"ხომალდზე, რომელსაც ვმართავდი, ბირთვულქობინებიანი 16 ბალისტიკური რაკეტა იყო" - "ჟელეზნი ჯავახის" უკანასკნელი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ხომალდზე, რომელსაც ვმართავდი, ბირთვულქობინებიანი 16 ბალისტიკური რაკეტა იყო" - "ჟელეზნი ჯავახის" უკანასკნელი ინტერვიუ

"75 დღე წყლიდან ამოუსვლელად დედამიწას ისე შემოვუარეთ, შეუმჩნეველი დავრჩით სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის"

"ბრძანების შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანას ისე გავანადგურებდით, რომ ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა"

რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ალექსანდრე ჯავახიშვილი - დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი სარდალი, კონტრადმირალი, რომელმაც 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით - ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა.

მის სახელს უკავშირდება გრიფით - "ზესაიდუმლო" ოპერაცია, რომელიც 1972 წლის 17 იანვრიდან 31 მარტამდე გრძელდებოდა და გასაგებ მიზეზთა გამო, მასზე საუბარი შეუძლებელი იყო.

მასთან ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, სამწუხაროდ, ეს ლეგენდარული კაპიტნის უკანსკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა:

"ნებისმიერ ქვეყანას ისე გავანადგურებდით, ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა"

"ჟელეზნი ჯავახი", - ასე მოიხსენიებდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილს საბჭოთა ფლოტის სამხედრო მეზღვაურები დამსახურების გამო. იგი პირველი ქართველი წყალქვეშა ხომალდის მეთაურია, რომელსაც 1970 წელს მიენიჭა პირველი რანგის კაპიტნის წოდება, ერთადერთი ქართველი, რომელმაც საგანგებო დავალებით საბჭოთა ბალისტიკურრაკეტებიანი წყალქვეშა ატომური კრეისერით ისე შემოუარა დედამიწას, რომ უცხოეთის სპეცსამსახურებს არც შეუმჩნევიათ. ამის შემდეგ კიდევ 17 წელი იმსახურა ატომური წყალქვეშა სტრატეგიული ხომალდების მეთაურად, ფლოტის სარდლის მოადგილედ. 1990 წელს სამშობლოში დაბრუნდა და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნას შეუდგა. გახდა მისი პირველი სარდალი და პირველი კონტრადმირალი. რამდენიმე წლის შემდეგ ოფიცრების მომზადებასაც მეთაურობდა დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიაში. თუმცა დაწყებული საქმე ვერ დაასრულა - 2009 წელს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალები გაუქმდა, მცურავი საშუალებები, სანაპირო ინფრასტრუქტურა და პირადი შემადგენლობის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

რაც წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება. "მობრძანდით ზღვის სამყაროში", - ამ სიტყვებით შემიძღვა იგი შინ.

- თბილისის 35-ე ფეხბურთის სკოლა დავამთავრე. ფეხბურთი კი მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის სამხედრო მეზღვაურობა მხიბლავდა. ტელმანის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მეორე მსოფლიო ომის დროს მეზობლად შავიზღვისფლოტელი 3 დაჭრილი შემოგვისახლეს. მათმა მონათხრობმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მომავალზე.

უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დრო რომ დადგა, თამაშზე ვიყავი რესპუბლიკის გარეთ მოზარდთა გუნდთან ერთად. თასი ჩამოვიტანეთ, მაგრამ კომისარიატში მისვლა დამიგვიანდა - სასამხედრო-საზღვაო სასწავლებელში ჩარიცხვის ყველა მსურველის საბუთები გაგზავნილი იყო. კომისარმა მირჩია, - საზღვაო ავიაციის სასწავლებელში ჩააბარეო. დავუჯერე და ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში ჩავირიცხე.

4-წლიანი სწავლის პერიოდში ძალიან მომბეზრდა შავი ზღვა. ყოველ ზაფხულს აქაურ პორტებში სხვადასხვა საბრძოლო გემით დავცურავდით. სწავლის დასრულების შემდეგ სამსახური ჩრდილოეთის ფლოტში მოვითხოვე - ბარენცის ზღვაში გამამწესეს. 3-ბალიანი ღელვა იქ სიწყნარედ ითვლება, შავ ზღვაზე კი შტორმს ეძახიან. ყველა საფეხური გავიარე ლეიტენანტობიდან წყალქვეშა ბალისტიკურ-სარაკეტო ატომური კრეისერის მეთაურობამდე. წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტ დროს წყალქვეშ ვატარებდი, ამიტომ "ჟელეზნი ჯავახი""დამარქვეს. ყოველდღიურად მამოწმებდა ხომალდის ექიმი, წნევა მუდამ ნორმალური მქონდა, თუმცა ნაპირზე მოვხვდებოდი და - თამაშს მიწყებდა. მეხუმრებოდნენ - ჩაყვინთავ და კარგად გახდებიო. ასეც ხდებოდა...

75 დღე წყალქვეშ - დედამიწის გარშემო

საბჭოთა კავშირის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით წყალქვეშა ატომური კრეისერით დახურული, საიდუმლო ცურვა მოეწყო დედამიწის გარშემო. მოგზაურობა ცივი ომის მთავარ პრინციპს ემსახურებოდა: იქ, სადაც დაძაბულობა იყო, მეტი სამხედრო ძალა უნდა გვყოლოდა და, საჭიროების შემთხვევაში, საომარი მოქმედება მოწინააღმდეგის ტერიტორიასთან ახლოს დაგვეწყო.

მსოფლიოში პირველი ატომური წყალქვეშა ნავები ამერიკელებმა ააშენეს. შემდეგ მას საბჭოეთმაც მიჰბაძა. გარჩევაც გაგიჭირდებოდათ, ისე ჰგავდნენ საბჭოთა და ამერიკული ატომური წყალქვეშა ხომალდები ერთმანეთს. საბჭოთა ატომურ ხომალდებზე ბირთვულქობინებიანი 16 ბალისტიკური რაკეტა იყო. ბრძანების შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანას ისე გავანადგურებდით, რომ ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა.

თბილისში შვებულებით ვიყავი ჩამოსული, რომ მაცნობეს, წყალქვეშა ატომური კრეისერის მეთაურად დანიშვნას მიპირებდნენ.

ესტონეთში იყო დახურული სამხედრო-საზღვაო ცენტრი, სადაც ეკიპაჟები ამ პროექტის ნავებს შეისწავლიდნენ. უმაღლეს დონეზე გვამზადებდნენ, რის შემდეგაც მეთაურებს მოსკოვში ან ლენინგრადში გვგზავნიდნენ და კონკრეტული მექანიზმის შემქმნელ კონსტრუქტორთან ერთად განვიხილავდით ცალკეულ ნიუანსს. სულ 3 მეთაური ვიყავით. ერთ დღეს სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სერგეი გორშკოვმა მიხმო კაბინეტში. უზარმაზარ გლობუსთან მიმიყვანა, ხელით შემოხაზა - შენ ამას გააკეთებო და დასძინა - მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ არავინ უნდა იცოდესო. ასეც მოხდა. საგანგებო დავალებით 75 დღე წყლიდან ამოუსვლელად გავიარეთ 41 ათასი კილომეტრი და დედამიწას შემოვუარეთ ისე, რომ შეუმჩნეველი დავრჩით სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის. 150-კაციანი ეკიპაჟი გვყავდა. 120 მ სიღრმეზე მივცურავდით. 40 წელი სამხრეთ ამერიკასა და წყნარ ოკეანეს შორის ცურვისას შემისრულდა. ამასთან დაკავშირებით 120 მ-დან 40 მ-ზე ამოვედით, წრე შემოვუარეთ და სვლა ჩვეულ სიღრმეში განვაგრძეთ.

განსაკუთრებით რთულია არქტიკის ყინულების ქვეშ ცურვა - თუ უცებ წყალს ზემოთ ამოსვლა გახდება საჭირო, ყინულის საფარქვეშ ნაპრალი უნდა მოძებნო და იქიდან ისე ამოიყვანო ნავი, რომ ყინულს არ შეეჯახო. თუმცა ყინულის ქვეშ ცურვას დადებითი მხარეც აქვს - კოსმოსიდანაც ვერავინ შეგამჩნევს.

სამშობლოში დაბრუნება

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მალევე საქართველოში დავბრუნდი. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად დამნიშნა. 1997 წლიდან ვხელმძღვანელობდი სანაპირო-სასაზღვრო დაცვის ჩამოყალიბებას, შემდგომ - საზღვაო ოფიცრების მომზადებას დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიაში.

აფხაზეთის ომის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ძალებმა 42 ათასი კაცი უვნებლად გამოიყვანეს სამშვიდობოს.

აფხაზეთის ომის ქრონიკებიდან

ფოთში, ჩემს კაბინეტში ვარ. დამირეკეს - ბიჭვინთის სანაპიროზე უამრავი ხალხი დგას და საჭიროა მათი სამშვიდობოს გამოყვანაო. გადავწყვიტე, წყალქვეშა ფრთებიანი კომეტით"შევსულიყავი მტრის ზურგში (ბიჭვინთაში). კაპიტანს გავანდე გეგმა და გავემართეთ.

ბიჭვინთაში ერთადერთი ნავმისადგომია. მივუახლოვდით სანაპიროს. დურბინდით დავათვალიერე - ნაპირზე არავინ იდგა. ალბათ სადმე სიცხეს შეეფარნენ-მეთქი. იხილეთ სრულად