"ოთხი შვილის დედა, 5 წლის გოგონასთან ერთად, დანარჩენი შვილების თვალწინ მოკლა..." - კვირის პალიტრა

"ოთხი შვილის დედა, 5 წლის გოგონასთან ერთად, დანარჩენი შვილების თვალწინ მოკლა..."

"დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. კიდევ კარგი დანარჩენმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს. მაგრამ მათთვისაც რამხელა სტრესია, საკუთარი თვალით ნახეს ეს საშინელება. უფროსმა გოგონამ დაურეკა მამას, - გვიშველე, დედას მანქანა დაეჯახაო..."

სურამში ავტოსაგზაო კატასტროფას კიდევ ერთი ლამაზი დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ფეხითმოსიარულეთა გაზონზე შევარდნილმა მანქანამ 37 წლის ჩოხატაურელი შორენა მეგრელიშვილი და მისი 5 წლის გოგონა შეიწირა. შორენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მეუღლე იყო. ის კურორტზე ოთხ შვილთან ერთად იმყოფებოდა, ავტოკატასტროფისას გარდაცვლილს ოთხივე შვილი თან ახლდა, თუმცა სამმა მათგანი ტროტუარზე შევარდნილი მანქანასაგან გაქცევით უშველა თავს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული მძღოლი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს, თუმცა, ეს ტრაგედიის სიმძიმეს ვერ ცვლის...

ტრაგედიაზე ჩოხატაურელი ქალბატონი გვესაუბრება, რომლის თხოვნითაც ვინაობას არ ვასახელებთ:

- შორენა და მისი მეუღლე სიყვარულით შეუღლდნენ და ეს სიყვარული დღემდე მოჰყვებოდათ. იმიტომაც  ააწყვეს ოჯახი. ოთხი ქალიშვილი შეეძინათ - უმცროსი ორი გოგონა ტყუპი. უფროსი მეხუთე კლასშია... შორენა და მისი მეუღლე, ამ ბავშვებისთვის ცოცხლობდნენ. ოთხი შვილის გაზრდა ადვილი არ არის, მაგრამ უნდა გენახათ, რამდენ ძალისხმევას ხარჯავდა ცოლ-ქმარი იმისთვის, რომ ბავშვებს ყველაფერი დროულად ჰქონოდათ, - კვებაც, სწავლაც, დასვენებაც და განათლებაც.

- გავრცელებული ინფორმაციით დედა-შვილი ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკზე შევარდნილმა მანქანამ შეიწირა.

- დიახ, მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, როგორც გვითხრეს, მძღოლი სალონში წყლის ბოთლს ეძებდა და წინ რა ხდებოდა სულ არ უყურებდა, არც დაუმუხრუჭებია როცა საჭე გაექცა...

უთქვამს, წყალს ვსვამდი, მაგრამ ბოთლი მანქანის სალონში ჩამივარდა, მისი ამოღება მინდოდა და ამ დროს გამეშვა საჭეზე ხელიო. ასეთი ძალით შევარდნილი მანქანა კორპუსსაც კი დაანგრევდა, არათუ უმწო დედა-შვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. კიდევ კარგი დანარჩენმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს. მაგრამ მათთვისაც რამხელა სტრესია, საკუთარი თვალით ნახეს ეს საშინელება. უფროსმა გოგონამ დაურეკა მამას, - გვიშველე, დედას მანქანა დაეჯახაო... გიჟივით გავარდა საწყალი კაცი, არადა, მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს -

მიხოს საკმაოდ რთული ოპერაცია აქვს გაკეთებული ფეხზე და შორენა დიდი ხანის განმვალობაში გვარდიდან არ სცილდებოდა, უვლიდა... არ ვიცი, ახლა რა ეშველებათ, იმედია, გამოძებნის ძალას და გოგონებს სითბოსა და მზრუნველობას არ მოაკლებს.

ან მძღოლმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მანაც ხომ გაიმწარა სიცოცხლე - ოთხი შვილის დედა, 5 წლის გოგონასთან ერთად, დანარჩენი შვილების თვალწინ მოკლა...

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)