მეტისმეტად ნელა ეშვებოდა მზე აფხაზეთის ზღვაში... - დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავალი პრინცისა და პრინცესას საქართველო - კვირის პალიტრა

მეტისმეტად ნელა ეშვებოდა მზე აფხაზეთის ზღვაში... - დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავალი პრინცისა და პრინცესას საქართველო

მდიდრულ მისაღებ ოთახს ათბობს ეკატერინე ჭავჭავაძის დროინდელი ბუხარი; აქვე დაუდგამთ ხანძარს იღბლად გადარჩენილი XVIII საუკუნის ულამაზესი ხის კარადა, რომელიც პრინცესა ვერონიკას უნიკალურ კოლექციას - ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის დამღიან ნაწარმს უკავია. აქვე დგას ნაპოლეონ მესამის მაგიდა და სკამები, ნაპოლეონისეულია ამ და მომდევნო ოთახში დაკიდებული ჭაღებიც...

სამეგრელოში მოგზაურობისას ზუგდიდის რაიონში დასახლებულ დადიანებისა და მიურატების შთამომავლებთან სტუმრობა საგანგებოდ არ დამიგეგმავს. ლოტბარ, ფოლკლორისტ და ხატმწერ ბესო ჭითანავასგან შევიტყვე, რომ იგი სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შვილთაშვილის, პრინც ალან მიურატის მეუღლის - პრინცესა ვერონიკას ნათლია და ოჯახის უახლოესი მეგობარი ყოფილა. კათოლიკე პრინცესა მართლმადიდებლად სწორედ მას და პარიზში მცხოვრებ პრინცესა მოროზის მოუნათლავთ. შემომთავაზა, თუ გინდა, მიურატებთან სტუმრად წაგიყვანო და, აბა, უარს როგორ ვიტყოდი?! ასე შემთხვევით აღმოვჩნდი სოფელ ჭკადუაშში - სამეგრელოს მთავრების, დადიანების სანადირო სასახლეში. სწორედ ამ სოფელშია დასაფლავებული ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის სიძე - აშილ მიურატიც.

გვარიანად შელანძღულ რკინის ჭიშკარში შევედით და 40 წლის წინ აგებულ ხის კოტეჯს მივადექით. იქვე, გვერდით, ტყუპივით ამოსული ორი ულამაზესი ხე დგას, საკმაოდ "ასაკოვანი" სურნელოვანი ოსმანტუსი. ხეებს იქით დადიანების სამონადირეო სასახლეც გამოჩნდა - სწორედ იქ ცხოვრობენ მიურატები. პრინცი და პრინცესა ეზოში, გასაბერ აუზთან ფუსფუსებდნენ, ბავშვებს კი "სახლობანა" წამოეწყოთ.

პირველად მატილდა შემოგვეგება, პრინცისა და პრინცესას ქალიშვილი, 10 წლიდან საქართველოში იზრდება და არათუ ქართული, მეგრულიც კარგად იცის. ახლა ქართველ მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მისმა უფროსმა შვილებმაც კარგად იციან ქართული და ფრანგული. ბესო ჭითანავამ თითქოს შეაგულიანა, - ისეთი ყოჩაღი ხარ, ოთხ შვილზე არ გაჩერდებიო. მიურატების შთამომავალმა გულიანად იცინა - ახლა სხვებმა გაამრავლონ საქართველოო.

პრინცი 9-შვილიანი ოჯახის მეცხრე შვილია, პრინცესას ოჯახში კი თერთმეტი და-ძმა გაიზარდა. პრინცესა ვერონიკა გვარად დე შაბოა. მისი წინაპრები ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდნენ და ტიტული და გერბი სწორედ ამით მიუღიათ. იერუსალიმის პირველი ქრისტიანი მეფეც მისი წინაპარი ყოფილა. ბესო ჭითანავა მიამბობდა: ვერონიკას დედა რომ გარდაიცვალა და საფრანგეთში, დაკრძალვაზე ჩავედი, გაოგნებული დავრჩი, ისეთი შთამბეჭდავი პროცესია იყო - წარმოიდგინეთ, ერთმა ქალმა 200-ზე მეტი შთამომავალი დატოვა. დაკრძალვის ცერემონია ტაძარში დაიწყო და ყველა ოჯახს კონკრეტული ადგილი ჰქონდა მიჩენილი, ხოლო პროცესია რომ დაიძრა, შვილები თავიანთი მეუღლეებით, შვილებითა და შვილიშვილებით დაწყობილები მოდიოდნენ. პრინცესა ვერონიკას ერთი დისშვილი მღვდელია და მესა მან ჩაატარა, ორგანზეც მათი ოჯახის წევრი უკრავდა, დანარჩენი 200 კაცი გალობდა, დიდებული სანახაობა იყოო!

ყველანი მოთამაშე ბავშვებისკენ წავედით. შავგვრემნები ქართველები არიან, ქერები კი ფრანგებიო, - ღიმილით გვითხრა მატილდამ. აღმოჩნდა, რომ მისი "ოთხეულიდან" ორი ქერაა, ორიც - შავგვრემანი, დანარჩენი ქერათმიანები საფრანგეთიდან სტუმრად ჩამოსული პრინცესას შვილიშვილები იყვნენ (პირველი ქორწინებიდან მისი ქალიშვილის შვილები).

ამასობაში პრინცი და პრინცესაც შემოგვიერთდნენ. ქართული ორივეს კარგად ესმით, ეგაა, რომ თავისუფლად ვერ ლაპარაკობენ. პრინცმა ალანმა მაშინვე იქვე მდგომ უზარმაზარ ხეზე მიმანიშნა, - ეკატერინე ჭავჭავაძის სიცოცხლეში დაირგო, გინკო ბილობა ჰქვია და მისგან ბილობილს ამზადებენო. პრინცმა მიამბო, წლების განმავლობაში როგორ ცდილობენ დიდი ბაბუის სამონადირეო სასახლის დაბრუნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რამდენი მთავრობა გამოიცვალა საქართველომ, მაგრამ დღემდე ვერ ვიბრუნებთ ჩვენს ქონებასო. მატილდამ დაუმატა, - აქაურობა გავერანებული იყო. დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა - შპალერიც გააკრა და სამზარეულოს კაფელიცო. პრინცესა ვერონიკას მართლაც ძალიან დახვეწილი გემოვნებით მოუწყვია ოთახები. როგორც ზუგდიდელებმა მითხრეს, - გულისხმიერი და ქველმოქმედი ქალბატონიაო.

სასახლის ერთ ფლიგელში მოწყობილ სახელოსნოს ვეწვიეთ. ეს ოდესღაც დადიანების სასადილო ოთახი ყოფილა. საცხოვრებელ ნაწილში გადავინაცვლეთ და ულამაზესი ნივთების გალერეაში აღმოვჩნდით. მიურატებს აქ გადმოუტანიათ დადიანების ხის სასახლეში დიდი ხნის წინანდელ ხანძარს გადარჩენილი ნივთები - მსოფლიოს ისტორიაში ცნობილი პირველი მიურატის, ნაპოლეონ პირველის დის ქმრის, იოაჰიმის პორტრეტი; ალანის ბაბუა-ბებიის პორტრეტები; პიკასოს მეგობრის დახატული ალანის მამის - აშილის ბავშვობის პორტრეტი და სხვა. მდიდრულ მისაღებ ოთახს ათბობს ეკატერინე ჭავჭავაძის დროინდელი ბუხარი; აქვე დაუდგამთ ხანძარს გადარჩენილი XVIII საუკუნის ულამაზესი ხის კარადა, რომელიც პრინცესა ვერონიკას უნიკალურ კოლექციას - ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის დამღიან ნაწარმს უკავია. აქვე დგას ნაპოლეონ მესამის მაგიდა და სკამები, ნაპოლეონისეულია ჭაღიც...

პრინცმა ალანმა ყველა ოთახი მომატარა, შენობის უკანა მხარესაც გადამახედა. დაბლა, ხევში, დადიანებს ტბა ჰქონიათ. მასპინძელმა აფხაზეთის საზღვრისკენ გამახედა - იმ მხარეს ხშირად ვაკვირდებით მზის ჩასვლას, ულამაზესი სანახაობააო. რას წარმოვიდგენდი, რომ დაღამებამდე შევყოვნდებოდი მათთან, უგემრიელესი ღვინით საქართველოს სადღეგრძელოს შევსვამდი, მიურატებთან ერთად "საქართველოო, ლამაზოს" ვიმღერებდი, მერე კი ჩამავალი მზის საყურებლად ყველანი ერთად მივადგებოდით კედელში ამოჭრილ ოთხკუთხედს და მასპინძლებთან ერთად, ყელში ბურთგაჩრილი დავიწყებდი თვლას ათიდან ერთამდე - თითქოს ჯიბრზეო, მეტისმეტად ნელა ეშვებოდა მზე აფხაზეთის ზღვაში...

ირმა ხარშილაძე