"კავკასიაში პირველი "ველომერცხლები" ვართ" - კვირის პალიტრა

"კავკასიაში პირველი "ველომერცხლები" ვართ"

"ვაპირებთ მსხვილ ქარხნულ წარმოებაზე გადასვლას ქართული პროდუქციის ნიშნით. უცხოელი ინვესტორებისგან მომგებიანი შემოთავაზებები გვქონდა, მათი ბრენდის ხაზით გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ უარი ვთქვით. ძნელია, რასაც წლებია რუდუნებით ქმნი, ერთი ხელის მოსმით სხვას გადაულოცო"

27 წლის IT-ტექნოლოგიების უსაფრთხოების სპეციალისტ ალექსანდრე ადამაშვილს ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში, პატარა სახელოსნო-საწარმო აქვს, სადაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანადგართან ერთად, ველოკაფე-ბარებს, სასეირნო ველოეტლებსა და საოჯახო ველომობილებსაც ამზადებს.

- ამგვარი მოდელების ხაზი საქართველოში ჯერ ახალი ხილია. თუმცა, ყველა დიდ ქალაქში, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, უკვე ათეულობით ჩვენი ნახელავი ველომობილი დადის. გვაქვს შეკვეთები საზღვარგარეთიდანაც. ზოგიერთი დეტალის გამოწერა სხვა ქვეყნებიდან გვიწევს, რადგან აქ არ იშოვება. ახლო მომავალში ყველა საჭირო ნაწილს აქვე დავამზადებთ.

- ღირებულებას როგორ ადგენთ?

- მოდიფიკაციის მიხედვით, ველოკაფეების ღირებულება 1.500 ლარიდან იწყება და 3.500-მდე ადის. ეს უკანასკნელი მზის ელემენტებზეა, სამაცივრე მოწყობილობით, ბარით, ონკანით, ელექტრო ან გაზქურით, საშაურმით და ა.შ. სასეირნო და საოჯახო ველომობილები ერთმანეთისგან სიმძლავრითა და დიზაინით განსხვავდება, ვამზადებთ 2, 4 და 8-კაციან მოდელებს.

არსებობს ველომოდელები, რომელთა ფასი "ფერარის" ფასებსაც კი უტოლდება 70-80 000 ევროს ფარგლებში. არის ქალაქები, სადაც აკრძალულია სხვა სახის ტრანსპორტი, გარდა ეკოლოგიურად სუფთა ველოსიპედებისა.

- გიკვეთენ თუ მომხმარებლებს მოდელებს თქვენვე სთავაზობთ?

- ყველა კლიენტს განსხვავებული დიზაინისა და მომსახურების პროდუქტი სურს. საშუალება აქვთ ინტერნეტით ჩაერთონ დამზადების პროცესში, ნებისმიერ დროს შეცვალონ მოდელის დიზაინი ან მოითხოვონ რომელიმე დეტალის დამატება.

- ხომ არ გიცდიათ, თქვენი ველომობილები დასასვენებელი, გასართობი პარკებისთვის ან დაცული ტერიტორიებისთვის, ნაკრძალებისა და სანადირო-სათევზაო მეურნეობებისთვის შეგეთავაზებინათ?

- გვქონდა შეხვედრები, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებთანაც. სამწუხაროდ, ქართული პროდუქციით ვერ დავაინტერესეთ, საზღვარგარეთიდან შემოტანა არჩიეს. მოვითხოვეთ მიმდებარე ტერიტორიის გადაცემაც, სადაც საწარმო გვქონდა, რათა მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონოდა, გამოეცადა მოდელი, ჯერ კიდევ ყიდვამდე. ტერიტორია მცირე შემადგენელი ნაწილი იყო უზარმაზარი ფართობისა, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა, ამიტომ მისი მთლიანი შესყიდვა მოგვთხოვეს, ამის საშუალება არ გვქონდა. მაინც ვფიქრობთ მოსახერხებელ ადგილას დასასვენებელი და საგამოცდო ველოპარკის მოწყობას.

- კიდევ თუ ამზადებენ საქართველოში ველოკაფეებს?

- არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში პირველი "ველომერცხლები" ვართ. ახლომახლო მხოლოდ თურქეთში ამზადებენ. ვაპირებთ მსხვილ ქარხნულ წარმოებაზე გადასვლას ქართული პროდუქციის ნიშნით. უცხოელი ინვესტორებისგან მომგებიანი შემოთავაზებები გვქონდა, მათი ბრენდის ხაზით გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ უარი ვთქვით. ძნელია, რასაც წლებია რუდუნებით ქმნი, ერთი ხელის მოსმით სხვას გადაულოცო. გვინდა ქართული პროდუქცია მზადდებოდეს ქართველების ხელითა და ქართველებისთვის.

კახა მჭედლიშვილი