"მხოლოდ ქუჩაში არ ვმღერი, ვინმეს გიჟი რომ არ ვეგონო"
07-08-2017
"მხოლოდ ქუჩაში არ ვმღერი, ვინმეს გიჟი რომ არ ვეგონო"
როგორ იქცა ინტერნეტგმი-რად 34 წლის ქუთაისელი პაატა თავდგირიძე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ახალგაზრდა ხელოსანი სარემონტო სამუშაოების შესრულებისას საოცრად მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა ხელოსანი, რომელიც თბილისის 123-ე საბავშვო ბაღს არემონტებს, საოცარი ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა. მისი ნიჭი არ გამოჰპარვიათ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე იქცა ინტერნეტგმი­რად­ 34 წლის ქუთაისელი პაატა თავდგირიძე. ის მოყვარული მომღერალია. ასეთებს არაპროფესიონალ შემსრულებლებს უწოდებენ,
თუმცა პაატა თავდგირიძე პროფესიონალებს არაფრით ჩამოუვარდება. აქამდე მხოლოდ ახლობლებთან მღეროდა, სოციალური ქსელის წყალობით კი მთელმა საქართველომ გაიცნო. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ მას სიურპრიზი მოუწყო და საბავშვო ბაღში, სადაც ამჟამად მუშაობს, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი "ბასიანი" მიუყვანა სტუმრად. სიურპრიზი მოულოდნელი, გულისამაჩუყებელი აღმოჩნ
და. მან "ბასიანთან" ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა და საჩუქრად მათი მუსიკალური ალბომი მიიღო. "კვირის პალიტრა" პაატას 123-ე საბავშვო ბაღში ესტუმრა.

პაატა პროფესიონალ მომღერლებთან ერთად სიმღერაზე ოცნებობდა, ეს ოცნება­ ცოტა ხნის წინ საპატრიარქროს მგალობელთა გუნდმა აუსრულა.
პაატა თავდგირიძე: - ერთი თვის წინ, მუშაობის დროს, ბაღის თანამშრომლებმა ვიდეო გადამიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. მერე საბავშვო ბაღების სააგენტოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, თქვენთან შეხვედრა გვინდაო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ანსამბლთან ერთად მომიწევდა სიმღერა. ბავშვობის ნატვრა ამიხდა - ნამდვილ პროფესიონალებთან ერთად ვიმღერე. ემოციების გადმოცემა ახლაც მიჭირს...

- სამომავლო გეგმები ხომ არ დაისახა ანსამბლთან ერთად?

- გამოთქვეს სურვილი, ვიარო მათთან რეპეტიციებზე, ვისწავლო მათი სხვა სიმღერები. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ არც სიმღერის მიტოვებას ვაპირებ და არც - ხელობის. მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ ოჯახში ყველა მღერის. წარმოშობით აჭარიდან ვარ, ლანჩხუთში დავიბადე და გავიზარდე, ახლა მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ქუთაისში ვცხოვრობ. ხან სად ვმუშაობ და ხან - სად. მეგობრებთან ვხუმრობ ხოლმე, პენსიას სად დამინიშნავენ, არ ვიცი-მეთქი.
უმაღლესის დამთავრების შემდეგ მივხვდი,­ რომ ჩემი პროფესიით ოჯახს ვერ ვარჩენდი და ხელობა ვისწავლე. ხუთი თვეა, რაც თბილისის 123-ე საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ყოველთვის ვღიღინებ, უფრო სწორად, როგორც ჩემი კოლეგა მეგობრები ამბობენ, ვმღერი.
მშობლები ლანჩხუთში ცხოვრობენ და იქ რომ ინტერნეტი იყოს, ალბათ, უამრავჯერ ნახავდნენ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. მე არ ვთვლი, რომ ვმღერი, ჩემთვის ვღიღინებ მუშაობისას.

- რომელ მომღერალს უსმენთ ყველაზე ხშირად?

- ჩემთვის უპირველესი ჰამლეტ გონაშვილია. ვსწავლობ "ქართული ხმების", კენჭიაშვილის, "ბასიანის" სიმღერებს. ძალიან მომწონს მათი შემოქმედება.

- როგორ იწყება თქვენი ჩვეულებრივი­ დღე?

- რა თქმა უნდა, ღიღინითა და იუმორით. ყველგან ვმღერი - ოჯახში, მეგობრებთან... ქუჩაში კი თავს ვიკავებ, ვინმეს გიჟი რომ არ ვეგონო.

- მიზანსა და გეგმებზე რას მეტყვით?

- ვფიქრობ, ოცნება ამიხდა. მთელმა ქვეყანამ გამიცნო. ისე, ბავშვობიდან რომ მესწავლა მუსიკა, შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ სანანებელი არაფერია. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო და ირგვლივ მყოფებს ცხოვრება გაუხალისო.

- მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავთ?

- ნოტები არ ვიცი, მაგრამ ვუკრავ სალამურზე, გიტარასა და პიანინოზე. ჩემი ერთადერთი მასწავლებელი მაგნიტოფონი და რადიოა.

- რამე ხომ არ შემოგთავაზეს, რაც თქვენი ნიჭის განვითარებაშიც დაგეხმარებათ და ოჯახის რჩენაშიც?

- ყველა შემსრულებელი ოცნებობს, ფილარმონიის სცენაზე ერთხელ მაინც იმღეროს, მაგრამ მე იმით ვამაყობ, რომ ვმღერი იმ ადამიანებისთვის, ვისაც კონცერტზე წასვლის შესაძლებლობა არა აქვს. მათი ბედნიერი თვალები ჩემთვის ყველაფერია. რაც შეეხება ფინანსებს, საკმარისი არასოდეს არის.
როცა საქართველოში ვერ ვშოულობ სამუშაოს, თურქეთში მივდივარ. იქ ხან ხელობით ვმუშაობ, ხანაც ჩაის ვკრეფ. უკვე 12 წელია, ასე ვართ. უკრაინაშიც ვყოფილვარ სამუშაოდ, მაგრამ ქართველ ხალხთან მუშაობას არაფერი სჯობია. იმედი მაქვს, ჩვენც მალე გვექნება სამუშაო ადგილები და არავის არსად წასვლა აღარ მოუწევს.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით - ანსამბლ "ბასიანს". ჩემთვის გულწრფელი მსმენელი ყველაფერია. ვეცდები, ყველას პატივისცემით, ყურადღებით გიპასუხოთ. მაქვს ერთი სურვილი: თუ ოდესმე მომეცემა შესაძლებლობა, საქველმოქმედო კონცერტებში მივიღო მონაწილეობა, ბედნიერი ვიქნები. ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
Keti
12 აგვისტო 2017 23:37
Kargo adamiano, Gaixare shens ojaxtan ertad! Gmertma carmateba davckaloba Ar mogaklos!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები