"მედია დღეს სწორედ იმ წნეხის ქვეშ არის, რომლისაც იმხანად მეშინოდა" - კვირის პალიტრა

"მედია დღეს სწორედ იმ წნეხის ქვეშ არის, რომლისაც იმხანად მეშინოდა"

ამბობს, რომ არასოდეს უოცნებია ჟურნალისტობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორობდა და სურდა, შვილიშვილიც ჟურნალისტი გამოსულიყო.

ბავშვობიდან ხან არქეოლოგობაზე ოცნებობდა, ხან კინორეჟისორობას აპირებდა, საბოლოოდ კი ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობა აირჩია, თუმცა... წლების შემდეგ მაინც  ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გახდა, თანაც საკმაოდ პოპულარული, მერე კი უცებ "გაუჩინარდა"... "ტაიმ-აუტი" ძალიან გაუხანგრძლივდა, ამიტომაც მოვიკითხეთ და პირისპირ გულახდილად სასაუბროდაც მოვიწვიეთ. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ჟურნალისტი ეკა ბერიძე.

- რომ იტყვიან, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, - ისე დამემართა: ასპირანტურისთვის ვემზადებოდი და შემთხვევით ახალგახსნილ ტელეკომპანია "იბერვიზიაში" აღმოვჩნდი - ჩემმა მეგობარმა ბექა ბარამიძემ რედაქტორად მიმიყვანა. ერთ მშვენიერ დღეს ფილარმონიის დირექტორების დაპირისპირების შესახებ სიუჟეტი გავაკეთე და არცთუ ურიგოდ. ხელმძღვანელობასაც მოვეწონე და ასე ვიქეცი კორესპონდენტად, ასპირანტურა კი სრულიად მივივიწყე (იღიმის).

"იბერვიზიაში" მუშაობით ღამეებს ვათენებდი და ერთხელაც არ ამიღია ხელფასი - თქვენ წარმოიდგინეთ, არც დავინტერესებულვარ. უმრავლესობა ენთუზიაზმით ვაკეთებდით ყველაფერს. იმხანად წამყვანობაზე არ მიფიქრია, მიუღებლადაც კი მიმაჩნდა - არ ვიცი, ეგებ რაღაც კომპლექსი მქონდა (ჩაფიქრდა). თითქოს არასერიოზულადაც აღვიქვამდი ამ პროფესიას. საინფორმაციო გადაცემა "მონიტორის" წამყვანადაც სპონტანურად აღმოვჩნდი:

KvirisPalitra.Geსაინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა გიორგი შარაძემ დამავალა წაყვანა და ვერ შევეწინააღმდეგე. მახსოვს, წაყვანას მისი და ლევან კოღუაშვილის იმედად დავთანხმდი, მათ კი "გადამაგდეს" - საქეიფოდ წავიდნენ, თუმცა არ მიმატოვა გიორგი თარგამაძემ, რომელიც იმხანად "მონიტორის" მეორე ჯგუფს ხელმძღვანელობდა და ჩემი დახმარება სრულიად არ ევალებოდა (იცინის).

საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ასე ვიქეცი ერთდროულად წამყვანად, რედაქტორად და ჟურნალისტად. აღარც კომპლექსს შევუწუხებივარ, - ალბათ, არც მქონდა, რადგან საკმაოდ ლაღად წავიყვანე გადაცემა, ანუ დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა (იცინის). არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით - ყველაზე უფროსები, 23-23 წლის, მხოლოდ მე და გიორგი შარაძე გახლდით. და მაინც, ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და გულწრფელად, სუფთა სინდისით გეტყვით, რომ არასდროს შეგვიყვანია მაყურებელი შეცდომაში და ხშირად დიდი რისკის ფასად, მაქსიმალურად ობიექტურად ვაშუქებდით ამბებს.

- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თქვენ სხვადასხვა დროს თითქმის ყველა სერიოზული ტელეკომპანიის სახე იყავით. თუ შეინარჩუნეთ უწინდელი გულწრფელობა, არ გეთქვათ მაყურებლისთვის ტყუილი და რაღაც მოვლენა ცალმხრივად არ შეგეფასებინათ?

- ეთერში ტყუილი ნამდვილად არ მითქვამს... ყოველ შემთხვევაში, ეს შეგნებულად არასდროს გამიკეთებია და ვცდილობდი, მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია გადამეცა მაყურებლისთვის. გულწრფელიც ყოველთვის ვიყავი. ყველას გავახსენებ "ვარდების რევოლუციამდე" დაახლოებით 6 თვით ადრე ჩემს პირდაპირ ეთერს - "რას ფიქრობს ხალხის" ერთ-ერთ გადაცემას, როდესაც ჩემი გულწრფელობა ზედმეტ ემოციურობაშიც კი გადაიზარდა და როგორც ტელეწამყვანმა, საკმაოდ დიდი შეცდომა დავუშვი. ამ მაგალითით მართლა შეიძლება ასწავლო ჟურნალისტებს, როგორ არ უნდა მოიქცეს წამყვანი ეთერში.

KvirisPalitra.Ge- ამას დღევანდელი გადასახედიდან ამბობთ?

- გადაცემის დამთავრებისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ემოცია სრულიად გაუმართლებელი იყო. თუმცა... მიზეზიც სერიოზული ჰქონდა: სწორედ იმ გადაცემაში იყო მედიის უზურპაციის მცდელობა, რის გამოც აღვშფოთდით მეც და სტუდიაში მყოფი ჩემი კოლეგებიც. მედია დღეს სწორედ იმ წნეხის ქვეშ არის, რომლისაც მაშინ შემეშინდა და ასე გაუმართლებლად მოვიქეცი. დღეს მედია მთლიანად ხელისუფლების ჯიბეშია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი არც ერთი ჟურნალისტი არ ჩანს დღეს ტელეეკრანზე, გარდა ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტებისა.

- ტელეკომპანია "მაესტროს" გულისხმობთ?

- დიახ და ამაზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებითაც შევძლებ ლაპარაკს...

- კარგა ხანია, ტელეეკრანზე არ გამოჩენილხართ. რატომ? მოინდომეთ და ხელი შეგიშალეს თუ...

- თქვენ რას ფიქრობთ, დღეს რატომ არ ვარ რომელიმე სახელისუფლებო ტელეკომპანიის წამყვანი? - ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, მორჩილი წამყვანი არასდროს გავხდებოდი. ამიტომ ყველა ტელეკომპანიაში დამბლოკეს. რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-სა და "იმედშიც" წარვადგინე პროექტები, მაგრამ... თითქოს პატარა ტესტივით ჩავატარე, მიიღებდნენ თუ არა ჩემს წინადადებას და მიუღებელი აღმოვჩნდი ხელისუფლებისთვის, ვის ხელშიცაა დღეს მოქცეული მედიასაშუალებები. თუ ჩემი ჟურნალისტობისას ერთი სახელმწიფო ტელევიზია არსებობდა, დღეს ყველა ტელევიზია ხელისუფლებისაა.

- როდესაც "რას ფიქრობს ხალხი" მიგყავდათ და ადამიანებს სასაუბროდ სხვადასხვა თემას სთავაზობდით, თუ იცოდით, თუ გაინტერესებდათ, ხალხი რას ფიქრობდა თქვენზე?

- რა გითხრათ? - ჩემდამი ნეგატიური დამოკიდებულება არსად და არასდროს მიგრძნია. ქუჩით დაწყებული და ნებისმიერი თავშეყრის ადგილით დამთავრებული, ყოველთვის დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობდი. დღეს არ ვიცი, რას ფიქრობენ... თუმცა ახლაც ხშირად მეკითხებიან უცნობები, რატომ არსად ჩანხარო...

შეიძლება, მე კი არ ვენატრები მაყურებელს, ის დრო ენატრება, როდესაც ჟურნალისტიკა გაცილებით თავისუფალი და სასარგებლო იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე დღეს არის... იმავე ასოციაციით, შესაძლოა იმასაც ფიქრობენ, თუ გამოვჩნდები, სიმართლეს ვეტყვი მათ... საერთოდ კი, როგორც ნებისმიერ ადამიანზე, ვინც საზოგადოების თვალთახედვის არეში ხშირად ხვდება, ჩემზეც ბევრს ლაპარაკობდნენ - უსიამოვნოსაც და სასიამოვნოსაც.

ძირითადად, სინამდვილეს მოკლებულ ჭორებს ვისმენდი, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა გამოდევნებას - პირველწყაროს პოვნა ძნელია. ასეთი ჭორები, ძირითადად, ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამან ძალიან გამაღიზიანა ან ძალიან მატკინა გული. პირიქით, ვხალისობდი კიდეც ამ ამბებზე...

- იმხანად ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ თქვენს ამჟამინდელ მეუღლეს - კახა ბექაურს ოჯახი დაუნგრიეთ.

- მე კახას და მისი ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ. სინდისი მართლა სუფთა მაქვს, რადგან ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დაიწყო. ამის დასტური კი ის არის, რომ კახას ყოფილ მეუღლესთან დღეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს... პირველად 17 წლისა გავთხოვდი, რა თქმა უნდა, მაშინაც სიყვარულით და იმ ქორწინებიდან 20 წლის ვაჟი - ბექა მყავს. კახასთან ურთიერთობა კი 33 წლისამ დავიწყე.

ერთმანეთი სამსახურში გავიცანით და საქმიანი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ეს სიყვარული გაცილებით ღრმაა და ასეთ ასაკში გრძნობას მეტადაც უფრთხილდები. კახაც ისე ბუნებრივად შემოვიდა ჩემი და ჩემი ვაჟის ცხოვრებაში, ურთიერთობის პრობლემაც კი არ შექმნილა.

- ეკა, როგორი მეოჯახე ხართ?

- ჯერ გეტყვით, როგორი ვიყავი (იღიმის). კახასთან შეუღლებამდე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი და ბექას ბებია-ბაბუა ზრდიდა. შინ მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი. დაქორწინების შემდეგ მე და კახა ერთ ტელევიზიაში, - ახლანდელ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ვგულისხმობ, - ვმუშაობდით და სულ ერთად ვიყავით. უმუშევრობის პერიოდში, რასაკვირველია, მეტი დრო დამრჩა ოჯახისთვის, თუმცა  მაგისტრატურაში განვაგრძე სწავლა და დროის გადანაწილება მაინც დამჭირდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს 6 წლის გოგონას - მარიამს გაცილებით მეტ ყურადღებას ვუთმობ, ვიდრე წლების წინ ბექას.

- ტელეეკრანი არ მოგენატრათ, არ აპირებთ გამოჩენას?

- დიდად არ მომისაკლისებია ეკრანზე გამოჩენა, რადგან არც არასდროს გამიხდია თვითმიზნად. ჩემთვის მთავარია, რეალიზებული ვიყო, ასე რომ, პროდიუსერადაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. არასდროს მიფიქრია ბეჭდვით მედიაში ჟურნალისტად მუშაობაზე, თუმცა ხშირად მიფიქრია საკუთარ გაზეთზე ან ჟურნალზე. თვითმიზანი არც პოლიტიკურ თემებზე მუშაობაა და თუ მექნება სატელევიზიო გადაცემა, სავალდებულო არ არის, მხოლოდ პოლიტიკაზე ვისაუბრო. რაც შეეხება ეკრანზე კვლავ გამოჩენას, არ გეწყინოთ, მაგრამ ამჯერად კომენტარისგან თავს შევიკავებ...

ირმა ხარშილაძე