"ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა" და..." - კვირის პალიტრა

"ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა" და..."

4 აგვისტოს, გამთენიისას, ანაკლიაში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა - ნათია თავართქილაძე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მის გარდა კიდევ რამდნეიმე ახალგაზრდის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმები ნათიას გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.

მომხდარს ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს:

"ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა", დიდი ვარ და გამბედავიო და რომელიღაც ნივთიერება მიიღო.

ფარისევლების ქვეყანას ახასიათებს გაცხადებულად ნარკოტიკებთან ბრძოლა და პარალელურად ყველა თავშეყრის ადგილას ნარკოტიკების თავისუფლად გასაღება.

და რადგან ასეთი "წყობისას" ნარკოტიკი და მისი მასიურად შემომზიდავი "უხილავია", სავარაუდოდ, თავადვე ამ ბიზნესის მონოპოლისტი ხელისუფლებისთვის, არანაირი ზომა არაა მიღებული, ლეტალური შედეგების რისკის შემცირებისთვის. ახლომახლო სამედიცინო გაძლიერებული მეთვალყურეობაც კი, რაც მსგავს ღონისძიებებზე ნარკოტიკის სიმრავლის გარეშეც უნდა იყოს.

და კიდევ, - სიგარეტის ნაცვლად გვირილის გაღეჭვა მშვენიერია, მოწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება, თუმცა სიგარეტისგან ადამიანი ისე ნელა კვდება, რომ სულო ცოდვილო, გაიფიქრებ, ადრე თუ გვიან ხომ ყველა უნდა მოვმკვდარიყავით. პირდაპირი და უშუალო მკვლელის შესახებ, იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც ასე უხვად შემოედინება და მისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, არანაირი საინფორმაციო ბრძოლა არ შეინიშნება".

იხილეთ ასევე: "ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა... სხვა ანგელოზების დასაცავად" - რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ გოგონაზე?!