პირველი ავტომობილები საქართველოში - კვირის პალიტრა

პირველი ავტომობილები საქართველოში

არსებობის დღიდან ადამიანისთვის შრომა ავტომობილზე მეტად არაფერს შეუმსუბუქებია. ეს ისეთი სისწრაფით ვითარდებოდა, რომ ოდესღაც ძნელად მისაწვდომი სიამოვნება ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა.

როგორ შემოვიდა ავტომობილი საქართველოში მაშინ, როდესაც ყველაზე კომფორტული გზებიც კი ჩვეულებრივი გზატკეცილი იყო? ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ - ტრიუმფით! სიახლის მოყვარული თბილისის საზოგადოება მას აღფრთოვანებული შეხვდა. და ეს ამბავი ყველაზე მეტი სიცხადით სახელმწიფო არქივის ფოტოფონდშია შემონახული, იმ ფოტოებზე, რომელშიც ავტომობილის გამოჩენის ეპოქას ასახავს.

ვარლამის რბოლა სენაკში

ამ სანახაობამ თბილისელები იმდენად გააოცა, რომ კოლონის ჩავლის შემდეგაც კარგა ხანს არ დაშლილან. თუმცა, არ დაბნეულან და თავადაც მალევე მოისვეს ხელი ჯიბეებზე (მოდას ხომ არ ჩამორჩებოდნენ!) ამ ძვირფასი ნივთის შესაძენად. ასე რომ, აზნაურმა ვარლამ გვათუამ მანქანის ყიდვა ლიკანში მცხოვრებ ნიკოლოზ რომანოვსაც კი დაასწრო (ამ უკანასკნელმა 10-ცხენისძალიანი და 4-ადგილიანი "მორისი" პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა) და ეს ავტომობილი დიდი ზარ-ზეიმით ჩაიყვანა სენაკში თავის ნათესავთან, ჭიჭიკო იოსავასთან. საჭესთან თავად იჯდა, გამოწერილი მძღოლი სულაც არ დასჭირვებია. თან თავადები - ფარნაოზ და ბარდალა მხეიძეები და ფოტოგრაფიც იახლა, რომელსაც სენაკში მისი ზარ-ზეიმით შესვლა უნდა აღებეჭდა. სახელმწიფო არქივში შემონახულ ამ ფოტოსურათზე იმდროინდელი საზოგადოების განწყობაა ასახული. …

საჭესთან პირველი ქალია...

უცხოეთიდან ავტომობილების მძღოლიანად გამოწერა კი, როგორც ჩანს, იმხანად მოდა თუ საჭიროება გახლდათ. მაგალითად, პირველმა მანქანის მფლობელმა თბილისელმა ქალბატონმაც, მადამ ბოზარჯიანცმაც პარიზიდან ავტომობილი სწორედ მძღოლიანად გამოიწერა. ბოზარჯიანცი თამბაქოს მდიდარი მწარმოებლის ცოლი და თბილისში მაღაზიათა ქსელის მფლობელი გახლდათ; ასე რომ, არც ავტომობილის გამოწერა გასჭირვებია და არც მძღოლისა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ არც ავტომობილიდან ჩამოუდგამს ფეხი.

"წითელი ჯვრის" მობილი

სულ მალე თბილისის (ასევე, დიდი ქალაქების) ქუჩებში მრავალი ავტომობილი გამოჩნდა, მათ შორის უცხოური ორგანიზაციებისაც - 1914-15 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, დედაქალაქის ჰოსპიტლებში ავტომობილებით დადიოდნენ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები. დღემდე შემორჩენილია ფოტო, თუ როგორ აცილებენ თბილისელი ექიმები "წითელი ჯვრის" მოწყალების და ბოავიუტს. გაგანია ომისას თბილისში იმდენი ავტომობილი შემოვიდა, რომ პარიზიდან გამოწერილმა მძღოლებმა მანქანის მართვის შესასწავლად შეგირდები აიყვანეს. ცოტა ხანში ეს შეგირდები თბილისის ქუჩაში თავად ატარებდნენ სახელგანთქმული ფირმების ("ჯენერალ მოტორსი", "პეჟო", "კადილაკი", "ოპელი", "მიტჩელი" "ლორენს დიტრიხი", "ბენცი") მარკის ავტომობილებს. Dატარებდნენ და არა - დააქროლებდნენ, რადგანაც მაშინდელი ავტომობილების სიჩქარე 20 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა.

ავარია საღორიის ტყეში

გაგიკვირდებათ და - ავარიები (საბედნიეროდ, არა სასიკვდილო!) მაინც ხდებოდა. მაგალითად, მაშინდელი საქართველო მოიარა ფოტომ, სადაც 1915 წელს საღორიის ტყეში მომხდარი ავტოავარიაა აღბეჭდილი. ამ ფოტოზე ავტომანქანები სავალი გზის აქეთ-იქითაა გადაცვენილი. როგორ მოხდა ეს შემთხვევა, სრულიად ცარიელ გზატკეცილზე, გაუგებარია, მაგრამ ცხადია, დაუდევარი მძღოლები მაშინაც იყვნენ.

სამმანქანიანი კოლონა თბილისს მოემართება

გასული საუკუნის დასაწყისში, 1901 წელს, რუსეთის იმპერიის გზათა მინისტრმა, ხილკოვმა საფრანგეთიდან ორი "დე დიონ ბუტონისა" (3,5-ცხენის ძალიანი) და "პანარ ლევასორის" ფირმის (14-ცხენის ძალიანი) ავტომობილები შემოიყვანა და საქართველოში, კერძოდ, სამხედრო გზაზე გამოცდა გადაწყვიტა - ამ გზის ციცაბოები სასიკვდილო საფრთხესაც შეიცავდა და, როგორც ჩანს, ექსტრემალი მინისტრისთვის სწორედ ეს იყო აზარტი. საჭეებს მინისტრი, გრაფი შულენბერგი და მარკიზ პასხანი მიუსხდნენ.

ამგვარად, 1901 წლის 19 სექტემბერს, სამმანქანიანი კოლონა, იმპერიის მინისტრის მეთაურობით, დილით, 7 საათზე, ქალაქ ვლადიკავკაზიდან თბილისისკენ გამოემართა და მეორე დღეს უკვე საქართველოს დედაქალაქში იყო.

ექიმის ავტომარცხი

1920 წელს სახელგანთქმული ექიმის, ვახტანგ ღამბაშიძის მძღოლი ბორჯომში კლდეს შეეჯახა. თუმცა, ღამბაშიძის მძღოლს ალიბი ნამდვილად ჰქონდა - ჩანს, ბორჯომის ციცაბო ხეობაში მანქანა ხრამს აარიდა და სწორედ ამ დროს შეეჯახა კლდეს. როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი, ექიმს თან ოფიცრები ხლებიან, რომელთაც ნაავარიები მანქანიდან გადმოსვლა არც უფიქრიათ და კაბინაში არხეინად არიან გადაწოლილი. თავად ექიმი კი მანქანიდან გადმოსულა და შეწუხებული ელის მშველელს.

ქართული ჯარის "კადილაკები"

რუსეთის ბოლშევიკურ გადატრიალებამდე დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მეთაურები "კადილაკებით" დადიოდნენ, შემდეგ კი ოკუპანტები ჩასხდნენ. რიგით ხალხს, ცხადია, მანქანები ათეულობით წლების განმავლობაში აღარ ღირსებია. მერე უკვე საბჭოთა მანქანები გამოჩნდა და წინა საუკუნის უცხოური მანქანები გაქრა და განადგურდა, როგორც ბურჟუაზიული ცხოვრების გადმონაშთი. სხვა ქვეყნებში ასე არ მოქცეულან - ბევრგან პირველი მანქანა დღეს მუზეუმების საკუთრებაა და ასე გამოიმუშავებს ფულს.

ზურა ყიფშიძე ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელიც სოფელ ნატახტარში 100 წლის მანქანას რამდენიმე თვე დააქროლებდა.

1987 წელს რეჟისორმა მერაბ თავაძემ გადაწყვიტა ფილმის გადაღება ავანტიურისტ, მაგრამ მიზანდასახულ ადამიანზე, რომელსაც გამდიდრების უნიკალური ნიჭი აქვს. რადგან საბჭოთა რეალობაში ასეთ ადამიანზე ფილმის გადაღება აკრძალული იყო, მოქმედება XIX საუკუნის მიწურულში გადაიტანა. ცხადია, ეს ამბავი ავტომობილის გარეშე არ გამოვიდოდა და რეჟისორიც საქართველოში ძველი მანქანების ძებნას შეუდგა. ამაოდ. სამაგიეროდ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინის მუზეუმში მიაგნო. ქართული კინოს დიდი ავტორიტეტის წყალობით, 1896 წელს გერმანიაში გამოშვებული სახელობითი ავტომანქანა "არგო" საქართველოში რკინიგზით მაინც გამოემგზავრა და თბილისშიც შემოვიდა. რეჟისორმაც პირობა შეასრულა და ფილმი ისე გადაიღო, რომ ავტომანქანისთვის მთავარი გმირისა და მისი სატრფოს გარდა არავინ მიუკარებია. ზურა ყიფშიძე იხსენებს:

- ამ მანქანის მართვა მართლაც დიდი სიამოვნება იყო. აბა, წარმოვიდგინოთ, უნაკლოდ აწყობილი ღია მანქანა, რომელიც, მართალია, არც ისე სწრაფად მოძრაობს, მაგრამ სამაგიეროდ, ასწრებ, გარემოს ჩაქროლვით კი არ შეავლო თვალი, არამედ თითქოს შეუერთდე, მისი ნაწილი გახდე. მანქანას ყველა დეტალი ისე ზუსტად და მაღალი ოსტატობით ჰქონდა აწყობილი, რომ რაღაცნაირად თავდაჯერებას განიჭებდა.

- ამ მანქანას, როგორც ფილმიდან ჩანს, ბერკეტისებრი საჭე აქვს, მისი დატრიალება არ გაგიჭირდათ?

- თავიდან კი გამიჭირდა, მაგრამ სულ ორ საათში შევეჩვიე და მერე თავისუფლად დამყავდა, თან სიხარულით. ისე რომ, ფილმის დასრულების შემდეგ მასთან განშორება გამიჭირდა კიდეც.

- არ მიკვირს. ახლა თუ ივლიდით ასეთი მანქანით?

- დიდი სიამოვნებით. თუმცა, არა საქმისთვის - დრო ისე აჩქარდა, პირველი მანქანები უკვე ვეღარ დაეწევიან, მაგრამ თანამედროვეობამ როგორი ავტომობილებიც უნდა შექმნას, მათ პირველობას ვერავინ წაართმევს, - გვითხრა ბატონმა ზურამ და მართალიც არის, - პირველი მუდამ პირველია და ამ ხიბლს ვერავინ ჩამოართმევს!

ქეთევან სადაგიშვილი

ეთერ ერაძე