„მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ლია იყო“ - ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

„მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ლია იყო“ - ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა

მსახიობ ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ქალიშვილი ნანა კობერიძე სიმსივნით გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა ია ფარულავამ დაწერა:

"მშვიდობით უმაგრესო ნანა... ულამაზესი შვილი ულამაზესი მშობლების, ლია ელიავასი და ოთარ კობერიძის... ნანა, დაუჯერებელია შენი წასვლა".

ნანა ცნობილი მსახიობების ერთადერთი ქალიშვილი იყო. მხატვარი გახლდათ, ჰყავს ქალიშვილი ანკა მანჯგალაძე.

ერთხელ ნანა კობერიძეს ჰკითხეს, აკომპლექსებდა თუ არა დედის სილამაზე ლია ელიავას ერთადერთ ქალიშვილს? უპასუხა, რომ ყველაფერი პირიქით იყო.

"დედათი მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი, ის ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო... იცით, რას ვერ ვიტანდი? რომ მათვალიერებდნენ, მაკვირდებოდნენ და მეკითხებოდნენ: "დედას ჰგავხარ თუ მამას?"... მით უმეტეს, რაღაც პერიოდი, ლიას კი არა, საერთოდ არაფერს არ ვგავდი, მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი. არადა, მართლა მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო...

მაგრამ დედა ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული. ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და უხეშად არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში... არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში ძალიან ემოციური იყო, ექსცენტრიული, ესეც მომწონდა და ესეც უხდებოდა..."

იხილეთ ასევე: როცა ოთარ კობერიძემ ქართული კინოს მშვენება გაიცნო, მას ოჯახი ჰყავდა. ლია კი გაშორებული იყო ქმართან.