"გერმანელებმა ორ დღეში 14 ქართული სიმღერა ისწავლეს!" - კვირის პალიტრა

"გერმანელებმა ორ დღეში 14 ქართული სიმღერა ისწავლეს!"

ქართულ-გერმანული დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით სხვადასხვა აქტივობა და კულტურულ-გაცვლითი პროგრამები დაიგეგმა და ჩატარდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციებისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი (ვორკშოპი), რომელიც 8-10 ივლისს ბერლინში გაიმართა. მუსიკოსები რატი ჯულაყიძე და ნინო ქუმსიშვილი ორი დღის განმავლობაში გუნდ "კანტამუს ბერლინისა" და სხვადასხვა გუნდის წევრებს ქართულ ხალხურ საგუნდო ხელოვნებას აცნობდნენ. შესაძლოა, ვიღაცისთვის ორი დღე არც ისე დიდი დროა, თუმცა, გააჩნია რისთვის... ეს პერიოდი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვორკშოპის თითოეული წევრი გამსჭვალულიყო ქართული სიმღერის მადლით, სიღრმით, სიდიადით და მის თაყვანისმცემელთა რიცხვში გაერთიანებულიყო. ქართული სიმღერით მოხიბლულებს საქართველოს შესახებ ინტერესი გაუღვივდათ. თითოეული ათასგვარი კითხვით მიმართავდა ქალბატონ ნინოსა და ბატონ რატის ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შEესახებ. მათმა ემოციებმა გერმანული პრესის ფურცლებზეც გადაინაცვლა, სადაც გერმანელი მუსიკოსების შეფასებები და გეგმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკითხველისთვის გახდა ცნობილი.

"მეგრული, გურული, ფშაური, რაჭული, იმერული და სხვა მრავალხმიანი ქართული სიმღერების გაცნობის შემდეგ შეგვექმნა წარმოდგენა ქართული მუსიკის ჰარმონიაზე, რომელიც ყოველ კუთხეში ასე განსხვავებული მახასიათებლით გამოირჩევა, - აღნიშნავს სტატიაში "კანტამუს ბერლინის" ერთ-ერთი წევრი მარტინ შმიდტი, - დიდი აღფრთოვანებითა და მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პირველად ჩვენ შევასრულეთ რატი ჯულაყიძის საგუნდო კომპოზიცია კყრიე ელეისონ. სწორედ ამ ნაწარმოებით და ვორკშოპის შედეგად გამდიდრებული რეპერტუარით მივიღებთ მონაწილეობას ბერლინში, 2018 წელს 27-28 იანვარს, ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობისადმი მიძღვნილ ერთობლივ კონცერტში".

"კანტამუს ბერლინი" საქართველოს მომავალი წლის მაისში ეწვევა.

"კვირის პალიტრა" საქართველოში დაბრუნებულ მუსიკოს ნინო ქუმსიშვილს დაუკავშირდა. მისი და რატი ჯულაყიძის ურთიერთობა სტუდენტობის პერიოდიდან მუსიკის სიყვარულით დაიწყო და უკვე 25 წელია ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობით გრძელდება.

- გერმანიასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გერმანული მხარე ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს ქართულ ფოლკლორთან დაახლოებას, მისი შესწავლისა და შესრულების შესაძლებლობას. კონკურსის შედეგად გახდა ცნობილი, თუ ვინ გააცნობდა და შეასწავლიდა ვორკშოპზე ქართულ მუსიკას, და საბედნიეროდ, არჩევანი ჩვენზე შეჩერდა. მიზეზი, ვფიქრობ, რამდენიმეა: რატის მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს გერმანულ მხარესთან, ის მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად, 24 წელია, თბილისში გერმანიის საელჩოს თანამშრომელია; ჩვენ მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდის "პატარა გეორგიკას" ხელმძღვანელებიც ვართ. გვიხარია, რომ მათ ბერლინის ფილარმონიაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო სიმღერის ორ კონკურსში (ოპენ ცომპტიტიონ 2017 და გრანდ პრიხ ოფ ნატიონ 2017) გაიმარჯვეს. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორენოვანმა სანოტო კრებულმა "ნანინამ", რომელიც 2014 წელს ჩვენი თანაავტორობით გამოიცა. კრებულში არსებული სიმღერების ვარიანტებმა გაუადვილა ვორკშოპზე მყოფ მომღერლებს სიმღერების შესწავლა.

- "კანტამუსის" წევრებზე მიამბეთ.

- "კანტამუსის" ოცდაათამდე მომღერალმა 2 დღის განმავლობაში 14 სიმღერა შეისწავლა.

გუნდს შესანიშნავი კომპოზიტორი, ოჰად შტოლარცი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ "კანტამუსის"" წევრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, გუნდის ჟღერადობა, ბგერა საოცრად მომხიბლავია. ""კანტამუსის" თითოეულ წევრს მაღალი საშემსრულებლო ტექნიკა აქვს.

ჩვენი ვორკშოპი დღეში 9 საათს მიმდინარეობდა. გერმანელები გაოცდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის მრავალფეროვნებით და ამან კიდევ უფრო გაუღვივა ჩვენი ქვეყნის მონახულების ინტერესი, დაგეგმეს კიდეც - მომავალი წლის მაისში გვეწვევიან და ქართველ მსმენელს ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს ამ არაჩვეულებრივი გუნდის შესრულებით როგორც ქართული მუსიკა, ასევე მსოფლიო კლასიკის ნიმუშები. გარდა ამისა, გუნდის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, მიიღონ მონაწილეობა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე "ნანინას" წარდგენაში.

- რა კითხვებით მოგმართავდნენ ყველაზე ხშირად, რა აინტერესებდათ საქართველოზე?

- ყველაფერი - ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, სოციალური პირობები, ასევე კულტურა, სამზარეულო, საგანმანათლებლო სისტემა, ხალხის დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ. იქაური პრესა საქართველოს ხშირად და მეტწილად დადებითად აშუქებს. იცნობენ ნინო ხარატიშვილს, ლიზა ბათიაშვილს, ხატია ბუნიათიშვილს, ელისო ვირსალაძეს, გორის ქალთა გუნდს და ქეთი მელუას... თითქმის ყველა ბერლინელი პატივისცემით მოიხსენიებს ედუარდ შევარდნაძეს, ვისი სახელიც ბერლინის კედლის დანგრევასთანაა დაკავშირებული. რაოდენ საკვირველადაც არ უნდა გეჩვენოთ, ძალიან აინტერესებთ გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება.

- ფაქტია, თქვენი გერმანიაში ვიზიტი პროდუქტიული იყო ორივე მხარისთვის.

- გუნდი პირველ რიგში არის ადამიანებს შორის მეგობრობა. სადაც მეგობრობა არ არის, იქ სიმღერაც ვერ შედგება.

ასეთი გაცვლითი პროგრამების შედეგად ხდება კულტურული მონაპოვრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის მუდმივი განახლება და ცოდნის გაფართოება. რასაც იცნობ, გეძვირფასება, უფრთხილდები და შენთვის ფასეული ხდება.

ამ ურთიერთობით გერმანელებისთვის უფრო ფასეული გახდა საქართველო და, პირიქით, ბერლინი იყო და რჩება ჩემს საყვარელ ქალაქად.

ეკა სალაღაია