რეინჯერი გოგონას თუშური ცხოვრება - კვირის პალიტრა

რეინჯერი გოგონას თუშური ცხოვრება

სალომე იდოიძე: "აქ ძირითადი სატრანსპორტო საშუალება ცხენია, მით უმეტეს ჩემს ბავშვობაში, როცა ავტომანქანა იშვიათობას წარმოადგენდა. ამიტომ ცხენზე ჯირითი თითქმის ყველამ იცის"

თუშეთის ეროვნულ პარკში სალომე იდოიძე ერთადერთი ქალი რეინჯერია. პატრულირებისას მის დანახვაზე გაოცებული თვალები და "ვა, რა მაგარია!", "ყოჩაღ, შენ" შეძახილები დიდი ხანია აღარ აბნევს. ამბობს, რომ ძალიან უყვარს თავისი საქმე და სამუშაო ადგილის შეცვლაზე არც ფიქრობს.

- თავისუფალ დროს თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ვმოხალისეობდი, სწორედ მაშინ გამოჩნდა რეინჯერის ვაკანსია და ბევრი არც მიფიქრია. ისიც კი არ ვიცოდი, რომ სხვა რეინჯერი ქალი არ არსებობდა, დავწერე განცხადება და ამიყვანეს.

თავდაპირველად ყველა გაოცებული მიყურებდა. განსაკუთრებით ქართველ ტურისტებს აკვირვებდა ჩემი დანახვა, მაგრამ თუშეთში ქალის აქტიურობა არც ისე გასაოცარი მოვლენაა.

- მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- სიმართლე გითხრათ, მათთან არც შემითანხმებია წინასწარ. მამა თუშეთში ცხოვრობს, დედა ამჟამად საზღვარგარეთ არის.

- არ გეშინია, პატრულირებისას რომელიმე მტაცებელი რომ დაგესხას თავს?

- ამის რისკი ყოველთვის არის, თუმცა, მაგაზე არც ვფიქრობ ხოლმე.

- ალბათ, ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა გიწევს, მანქანით დადიხარ?

- საპატრულო მარშრუტს ზოგჯერ მანქანით გავდივარ, სადაც სამანქანო გზა არ არის - იქ ცხენით. ხანდახან ფეხითაც გვიწევს სიარული.

- ასე კარგად სად შეისწავლე ჯირითი?

- ბავშვობიდან ვჯირითობ. ყოველ ზაფხულს თუშეთში ვატარებდი, აქ ძირითადი სატრანსპორტო საშუალება ცხენია, მით უმეტეს ჩემს ბავშვობაში, როცა ავტომანქანა იშვიათობას წარმოადგენდა. ამიტომ აქ ცხენზე ჯირითი თითქმის ყველამ იცის. ჯირითის გარდა, რეინჯერი მთის მკაცრ კლიმატსა და რთულ რელიეფსაც უნდა ეგუებოდეს, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარიც. 20 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე, მას შემდეგ 6 წელი გავიდა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი საქმე და გამოცდილებაც მემატება...

ძირითადად, მეცხვარეებსა და მოსახლეობას ვხვდები, თუ ისეთ სოფლებში არიან, სადაც არ არის სატელეფონო კავშირი, მაშინ ინფორმაციის გადამცემის როლსაც ვირგებ - უკან დაბრუნების შემდეგ ვურეკავ მათ ნათესავებს და გადავცემ დანაბარებს.

აქაურები ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ყოველთვის ახარებთ ჩვენი გამოჩენა, მაშინვე სუფრას გაგვიშლიან. ხშირად ჩვენი რამდენიმე დღის სამყოფი საგზალი ხელუხლებელი მოგვაქვს უკან.

- შენი დღევანდელობა თუ არის ახლოს წარსულის ოცნებებთან?

- ბავშვობაში რეინჯერობაზე ნამდვილად არ ვოცნებობდი და ვერც ვიოცნებებდი, რადგან ჩვენში ჯერ არ არსებობდა მსგავსი პროფესია. ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა ტანსაცმლის დიზაინი, არც ახლა ვიტყოდი ამაზე უარს...

- რა პროფესიის ხარ?

- ბიზნესის მართვას ვსწავლობ.

- რეინჯერობის პარალელურად როგორ ცხოვრობ?

- ჩვეულებრივ - მყავს მეგობრები, მიყვარს მოგზაურობა, ვცდილობ გავეცნო საქართველოს ყველა კუთხეს და ეროვნულ პარკებს. კიდევ ფოტოგრაფიაა ჩემი გატაცება და თუშეთში ხედებისა და პეიზაჟების მეტი რა არის.

- სადაც სახლობ, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- დართლოში ვარ ხოლმე. თავისუფალ დროს ისე ვატარებ, როგორც აქაური ახალგაზრდები - საღამოობით დიდ კოცონს ვანთებთ და ათასგვარ გასართობს ვიგონებთ. ხანდახან მეზობელ სოფლებში მივდივართ ხატობაზე ან ისე, უმიზეზოდაც.

ეკა სალაღაია