როგორ იქცა მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე დირექტორის მოადგილედ - კვირის პალიტრა

როგორ იქცა მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე დირექტორის მოადგილედ

მიშა ქიქოძე: "ცისფერი მთები" ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ლამაზი და კეთილი ეპიზოდია"

"ელდარ შენგელაიამ, ქალბატონი სესილია გიხმობსო. სკამზე იჯდა, ძალიან ცუდად იყო. გამოველაპარაკე, გითქვამთ, როგორც კი მოვა, ჩემთან მოვიდესო. ვერ მიცნო, ერთი მითხარი, რომელი თეატრის მსახიობი ხარო. მსახიობი არა ვარ, კარდიოქირურგი ვარ, კინოში შემთხვევით მოვხვდი-მეთქი. მოუტრიალდა შენგელაიას, ერთი გამაგებინე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ამას როგორ ველოდი აქამდეო, ეს ისე თქვა, მოვკვდით სიცილით"

კინოფილმი "ცისფერი მთები" 30 წელზე მეტია, რაც ეკრანებზე გამოვიდა და დღემდე მაყურებლის საყვარელი ფილმია. მასში განსახიერებული დირექტორის მოადგილის როლით მიშა ქიქოძის კინოდებიუტი შედგა. მაშინ 34 წლის იყო და ფილმში გადაღებაზე არც ოცნებობდა. ბატონი მიშა კარდიოქირურგი გახლავთ.

- ჩემი დეიდაშვილი, რეჟისორი დიტო ცინცაძე, "ცისფერ მთებში" ეპიზოდურ როლს თამაშობს. ერთ დღეს დიტოს დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული. დამირეკა, მიშა, ხალხი დასვი, თამადობა გაუწიე, ერთი საათით დამაგვიანდებაო. დავიწყეთ ქეიფი და დათქმულ დროს იუბილარი და ელდარ შენგელაიაც შემოგვიერთდნენ. გახურდა ქეიფი. ცოტა რომ შევთვერი, ვიფიქრე, ახლა რაღაც უნდა"ვიმამაძაღლო, ეგება ფილმში ჩემი გადაღებაც მოუნდეთ-მეთქი. დავიწყე შაირების მოყოლა, მერე ვიცეკვე და თანასუფრელებიც მოვალხინე.

მეორე დღეს ქირურგიის ინსტიტუტში ვმორიგეობ და დირექტორმა დამიბარა. მის კაბინეტში რომ შევედი, ვხედავ, დიტო უზის მაგიდასთან. ვიფიქრე, ვინმე ხომ არ მოიყვანა ავადმყოფი-მეთქი. დირექტორმა, აგერ შენი დეიდაშვილი კინოსტუდიიდან მოვიდა, წაჰყევი, საქმე აქვსო. დიტომ ეზოში გამიყვანა, ფოტოები გადამიღო და წავიდა. ორი დღის შემდეგ სამსახურის ეზოში მანქანა შემოგრიალდა და წამაბრძანეს კინოსტუდიაში.

რეჟისორმა მკითხა, მოტოციკლის ტარება ხომ კარგად იცი, მინდა, მოტობურთის ფედერაციის უფროსის როლი შემოგთავაზოო. ბატონო ელდარ, ექიმი კაცი ვარ, ქვეყნის ხალხი მიცნობს, არ იტყვიან, მოტოციკლზე შემომჯდარს რომ მნახავენ, რამ გააგიჟაო?! მაშინ ელდარმა მითხრა, თუ შენისთანა სიმაღლისა და სისქის კაცს მიპოვი, იმას დავნიშნავ მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარედ, შენ კი დირექტორის მოადგილის როლზე გადაგიყვანო. ეგ რა პრობლემაა, გამომყევით-მეთქი.

ჩემი სახლის მოპირდაპირედ ჩემი ძმაკაცი, ომარ შოთაშვილი ცხოვრობდა. ელდარს მოვუბოდიშე, ვნახავ, რა ფორმაშია და მერე დაგიძახებთ-მეთქი. მართლაც შევედი და ფართხუნა ტრუსში არ დამხვდა, ცარიელი ჭურჭელი გამომიწოდა, ლუდი ამოიტანე, ცხელა, დავლიოთო. რა დროს ლუდია, ჩაიცვი, ელდარ შენგელაია მოგიყვანე, ვინ იცის, იქნებ ფილმში გადაგიღოს-მეთქი. შაყირს თავი დაანებე, თუ წასვლა გეზარება, პირდაპირ თქვიო, ჩაიცინა. თურმე ელდარი შემოსულა და ჩვენს დიალოგს უსმენს. ეს რომ შევნიშნეთ და მის მხარეს გავიხედეთ, კმაყოფილების ნიშნად ცერათითი აგვიწია, მიშა, შენ დღეიდან დირექტორის მოადგილე ოთარი იქნები, ეს კი მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარეო.

- რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე?

- რამდენი მსახიობი იყო საქართველოში, რომელიც სესილია თაყაიშვილთან ერთად კინოში თამაშს ნატრობდა, მე კი მოულოდნელად გამიმართლა. ერთ საღამოს შემატყობინეს, რომ მასთან ერთად მქონდა გადაღება, თან გამაფრთხილეს, სესილია ცუდად არის და "სასწრაფოს" თანხლებით მოვა, ამიტომ არ დააგვიანოო. სწორედ იმხანად პროფესორი ფუფინი გვყავდა სტუმრად, ოპერაციაზე ასისტენტად ვყავდი და სანამ არ დამთავრდა ოპერაცია, სად წავიდოდი? ამიტომ გადაღებაზე დამაგვიანდა. მივედი თუ არა, ელდარმა, ქალბატონი სესილია გიხმობსო. სკამზე იჯდა, უკან შპრიცმომარჯვებული ექთანი ედგა, ძალიან ცუდად იყო. გამოველაპარაკე, გითქვამთ, როგორც კი მოვა, ჩემთან მოვიდესო. ვერ მიცნო, ერთი მითხარი, რომელი თეატრის მსახიობი ხარო. მსახიობი არა ვარ, კარდიოქირურგი ვარ, კინოში შემთხვევით მოვხვდი-მეთქი. მოუტრიალდა შენგელაიას, ერთი გამაგებინე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ამას როგორ ველოდი აქამდეო, ეს ისე თქვა, მოვკვდით სიცილით.

ერთი კვირის შემდეგ ისევ ერთად გვაქვს გადაღება და "სასწრაფოს" გარეშე გამოცხადდა. მივედი, როგორ მიხარია, ქალბატონო სესილია, უკეთ რომ ხართ და "სასწრაფოს" მორიგეობა აღარ გჭირდებათ-მეთქი. მე ისევ ცუდად ვარ, მაგრამ კარდიოქირურგი აქ მყავხარ და "სასწრაფო" რატომ წამომეყვანაო.

- რამაზ გიორგობიანს გადაღებამდე თუ იცობდით?

- რამაზი ჩემი დის მეუღლე გახლდათ. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ერთი გოგონა დარჩა. შვილიშვილი გვყავს, დაჩი, კალათბურთელი. უკვე 12 წლისაა. სასწაული იუმორი ჰქონდა, რამაზსაც და თემო ჩირგაძესაც.

მახსოვს, გადაღებისას 300-ამპერიანი ნათურა გადაგვეწვა, წავიდა ელდარი მის საშოვნელად. 3 საათი დააგვიანდა. თემო მეუბნება, ბიჭო, ელდარი არ ჩანს, არადა, კუჭი მშიას მეუბნება და რა ვქნათო?! აგერაა დიღმის ბაზარი, ვიყიდოთ კიტრი, პამიდორი, ყველი, ღვინო ხომ გვაქვს და მოვულხინოთ-მეთქი, შევთავაზე. მეექვსე ბოთლი რომ გავხსენით, ელდარი მოვიდა. დაგვიჯდა, 2 სადღეგრძელო დაგვილია, ახლა მთვრალები ხართ, რაღას გადავიღებთო და დავიშალეთ. მეორე დღეს, ბედი არ გინდა, ისევ გადაიწვა ის ნათურა. ელდარი ისევ წავიდა, ჩვენ ისევ დავსხედით საქეიფოდ. რომ მოვიდა, ხმა არ ამოუღია - დაგვიჯდა, ვიქეიფეთ. ერთი კვირის თავზე ისევ აფეთქდა იგივე ნათურა. წავიდა ისევ ელდარი.

წასვლამდე თანამშრომლებისთვის დაუბარებია, ამ ბოთლიდან ღვინო გადაასხით და წყალში გარეული მელანი ჩაასხითო. ბოთლი რომ გავხსენით, ვაღიარეთ, ელდარმა გვაჯობა. რომ მოვიდა და ფხიზლები დავხვდით, სიცილით გვითხრა, რა იყო, ბიჭებო, ჩემი ღვინო არ მოგეწონათო?

ფილმი რომ გამოვიდა, შეხვედრა მოგვიწყვეს ფილარმონიაში. მე ასეთი ტაში, "დინამომ" რომ თასი აიღო, მაშინ მოვისმინე მხოლოდ. ცირკი ის იყო,

რადგან ექიმები ვიყავით, მე და თემიკოს მოსკოვმა პრემია არ გამოგვიწერა, არაპროფესიონალები ხართო. ელდარი დაგვცინოდა, მიშა და თემიკო ყველაზე კარგი მსახიობები არიან მედიცინის მუშაკებს შორის, მსახიობებს შორის კი ყველაზე კარგი ექიმებიო.

"ცისფერი მთები" ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ლამაზი და კეთილი ეპიზოდია.

ეკა სალაღაია