ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი
ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი
ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს მშვენება იყო, ქალი-ლეგენდა, რომელმაც გამოჩენისთანავე აალაპარაკა მთელი საბჭოეთი. როცა მისი შესრულებული როლები იხილეს ჰოლივუდში, გაკვირვება ვერ დამალეს და თქვეს: "ეს საოცრებაა!"

საოცარი და ულამაზესი ნატო კი ასე აღმოაჩინეს: 1923 წლის ოქროსფერი შემოდგომაა თბილისში. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ნება-ნება დასეირნობს და ფილმის, "მამის მკვლელის", მთავარ გმირს დაეძებს ყველგან - ქუჩებში, კაფეებში, საზოგადოების თავყრილობებზე. როცა ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინას ჩაუარა, მისი ყურადღება ნატიფმა და ძალიან სათნო სახემ მიიზიდა, აღფრთოვანებული დარჩა ფოტოსურათით.
You must have Flash Player installed in order to see this player.
გახარებული შევარდა ფოტოატელიეში და მომხიბვლელი გოგონას მისამართი გაიგო. იმ დღესვე გურჯაანში მიავლინა თავისი ასისტენტი...


ჩამოვიდა ნატო თბილისში და მაშინვე ხმა გავარდა - ქართულ კინოს ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი მოევლინაო. ჯერ "მამის მკვლელი" გამოვიდა, მერე ვლადიმერ ბარსკის "არსენა ყაჩაღი". მალე გამოვა მესამე ფილმიც - "სამი სიცოცხლე" და ნატო საკავშირო დიდებას მოიხვეჭს.

ნატო ვაჩნაძე 1904 წელს დაიბადა, ვარშავაში. მამა - გიორგი ანდრონიკაშვილი იყო, დედა კი - პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია, რომლის ბებიაც ოპერის ცნობილი მომღერალი, იტალიელი ვოზოლი გახლდათ.

მამა ადრე მოუკვდა ნატოს, პოლონელმა ქალმა ოთხი
ობოლი ქმრის მიტოვებულ, განადგურებულ მამულში წაიყვანა კახეთში. შემდეგ ნატო და მისი უფროსი და, კირა, თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდნენ. ნატომ თავისი პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეუყვარდა გოგონა, სწავლის
დამთავრებას აღარც დაუცადა, მოჰკიდა ხელი შვიდკლასდამთავრებულს და ცოლად მოიყვანა. ვაჩნაძესთან ნატოს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თენგიზი დაარქვეს.

ამასობაში კი ქართულ კინოსამყაროში დიდი ნაბიჯებით მოემართებოდა ქარიზმატული ნიკოლოზ შენგელაია. ამ ორ ადამიანს წინ ელოდა დიდი სიყვარული, სწორედ ისეთი, ყველაფერზე რომ უარს ათქმევინებს ადამიანს იმ ერთადერთი, ადიდებულ მდინარესავით წამოსული გრძნობის გარდა.

ნიკოლოზ შენგელაია 1903 წელს დაიბადა წალენჯიხის სოფელ ობუჯში. ნიკოლოზის მამა მებაჟე გახლდათ და ძალიან უნდოდა, ვაჟიც მის გზას დასდგომოდა. 9 წლის იყო ნიკოლოზი, ოჯახი საცხოვრებლად
ქუთაისში რომ გადავიდა. ნიკოლოზი სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარეს. პატარაობიდანვე დაეტყო ლექსის ტრფიალი, თავადაც წერდა, მაგრამ მამა არ გააწბილა და სწავლა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. პირველ კურსზევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო... კვლავ მამის ხათრით აგრძელებდა სწავლას. მერე მუშაობაც დაიწყო მებაჟედ. ვერა და ვერ დაუდო გული ამ საქმეს. 21 წლისა ფუტურისტი გახდა. ჭადარზე ავიდოდა და იქიდან კითხულობდა თავის ლექსებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს ნახა კოტე მარჯანიშვილმა შენგელაია. მისი არტისტულობით მოიხიბლა და სამუშაოდ მიიწვია. მცირე ხნის შემდეგ კი უთხრა, უკვე შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობაო... და შენგელაიამაც სცადა. "ელისო" მისი პირველი ნამუშევარი იყო, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა.

ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანია, ნატოს ეტრფოდა, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. "ელისოში" რეჟისორმა ნატოს და, კირა, ათამაშა მთავარ როლში. ამ დროს ნატოს სხვა ფილმში იღებდნენ.
ერთმანეთს "გიულის" გადაღებისას დაუახლოვდნენ.

ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:

ერთი თბილისური საღამოა, სადაც ზეიმობს ლექსი და სიმღერა. თბილისელებმა მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა, დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ და დასჭექა: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო... და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა (მაშინ ეს დიდი სითამამე იყო), ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი - გიორგი. ამბობენ, ნატოს სტალინი სწყალობდა, სამაგიეროდ, ბერია უმზერდაო ავად. ერთ-ერთი ვერსიით, მან ნატოს საყვარლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ერთხანს ნატო მოსკოვშიც ცხოვრობდა და კინოდოკუმენტალისტ ესტერ შუბთან ერთად მუშაობდა. 1932 წელს საქართველოში დაბრუნებულმა ნატომ ხმოვან კინოშიც ითამაშა - ჯერ სიკო დოლიძის "უკანასკნელ ჯვაროსნებში", მერე მიხეილ ჭიაურელის "არსენაში" (ნენოს როლი ხელმეორედ შეასრულა მუნჯური "არსენა ყაჩაღის" შემდეგ), მოგვიანებით კი - "ქაჯანაში" ერგო დედის როლი. შემდეგ იყო "აკაკის აკვანი".

გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა