"ერთიანად ვკანკალებდი, როდესაც 5 წლის პატარას პირველად დახმარებას ვუწევდი" - მყვინთავ-მაშველის ფათერაკიანი ცხოვრება
17-08-2017
"ერთიანად ვკანკალებდი, როდესაც 5 წლის პატარას პირველად დახმარებას ვუწევდი" - მყვინთავ-მაშველის ფათერაკიანი ცხოვრება
"როდესაც ხუთბალიან ქარიშხალში შედიხარ, არ იცი, შეძლებ თუ არა წყლიდან ამოსვლას. ასეთ დროს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობ, რომ დაშავების შემთხვევაში, შესაძლებელია, განსაცდელში მყოფს გადარჩენის შანსი შეუმცირდეს"

33 წლის ვახტანგ მიქელაძე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავ-მაშველია, მას არც რამდენიმებალიანი ქარიშხალი აშინებს, არც წყლის სიღრმე და ჰქონია შემთხვევა, როდესაც დაკარგული ადამიანის მაძიებელი რამდენიმე დღე ზღვიდან არც გამოსულა. ამიტომაც არის დაჯილდოებული სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის.

- სამედიცინო განათლება მივიღე,
თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის პროფესია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავს მივუძღვნიდი. სტომატოლოგია მივატოვე და ბედი სამხედრო სფეროში ვცადე - სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი გავხდი, შემდეგ მაშველთა რიგებში გადავინაცვლე. მიყვარს წყალი, რაც მთავარია, შემიძლია, დავეხმარო ხალხს ყველაზე რთულ სიტუაციაში...

- თქვენ თუ ჩავარდნილხართ
მძიმე სიტუაციაში?

- ბევრჯერ. როდესაც ხუთბალიან ქარიშხალში შედიხარ, არ იცი, შეძლებ თუ არა წყლიდან ამოსვლას. ასეთ დროს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობ, რომ დაშავების შემთხვევაში, შესაძლებელია, განსაცდელში მყოფს გადარჩენის შანსი შეუმცირდეს.
როდესაც ჩვენს იმედად მყოფამდე მივაღწევთ და მას ხელს ჩავჭიდებთ, მერე უკვე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
არაერთხელ ამოგვიყვანია წყლიდან უგონოდ მყოფი ადამიანი. ამ შემთხვევებში ხელთ არსებულ ყველა რესურსს ვიყენებთ, რომ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე როგორმე გონზე მოვიყვანოთ. ამ დროს ძალიან გვადგება სამედიცინო მომზადება, რომელიც ყველა მაშველმა გავიარეთ.

- რისი ბრალია, ასე რომ მომრავლდა წყალში დახრჩობის ფაქტები და რას ურჩევთ ტალღებთან ურჩ მებრძოლებს?

- ვერ ვიტყვი, რომ წარსულში ასეთი ფაქტები არ არსებობდა. არასასურველი შედეგი, ძირითადად, გაუფრთხილებლობის გამო დგება. ასეთ ფაქტებს შორისაა­ ნასვამი ადამიანების ზღვაში შესვლა. მთვრალი ადამიანის რეაქციები შენელებულია, ადეკვატურად ვერ აფასებს საფრთხეს და საკუთარ შესაძლებლობებს. ვისაც გულის პრობლემები აქვს, რამდენიმე წამში შეიძლება დაიღუპოს - ორგანიზმი დატვირთვას ვერ უძლებს. რომ არა მაშველები, ამ მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა მეტი იქნებოდა.

ზღვაში დაკარგულთა საძიებო ოპერაციებში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დღე ზღვიდან არ გამოვსულვარ. ცოტას ვისვენებდი, ძალას ვიკრებდი და წყალში ვბრუნდებოდი. 30 მეტრ სიღრმეზე მიძებნია ადამიანი, რომელიც მერე შემთხვევის ადგილიდან კილომეტრების დაშორებით მიპოვია. ეს ურთულესი პროცესია როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
მაშველი ყველა შემთხვევას განიცდის. არ დაიჯეროთ, რომ მისთვის სულერთია, წყლიდან ცოცხალ ადამიანს ამოიყვანს თუ ცხედარს.
იმისათვის, რომ სანაპიროზე უსაფრთხოდ დაისვენოთ, ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე დამონტაჟებულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს; არ გასცდეთ მაშველთა­ პატრულირების არეალს; ნუ შეხვალთ წყალში ნასვამი ან ნაბახუსევზე; ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, ნუ დატოვებთ მათ უმეთვალყურეოდ.

- როგორი ზონები ითვლება საბანაოდ ყველაზე საშიშად?

- საშიშია მდინარის შესართავი, ჩქარი დინება, უხვი წყალმცენარეები, მღვრიე წყალი...

- გაიხსენეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ.

- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი: ჩემი სამუშაო საათები ახალი დამ­თავრებული იყო. შინ დაღლილი მივედი და ეზოში ჩამოვჯექი. ჩემს სახლთან საბავშვო ბაღია, სადაც უცებ ჩოჩქოლი ატყდა. შენობისკენ გავიქეცი. მისულს ბავშვი დამხვდა უგონოდ. პირველადი დათვალიერებით მივხვდი, რომ ფილტვები ჰქონდა შეკრული და ვეღარ სუნთქავდა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე რაღაც უნდა გამეკეთებინა, ბავშვი ხუთი წლის იყო, მყიფე­ ძვლებით და სუსტი აგებულებით... ერთიანად ვკანკალებდი, როდესაც პირველად დახმარებას ვუწევდი. დღეს ხშირად ვხედავ მას ჩემს სახლთან. ყოველი მისი დანახვა მახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, მაშველმა ოპერატიულად, უშეცდომოდ იმოქმედოს.

- სახალისო თუ გადაგხდენიათ თავს?

- მახსოვს, ქარიშხალში ზღვაში შესულ ტურისტს დავეხმარეთ. როდესაც ნაპირზე გამოგვყავდა, გვითხრა, ხელზე ფეხსაცმელი მქონდა წამოცმული და წყალმა წამართვაო. კატეგორიულად მოითხოვდა, ფეხსაცმელი მიპოვეთო. ცალი ვიპოვეთ, მეორის მოსაძებნად კი იმ ქარიშხალში ზღვაში ვეღარ შევედით. გაბრაზებულმა ნაპოვნი ცალიც ზღვაში მოისროლა.

- რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია მაშველი?

- ეს არ არის მხოლოდ პროფესია და სამსახური, ეს არის ჩვენი მოვალეობა - გადაარჩინო განსაცდელში მყოფი ადამიანი! მაშველების ყველაზე დიდი ჯილდო გადარჩენილი ადამიანის დანახვაა - ამას ვერაფერს შეადარებ.

ნანა ფიცხელაური
ადამიანი
09 დეკემბერი 2017 04:23
ასეთ ბიჭებზე ესაუბრეთ ახალგაზრდებს, ასეთები აქციეთ სამაგალითონი, შეახვედრეთ ბავშვებს სჯოლაში!!! ვისურვებდი, ყველს სკოლაში , ყოველ კვირა, თქვენნაურმა. ვაჟკაცმა და მომზადებულმა პიროვნებამ ესაუბროს ბავშვებს. დავიღალე ამ უსაქმური-უქნარა ქურდებით, ჩაცუცქულებით და ვითომ კაი ბიჭებით რა...
Shorena
01 სექტემბერი 2017 13:18
Shenxar magari adamianii da shenii saqmis propesionaliii jamrtelobaada warmatebebi qonodes cxovrebashii
ელო
30 აგვისტო 2017 13:25
ვახო შენით ყველა ვამაყობთ ... გმირი და მისაბაძი ადამიანი ხარ

რედაქტორის რჩევით