"რატომ უნდა მივიზიდო ტურისტი ბორდელით ან მარიხუანით...?!" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა მივიზიდო ტურისტი ბორდელით ან მარიხუანით...?!"

"ვიღაცები კონკრეტული პარტიის ბულბულებად იქცევიან ხოლმე"

"ყველაზე მეტ დროს მათ ვუთმობ. ცხოვრებაში მთავარი ხომ ოჯახი და სიყვარულია"

აჩიკო ნიჟარაძის კარიერაში იყო ანსამბლი "ბიჭები", შემდეგი 2 წლის განმავლობაში "ქართული ხმების" შვილების თაობაშიც მღეროდა, თუმცა, საბოლოოდ სოლო კარიერა აირჩია და 2004 წელს საზოგადოებამ "პროექტ "ნუცას სკოლითა" და "ჯეოსტარით" გაიცნო. პროფესიით ეკონომისტ-პროგრამისტია. დღეს იგი "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- თავმდაბალ პიროვნებად გახასიათებენ.

- თავმდაბლობა საჭიროა, არ მომწონს ცხვირაწეული ტიპები. როგორიც მშობლებმა გამზარდეს, ისეთი ვარ. ტრადიციული ვარ, მაგრამ ზოგიერთი ქართული ტრადიცია გადამეტებულად მეჩვენება. არ მომწონს, ქელეხები ღრეობად რომ იქცევა ხოლმე. არ მესმის გარიგებით ქორწინება.

- პოლიტიკა რამდენად დიდ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში?

- პოლიტიკა ჩემზეც და ჩემს მუსიკალურ კარიერაზეც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, იმიტომ, რომ თუ ქვეყანაში დალაგებული სიტუაცია არ არის, ხელოვნებაც ვერ ვითარდება. არჩევნები, პროტესტები, გამოსვლები... ყველაფერი ხელს უშლის. საარჩევნო კამპანიებსა და მიტინგებზე გამოსვლა არ მიყვარს. კონკრეტულ სიტუაციებში ხდება ისეც, რომ ხელისუფლებაში მოსულ პარტიებს თავ-თავიანთი ფავორიტები ჰყავთ და სხვებს არ უთმობენ ასპარეზს.

- აღმოჩენილხართ ასეთ სიტუაციაში?

- იყო მომენტი, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში დაბლოკილი ვიყავი.

- საარჩევნო მხარდამჭერ კონცერტებში გიმღერიათ?

- კი, ოღონდ ჩემი სურვილით და ეს გადაწყვეტილება სარფიანი შემოთავაზების საფუძველზე არ მიმიღია.

ყოფილა სიტუაცია, უფასოდაც მიმღერია, იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია სიმღერით დამეფიქსირებინა. ჩემი თვითმიზანი არ არის არჩევნების წინ სიმღერა. ვიღაცები კონკრეტული პარტიის ბულბულებად იქცევიან ხოლმე. არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და არც რომელიმე პარტიის ფანკლუბში ვარ გაერთიანებული.

ჩემს საქმეს ვაკეთებ და პარალელურად ვმღერი. დიდი ყურადღება სჭირდება ქართულ ხელოვნებას, რომელიც დღეს ცუდ მდგომარეობაშია. განვითარება უნდა დაიწყოს მუსიკალური სკოლებიდან, ძველებურ რეჟიმში აღდგეს სწავლება, კონკურსებიც ჩატარდეს და შემდეგ გამარჯვებულებს რეალიზების საშუალება უნდა მიეცეს. შოუბიზნესი თუ არ განვითარდა, სად წავიდეს ეს ხალხი? სხვა გამოსავალი რომ არა აქვთ, რესტორნებში მღერიან.

- სიმღერა თქვენთვის ჰობია თუ ოჯახის რჩენის საშუალება?

- ოჯახს სულ სხვა საქმეში მოპოვებული შემოსავლით ვარჩენ. კონცერტებიდან თუ დამატებითი შემოსავალი მაქვს, ისევ სიმღერის ჩაწერისთვის ვხარჯავ. სიმღერით ოჯახს ვერ არჩენ.

- ქალაქსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბროთ.

- მომწონს რაღაცები. მაგალითად, მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე გადასვლა. პარკირების საკითხი ცალკე პრობლემაა. ისიც, ნაგავს რომ ყრიან ქუჩაში ან ვიღაც მთვრალი რომ მთელი ხმით ღრიალებს. მივესალმები, თუ ხმაურზე კანონი გამკაცრდება. არ მომწონს უკანონო მიშენება-მოშენება. პრაღაში ზარის ან აბრის შეცვლა რომ მოგინდეს, სახელმწიფოსთან უნდა შეათანხმო. არ შეიძლება გვერდიგვერდ შუშის, ხის და თივის სახლი იდგეს - თბილისს ზემოდან რომ გადმოხედავ, უნდა მოგეწონოს. ხალხი ვერ სუნთქავს, ისეა კორპუსები მიჯრით ჩალაგებული.

ახალმა მერმა უნდა მიხედოს ეკოლოგიას. ჟანგბადი არაა. ჩვენთანაც რომ მეტად წახალისდეს ელექტრო, ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა, კარგი იქნება. ეკოლოგიურად სუფთა ზონაში მოგზაურობა უამრავ ტურისტს დააინტერესებს.

რატომ უნდა მივიზიდო ტურისტი ბორდელით ან მარიხუანით, როცა სხვა მრავალი საინტერესო და უკეთესი ალტერნატივა არსებობს. მარიხუანის მომხმარებლები კი არ უნდა ჩავკეტოთ, პირიქით, უნდა მივეხმაროთ, სახელმწიფომაც უნდა შექმნას პროგრამები, ისეთი კი არა, წამალს რომ მისცემენ, არამედ ისეთი, გადაჩვევაში რომ დაეხმარებიან. ბიჭები გინდა თუ გოგონები ხშირად გონდაკარგული მიჰყავთ საავადმყოფოებში, არ ვიცი, რას მოიხმარენ, მაგრამ ხომ ახერხებენ შეძენას?

არ უნდა უკეთდებოდეს ამხელა რეკლამა კაზინოებს. მთელ საქართველოს ბანკის ვალი აქვს.

ადამიანებს უჭირთ. ვერ ახერხებენ სახლის ყიდვას, ბიზნესის წამოწყებას, ამისთვის კაპიტალი სჭირდებათ და რისკზე მიდიან. ზოგი საერთოდ თავის სარჩენად იღებს სესხს, ისე უჭირს.

- ვიზალიბერალიზაციას როგორ შეხვდით?

- ძალიან კარგად, ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა - ასეთი კარგი საჩუქარი მივიღე.

- როგორი მამა და მეუღლე ხართ?

- ეგ ჩემს ცოლ-შვილს უნდა ჰკითხოთ. ისე, არა მგონია, ცუდი გითხრან... ყველაზე მეტ დროს მათ ვუთმობ. ცხოვრებაში მთავარი ხომ ოჯახი და სიყვარულია.

იხილეთ ასევე: "ქალაქის ცენტრში ვიღაც არაბი გვიხსნის ბორდელებს და ქართველ ქალებს ამუშავებს, მეტი საშინელება რაღა გვინდა?"

ეკა სალაღაია