პირველი და ერთადერთი შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში
20-08-2017
პირველი და ერთადერთი შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში
მილიგანის თითქმის ყველა პიროვნება განსაკუთრებულ ნიჭს ან უნარს ფლობდა. ამასთან, თითოეული მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ სფეროში ითვლებოდა პროფესიონალად. ყველას ინტელექტის განსხვავებული კოეფიციენტი ჰქონდა და განსხვავებულად აღიქვამდა საკუთარ არსებობას

იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, ანუ პიროვნების გაორება, ადამიანის ცნობიერებაში რამდენიმე ცალკეული ადამიანის არსებობას ნიშნავს, როცა თითოეულ მათგანს შეუძლია საერთო სხეულზე კონტროლის მოპოვება. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ამგვარი აშლილობით მოსახლეობის დაახლოებით 1-დან 5%-მდე იტანჯება. ჩვეულებრივ, მათ დამატებით ერთი ან ორი პიროვნება ჰყავთ, თუმცა,
ბილი მილიგანის შემთხვევა, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, ფსიქიატრიის ისტორიაში უნიკალურია.

22 წლის ახალგაზრდის ცნობიერებამ ოცდაოთხი დამოუკიდებელი პიროვნება დაიტია. 1977 წელს ოჰაიოს შტატის საუნივერსიტეტო ქალაქში სამი გოგონა ემსხვერპლა სექსუალურ ძალადობას. ერთ-ერთის ჩვენებით, რომელმაც მოძალადე პოლიციის კარტოთეკაში ფოტოზე ამოიცნო, ახალგაზრდა მამაკაცი 3 წლის გოგონასავით იქცეოდა.

მოძალადე
ორი წლით ადრე შეიარაღებული ძარცვისთვის ნასამართლები ბილი მილიგანი აღმოჩნდა. დაკავებისას ის უცნაურად იქცეოდა და პოლიციამ ჩათვალა, რომ მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად სიმულირებდა ფსიქიკურ აშლილობას, თუმცა, ექსპერტიზამ მილიგანს ჯერ მწვავე შიზოფრენია დაუდგინა, შემდეგ კი მრავლობითი აშლილობა. მილიგანი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფსიქოლოგმა, რომელმაც მილიგანს გამოკვლევა ჩაუტარა, მის გონებაში ჩასახლებული არა ერთი, არამედ, სულ მცირე, ათი პიროვნება აღმოაჩინა. ისინი მონაცვლეობით აკონტროლებდნენ მის სხეულს და სწორედ ამით აიხსნებოდა მილიგანის უცნაურობანი - ხმის ცვალებადობა, მიმიკა და გარეგნობაც კი, რადგან როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა პიროვნება, ასაკი და ეროვნება, ხასიათი და ტემპერამენტი, უნარი და ფუნქციაც განსხვავებული ჰქონდა.

ფსიქიატრებმა, რომლებიც მილიგანის ძალადობისკენ მიდრეკილების მიზეზს მის ბავშვობაში ეძებდნენ, დაადგინეს, რომ ბიჭი არასრულფასოვან ოჯახში გაიზარდა. დედამისი დოროთი მილიგანი და ჯონი მორისონი, არ იყვნენ დაქორწინებული, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ. ოჯახის მდგომარეობა მაშინ დამძიმდა, როცა ჯონიმ თვითმკვლელობა სცადა. მართალია, გადარჩა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მორისონმა თავის მოკვლა მხუთავი აირით სცადა და მიზანსაც მიაღწია. ჯონის გარდაცვალების შემდეგ დოროთი სამ შვილთან ერთად სერკვილში დაბრუნდა და ჩალმერ მილიგანი გაიცნო.
მილიგანთან ბილის ცხოვრება კოშმარად იქცა. ჩალმერი ნამდვილი სადისტი გამოდგა - რვა წლის გერი ჯერ თოკით შეკრა, შემდეგ კი ფარდულში გააუპატიურა. ჩალმერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბილის კი გადატანილი სტრესის ფონზე "ჩაუსახლდნენ" პიროვნებები. თუმცა, მილიგანის ბიოგრაფის, დენიელ კიზის მტკიცებით, უსახელო ბიჭუნა, კრისტინი და შონი ბილის ცხოვრებაში ბევრად ადრე, სამი-ოთხი წლის ასაკში მამის თვითმკვლელობის შემდეგ დაიბადნენ. ასაკის მატებასთან ერთად კი გამრავლდნენ.

1975 წელს აფთიაქის ძარცვისთვის მილიგანი ციხეში მოხვდა, საიდანაც ორ წელიწადში პირობით გათავისუფლდა, მაგრამ 1977 წელს ისევ დააპატიმრეს და სასამართლო პროცესზეც მოუწია გამოსვლამ, სადაც ფსიქიატრებმა მისი პიროვნებების გაერთიანება სცადეს, თუმცა, ძლიერი სტრესის გამო ეგრეთ წოდებული ინტეგრირებული პიროვნება ისევ "დაიშალა". ბილის თვითგანსაზღვრის პრობლემა შეექმნა და საკუთარი სახელის გახსენებაც კი გაუჭირდა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ბილიმ აღიარა საკუთარ ცნობიერებაში უცნობი პიროვნებების არსებობა, რომელთაგანაც ათი ძირითადი იყო, დანარჩენი კი დათრგუნა და არასასურველად გამოაცხადა. პიროვნებათა კალეიდოსკოპი საოცარი იყო: ინტელექტუალი არტურით დაწყებული და დასრულებული პატარა კრისტინით, რომელმაც ბილის ტორტიც კი გამოუცხო დაბადების დღეზე.

ძნელი იყო ბილის დაკითხვა და ფსიქიატრები იძულებული გახდნენ, არტურისთვის მოეთხოვათ მისი გაღვიძება, რომელმაც იმ პირობით მისცა სპეციალისტებს ბილისთან საუბრის უფლება, თუ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ და სუიციდისკენ მიდრეკილ მილიგანს საკუთარი თავისგან დაიცავდნენ.

არტურ სმიტი
- 22 წლის დახვეწილი ინგლისელი ლონდონური აქცენტით, კონსერვატორი, მედიცინით გატაცებული და რამდენიმე დარგის ექსპერტი, რომელმაც დამოუკიდებლად ისწავლა სუაჰილი და არაბული. პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა, რომ მარტო არ არის და ბილის სხეულში მეტისმეტად ბევრმა პიროვნებამ მოიყარა თავი. მანვე შეიმუშავა ქცევის წესები დანარჩენებისთვის და რეიჯენთან გაინაწილა საერთო სხეულზე პასუხისმგებლობა.

რეიჯენ ვადასკოვიჩი
- 22 წლის იუგოსლავი მკვეთრად გამოხატული სლავური აქცენტით, წერს და კითხულობს სერბულ-ხორვატულად, რომელიც ბილის არასოდეს უსწავლია. დალტონიკი, ხატავს მხოლოდ მონოქრომულ ნახატებს, ბრწყინვალედ ისვრის და ფლობს აღმოსავლური ორთაბრძოლების ტექნიკას. ფიზიკურად ძლიერი, პასუხს აგებს სხეულის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ქალებს და ბავშვებს თავგამოდებით იცავს, მაშინაც კი, თუ კანონის დარღვევა მოუწევს. ეტანება ალკოჰოლს, უარს არ ამბობს არც ნარკოტიკზე.

ალენი - 18 წლის თაღლითი, "ოჯახის" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, ბრწყინვალე ორატორი და მანიპულატორი. ცაცია და თამბაქოს მწეველი, რომელიც სხვებზე ხშირად ურთიერთობს გარე სამყაროსთან.

ტომი - 16 წლის, ჩინებულად ერკვევა მექანიკასა და ელექტრონიკაში. შეუძლია როგორც მექანიკური, ისე ელექტროსაკეტების გაღება, დამოუკიდებლად შეუძლია ხელბორკილის მოხსნა, რაც გააკეთა კიდეც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხატავს პეიზაჟებს, უკრავს საქსოფონზე.

დენი - 14 წლის შეშინებული ბიჭი. არ ენდობა ადამიანებს, განსაკუთრებით ეშინია მამაკაცების. სწორედ დენი ფლობდა მილიგანის ცნობიერებას, როცა მამინაცვალმა საფლავის ამოთხრა აიძულა და ისე ჩამარხა, რომ მხოლოდ სასუნთქი ხვრელი დაუტოვა. ეშინია მიწის და არასოდეს წვება ბალახზე. ხატავს მხოლოდ ნატიურმორტებს.

დეივიდი - 8 წლის ბიჭი. "ტკივილის შემნახველი", რომელიც მხოლოდ სხვისი ტკივილის საკუთარ თავზე მისაღებად ჩნდება. ფსიქიატრების აზრით, დეივიდი მაშინ გაჩნდა, როცა ბილი სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

ქრისტოფერი
- 13 წლის ინგლისელი. უკრავს ჰარმონიკაზე. მისი და, სამი წლის კრისტინი, ერთ-ერთი პირველი იყო მილიგანის მრავალრიცხოვან "ოჯახში," ეგრეთ წოდებული ბავშვი კუთხისთვის, რომელიც სახლშიც და სკოლაშიც სულ კუთხეში იდგა. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით მშვიდად იტანდა დასჯას. "ოჯახისა" და განსაკუთრებით რეიჯენის რჩეული. ბილის ცნობიერების დაუფლებით კრისტინი დედას ეხმარებოდა და ზრუნავდა უმცროს დაზე.

ადალან
ა - 19 წლის აქტიური ლესბოსელი. აკონტროლებს კვებას და წესრიგს "ოჯახში". წერს ლექსებს. სწორედ ადალანა ფლობდა ბილის ცნობიერებას სტუდენტი გოგონების გაუპატიურებისას, თუმცა, დაპატიმრებამდე მისი არსებობის შესახებ მხოლოდ კრისტინმა და არტურმა იცოდნენ, რომელმაც ადალანა არასასურველ პიროვნებად დაასახელა და სამუდამოდ აუკრძალა ცნობიერების მართვა. არასასურველ პიროვნებებს შორის განსაკუთრებით საინტერესო მოგზაურობასა და თავგადასავლებზე მეოცნებე 17 წლის ბობი აღმოჩნდა, რომელიც საპატიმროში შიმშილობის გამოცხადების შემდეგ აითვალწუნეს. არასასურველთა ნუსხაში მოხვდა 19 წლის ნიუიორკელი ტრაბახა და თვითმკვლელი მარტინიც, რომელსაც არ ჰქონდა თვითგანვითარების სურვილი. ხუმარა და ლაზღანდარა 20 წლის სტივი კი, რომელსაც ყოველთვის ეხერხებოდა ადამიანების გამხიარულება, რეიჯენმა დაიწუნა, რადგან ციხის უფროსის პაროდიისთვის იზოლატორში მოხვდა და დანარჩენებიც გაიყოლა.

18 წლის სემიუელი -
მორწმუნე იუდეველი და მილიგანის ერთადერთი რელიგიური პიროვნება. 22 წლის ავსტრალიელი მონადირე უოლტერი კი ბარბაროსობისთვის დასახელდა არასასურველად, როცა ტყეში უმიზეზოდ მოკლა ყვავი.

მილიგანის თითქმის ყველა პიროვნება განსაკუთრებულ ნიჭს ან უნარს ფლობდა. ამასთან, თითოეული მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ სფეროში ითვლებოდა პროფესიონალად. ყველას ინტელექტის განსხვავებული კოეფიციენტი ჰქონდა და განსხვავებულად აღიქვამდა საკუთარ არსებობას.

მკურნალობის დროს ფსიქიატრებმა მილიგანის ოცდამეოთხე და, ალბათ, უმთავრესი პიროვნება, 26 წლის ეგრეთ წოდებული მასწავლებელი აღმოაჩინეს, რომელიც დანარჩენების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენდა. დახვეწილი იუმორისა და სხარტი გონების მასწავლებელი ერთადერთი იყო, ვინც ბილი მილიგანის რეალურ ისტორიას სრულად მოჰყვა.

ათწლიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, 1988 წელს, ბილის დაშლილი პიროვნება ერთიანად გამოცხადდა. მას ყველა ბრალდება მოეხსნა და ფსიქიატრების მფარველობისგანაც გათავისუფლდა. მილიგანი კალიფორნიაში გადაბარგდა, სადაც კინოსტუდია დააარსა, თუმცა, გაკოტრდა და რადგან ახლობლებს მასთან ურთიერთობა არ სურდათ, დაბინავდა პენსიონერთა სახლში, სადაც 2014 წლის 16 დეკემბერს 59 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ფსიქიატრიაში ამ არაორდინარულმა შემთხვევამ ფართო რეზონანსი გამოიწვია, თუმცა, ყურადღება მიიპყრო არა უცნაურმა მილიგანმა, რომელიც საზოგადოებამ მსხვერპლად აღიარა, არამედ მთელი მისი მრავალრიცხოვანო "ოჯახის" შემქმნელმა ნახატებმა, საოცარმა ნატიურმორტებმა და პეიზაჟებმა, რომელთაც მართალია, სხვადასხვა, მაგრამ მაინც ერთი ავტორი ჰყავდა.­ საკუთარი ოთახის კედლებს ბილი ხან ულამაზესი ფრესკებით ამშვენებდა, ხანაც­ მათემატიკური ფორმულებით აჭრელებდა. მილიგანის ფენომენი დღესაც ამოუხსნელია, თუმცა, ნათელია, რომ არაჩვეულებრივი ინტელექტისა და შესაძლებლობების პატრონი იყო, რაც უპირველესად მის ნახატებში აისახა.

ბილი მილიგანის გარდაცვალების შემდეგ თითქმის ყველა მისი ნახატი გაიყიდა, თანხა კი გადარიცხეს ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლის ცენტრში, რომელიც ბილიმ პენსიონერთა სახლში ცხოვრებისას დააარსა.

იხილეთ სიუჟეტი
ილია
21 აგვისტო 2017 00:24
რა სცენარი გაუშვია ჰიჩკოკს ხელიდან?!
"ობიექტური შემფასებელი"
20 აგვისტო 2017 14:48
ვალიკო,რაო რა მინდაო?
-არაფერი,დაწერა,რა (ეგ ინფორმაცია გვჭირდებოდა ყველაზე მეტად)

რედაქტორის რჩევით