოხსნა და იქნებ თქვენ შორის იყოს ის, ვინც ჩასწვდებაო... იმ დროიდან დავინტერესდი. 2009 წელს სართიჭალასთან ღამე მანქანა დამეჯახა. მხრით დავეცი და ტკივილი მაწუხებდა. ჩინურ მედიცინას, ჩხირებით მკურნალობას მივმართე და თავი გამოვიჯანმრთელე. 1994 წელს ზურგის ტკივილი მაწუხებდა, ამას ე. წ. მაზოხისტების მასაჟით მოვერიე. ზურგის არე მათრახით გავატყეპინე ნათესავს და გავთავისუფლდი ტკივილისგან. მაშინ იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ახლა ვამბობ, საფლავიდან ამოვძვერი-მეთქი. ახლაც მაქვს შიმშილის დღეები განტვირთვისთვის. მაღალ წნევას არეგულირებს შესანიშნავად. მედიკამენტებს არ ვიღებ.

- გზად მომავალს მოქალაქეები თუ გესაუბრებიან?

- როცა ვისვენებ, გამესაუბრებიან ხოლმე. ბევრიც თავს მაბეზრეს. ბევრს უკვირს, რატომ ვაგროვებ გადაყრილ ბოთლებს და რატომ ვუფრთხილდები ბუნებას. ძნელია, ყველას აუხსნა, რომ ქუჩებთან ერთად ჩემს ჯანმრთელობასაც ვგვი.

- როგორ გაჩნდა იდეა, სოფლიდან თბილისში ველოსიპედით ჩამოსულიყავით?

- შემოდგომაზე მწიფე ხილს ვეზიდებოდი ხოლმე. პირველი მგზავრობა დიდხანს გაგრძელდა, სულ არ დავღლილვარ, გზადაგზა ვისვენებდი, მოსაცდელში, სადგურებზე გამითენებია ღამეები. პლასტმასის ბოთლები წლობით არ იშლება ნიადაგში. ეს ბუნებას აზიანებს. მთავარია, ადამიანები მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ დადონ ერთ ადგილას ან ჩაყარონ ურნებში და უწესრიგოდ აღარ დაყარონ გზებზე. ყოფილა შემთხვევა, გზად გავუჩერებივარ ვინმე მანქანით მიმავალს და უთქვამს,"აჰა, ბოთლიო... ვერ ხვდებიან, რომ სპეციალურ ადგილას უნდა მოათავსონ, რათა დაიცვან ეკოსისტემაც და თავიანთი ჯანმრთელობაც.

გზადაგზა ვხვდები გადაყრილ პამპერსებსაც. საკუთარ სახლებსა და ეზოებში ხომ არ ყრიან? განსაკუთრებით ფეთხუმები მგზავრი ქალები არიან, რას აღარ ყრიან... ურნები ყველგან დგას, მაგრამ ურნამდე ნარჩენისა და ნაგვის მიტანა არავის უნდა... ჩვენი ერის დაავადებაა ტყის დაბინძურება. ზაფხულში მზის სიცხეს თავი ტყეში უნდა შეაფაროს ნორმალურმა ადამიანმა, პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე კი წიწვოვანში საშინელი სიბინძურეა. ხევებშიც სავალალო მდგომარეობაა.

- მადლობა თუ გამოუცხადებია ვინმეს, როგორც ერთ-ერთი პირველი გარემოს დამცველისთვის?

- არა, თავი არავის შეუწუხებია...

ოცი ველოსიპედი და ორი ავტომობილი ჰყავს. უყვარს ვისოცკი და ამის გამო მეტსახელად მასაც ვისოცკი შეარქვეს.

- ავტომობილი გყავთ?

- დიახ. ორი ავტომანქანა მყავს, "მოსკვიჩის" ფირმის, 400 და 403. ახალივითაა, ვუვლი და მალე გავისეირნებ კიდეც, თუმცა, ველოსიპედი მირჩევნია. გული მტკივა, გზად ხან ტურა, მელა და სხვა ცხოველი მინახავს მანქანით გაჭყლეტილი. ერთხელ დავთვალე, რამდენი მანქანა გაივლიდა და რამდენი მძღოლი ინამუსებდა ცხოველის გვამის გადაგდებას. მოთმინება არ მეყო და თავად გადავაგდე, ჩემამდე კი 28 მძღოლმა აუღელვებლად გაიარა, თითქოს მხოლოდ ჩემი მოვალეობაა გარემოზე ზრუნვა.

თორნიკე ყაჯრიშვილი