"ლოთიან" დეპრესიასთან მებრძოლი სული... - კვირის პალიტრა

"ლოთიან" დეპრესიასთან მებრძოლი სული...

"სანიმუშო" კომკავშირელი და ჯართში ჩაბარებული ტრაქტორი

ფანჯარაში გარუჯული "მტრედია"...

პირველი ნოტი გვიან ააჟღერა.

აამღერა მელოდია - სულიდან.

იყო ბოჰემური.

შეურაცხყოფილიც... თოვლივით.

მერე "მაღლა და მაღლა" - წარმატებისკენ.

ისევ ბოჰემა - მშფოთვარე სულით...

მერე ომის ყიჟინა - "ჰიმნი თავისუფლებას".

თავისუფალია, თავის უფალი - მებრძოლი სულით.

ახლაც ებრძვის - მერამდენედ... მოძალებულ "ლოთიან" დეპრესიას.

მამუკა ჩარკვიანი - Animus Dellicus!!!

"ხუთკუნჭულა"

თანაკლასელებმა 61-ე სკოლიდან წარმატებას მიაღწიეს - ყველამ თავის სფეროში, მანაც - თავისაში. თუმცა, ეს ცოტა მოგვიანებით.

მანამდე კი, დემოკრატიულად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა მკაცრი კაცი იყო, დღემდე ასეა. ჯანსუღ ჩარკვიანმა "ნაღდ" ბიჭად გაზარდა მამუკა, თუმცა "ზედმეტად ბიჭობაც" არ უყვარდა, ამიტომ მამა-შვილს კონფლიქტი ჰქონდა - არცთუ იშვიათად.

დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა, მეშვიდე კლასში იყო, როცა მეზობლის გიტარის სიმებს ჩამოჰკრა თითები. მერე გიტარა აჩუქეს და, დაიწყოოო...

ჰო, მართლა, მუსიკალური განათლება არ აქვს. ფორტეპიანოზე დადიოდა, მაგრამ ერთი წელიც არ უსწავლია, არ უნდოდა, არც აინტერესებდა.

პირველი სიმღერა მეცხრე კლასში დაწერა. იმ პერიოდში როკმუსიკით იყო გატაცებული - უსმენდა Doors-ს,  Led Zeppelin-ს, The Beatles-ს... მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად როკჯგუფი "ხუთკუნჭულა" ჩამოაყალიბა, ინსტრუმენტები სადღაც იშოვეს და სკოლის დარბაზში უკრავდნენ... პარალელურად წერდა - თავისას. წერდა იშვიათად, მაგრამ ქმნიდა კარგ მუსიკას...

ნახევარ საუკუნეზე მეტი გალია - ორი სრული წლით გადააბიჯა მას. როცა განვლილ გზას გადახედავს, კიდევ ერთხელ და მერამდენედ რწმუნდება - ბავშვობა მის ცხოვრებაში საუკეთესო, ოქროს ხანაა.

"ჩემი აღარა ხარ, მორჩა!"

პატარა ასაკში შექმნა პირველი ოჯახი - სიყვარულმა გადააწყვეტინა და ბევრი არც უფიქრია. ინანა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ცოლი ჰყავდა. ვერ გადალახეს ცხოვრებისეული დაბრკოლებები - ესეც ასაკის ბრალი იყო, ალბათ. შეიძლება, თავადაც იყო დამნაშავე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ქალზე გადატეხა ჯოხი. მან მას ვერ აპატია, მას - მან... მაშინ "წესიერი ბავშვი" იყო, არც სვამდა და არც "კაიფობდა". ყველაფერს მაშინ მიეძალა, რაც ოჯახის ნგრევით გამოწვეული განცდა მოეჭარბა.

მთელი წლის განმავლობაში ებრძოდა ემოციას. სწორედ მაშინ დაწერა - "ჩემი აღარა ხარ, მორჩა! მწამდი უპირველეს ყოვლის..." მარტო დარჩა. თავს გრძნობდა ისე, როგორც "შეურაცხყოფილი თოვლი". თუმცა, პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს - ირინოლა. შვილიშვილიც - 11 წლის სალომე. აღიარებს, რომ ცუდი ბაბუაა, ვერ ახერხებს შვილიშვილის ხშირად ნახვას, ისევ და ისევ, მოძალებული დეპრესიის გამო...

"მაღლა და მაღლა"

ვერაზე ცხოვრების პერიოდი მარტოობისა და აღტყინების, "აჭრილ-გაჭრილ" თორმეტ ბოჰემურ წელს მოიცავს. პირველ ცოლს რომ დაშორდა, ოცდაერთი წლის იყო. "ბომონდურ" სახლში ცხოვრობდა - სასმლით, ნიკოტინით, სიმღერით, პოეზიითა და სიცოცხლის სიყვარულით გაჯერებულ სივრცეში. მისი სახლის კარს საკეტი არ ჰქონდა. იქნებ, ჰქონდა კიდეც, არ იყენებდა უბრალოდ.

ქალები?... ოოოო, ქალები უყვარდა, მათაც უყვარდათ. ინტელექტით, სიმღერით, ლექსის კითხვით ხიბლავდა. ბევრს უყვარდა, თუმცა ყველას "უმკლავდებოდა", გულს არავის "სწყვეტდა", შესაბამისად, არც სტკენდა.

ერთხელ, ერთ გოგონას დაურეკა და უთხრა - მოკლე კაბა ჩაიცვი, თმა დაიხვიე და ჩემთან, სახლში გამოდიო. მეორესაც იმავე ტექსტით დაურეკა, მესამესაც და... ერთ საათში ხუთი ერთნაირად მორთულ-მოკაზმული ქალი მამუკას წინ ჩამწკრივდა. მეგობრებთან ერთად დახვდა "ლამაზებს". გოგონებმა თავიდან კი იწყინეს, მაგრამ მერე ბევრიც იცინეს.

ვერცხლისწყალივით იყო, თბილისის ქუჩებში გიტარით ხელში დაქროდა, ყველა იცნობდა, უყვარდათ, მის გარეშე სუფრა არ ჩაივლიდა...

მამუკა ჩარკვიანი თბილისის იმ წამყვანმა ძალამ შეიყვარა, მისი ნიჭი კი მათ აღიარეს, ვინც დედაქალაქში "ამინდს ქმნიდა". საკმაოდ გვიან, ორმოცი წლისამ გაბედა და თბილისის ქუჩებიდან ერთი ნაბიჯით "მაღლა და მაღლა", ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე აინაცვლა. ეს სიმღერაც სწორედ მაშინ, იმ თავქარიანსა და ბობოქარ წლებში დაწერა, როცა მისთვის "სიყვარულიც ღმერთთან საუბრობდა".

პირველი "ოქროს დისკი", მერაბ სეფაშვილსა და ეკა კვალიაშვილთან ერთად, სცენაზე პირველმა ასვლამ მოუტანა. ეს მონაპოვარი მუსიკოსისთვის ახლაც მნიშვნელოვანია.

"ცისფერი კესანები" და... მუზა

მუზა ვისთვის როგორი ფერია, ვისთვის როგორი... მამუკა ჩარკვიანის მუზა ცისფრად არაა შეფერილი, თუმცა "ცისფერი კესანები" კი დააწერინა.

როცა გოგი დოლიძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, მყისიერად შებრუნდა, დაჯდა და ერთი ამოსუნთქვით დაწერა - ტკივილი და განცდა ამოაყოლა თითქოს.

მერე გოგის ბევრმა უძღვნა სიმღერა, მამუკამ გვერდზე გადგომა არჩია, სიმღერა გადადო, თავისთვის შეინახა და მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ ჩაწერა...

ძალიან უყვარს მხატვრობა, მისი სახლის კედელზე ცარიელ ადგილს ვერ იპოვით - სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ტილოებითაა შევსებული.

მხატვრობაც ხომ შინაგანი თავისუფლების გამოხატვაა ფერებში? ამ თავისუფლებას თავად ბგერით გამოსახავს. მუზა კი... მუზა ემოციაა. თუკი რამ ეწყინება ან გაუხარდება, სასმელს ეძალება - ესეც მუზაა ერთგვარი.

"ლოთიანი" დეპრესია

ბოლო ხანს ათი ახალი სიმღერა ჩაწერა, მეგობრების დახმარებით ისევ და ისევ - ყველაფერი ხომ ფინანსებზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ?! როცა პირველი ახალი სიმღერა შექმნა, მაშინაც დეპრესიამოძალებული იყო, თუმცა დაწერა თუ არა, ძალა მიეცა თითქოს. იმუშავა, თვე-ნახევრის განმავლობაში "თავი გადადო" და მერე, გახარებულმა, ისევ სმა დაიწყო...

როცა მამუკა ჩარკვიანს ვესტუმრე, მდგომარეობიდან ჯერაც არ იყო გამოსული, სულ რაღაც ორიოდე დღე მჭირდებაო, მითხრა. მამუკას და, თაკო ძალიან ღელავს ძმის მდგომარეობაზე, ამიტომ მასთან განსაკუთრებულად "მკაცრია", იმდენად, რომ მამუკას დაცვაც კი მიუჩინა. ჰო, სწორედ ასეა, მეგობრები მომღერალს გვერდიდან არ სცილდებიან და სასმლის ცდუნებისგან იცავენ.

ღვინო მისი სისუსტეა, შემოქმედება - სიძლიერე. რახანია სცენაზე აღარ გამოსულა, ახალი სიმღერა არ უჩუქებია ხალხისთვის, თუმცა ყველგან, ყოველ ნაბიჯზე გრძნობს მათ სიყვარულს, პატივისცემას. არასდროს არავისთვის გაუკეთებია ცუდი, საკუთარი თავის გარდა...

კომკავშირელი

ოცდაორი წლის ასაკში ხელოვანი ახალგაზრდების ცენტრის დირექტორის პოსტი შეითავსა. სამსახური კომკავშირს ეკუთვნოდა, ამიტომ ეპიცენტრში აღმოჩნდა. ქალაქმა მაშინ გაიცნო, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, დროც კარგი გაატარა. მერე კომკავშირის რაიკომის მეორე მდივნის თანამდებობაც დაიკავა და კულტურის სფერო ჩაიბარა, თუმცა ტრაქტორი ჯართში ჩააბარა და... სამსახურიდან გამოაძევეს. იყო ქალაქის კულტურის სამმართველოს პირველი მოადგილე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანაშემწე... იქაც აკეთებდა იმას, რაც უნდოდა. კულტურის სფეროს კურირებდა და ბოჰემურად ცხოვრობდა, ორივეს წარმატებით ართმევდა თავს.

KvirisPalitra.Ge...სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი

ეს იყო აქ, თბილისში. მისსავე უბანში, მისივე სადარბაზოს გვერდით. მაშინ, როცა მამუკა ჩარკვიანი ჯერ კიდევ "ვერცხლისწყლობდა". თუმცა, დაღლილი იყო თავქარიანობით, ეძებდა სიმშვიდეს და "მას"... იპოვა. ამბობენ, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო, მაგრამ ქალი თუ ლამაზია და თან მეზობლად, იქვე ცხოვრობს, ამას რა სჯობს?! ფანჯარაში მოჰკრა გარუჯულ "მტრედს" თვალი. არც აცია, არც აცხელა და ირმას ქვემოდან ასძახა: "ყავაზე დამპატიჟებ?" უარი არ მიუღია, საერთო მეგობართან ერთად ავიდა და... გიტარაზე დაამღერა, ლექსები წაუკითხა... მოკლედ, მოხიბლა, მონუსხა და... ერთი წელი სდია, ცოტა კი აწვალა ირმამ, თუმცა აგერ უკვე მეორე ათწლეულია, ერთად ცხოვრობენ, უგებენ, იტანენ, უყვართ... ცამეტი წლის ჯაკო ჰყავთ - ბაბუის სეხნია და მომავალი ფეხბურთელი.

თავის უფალი შემოქმედი

ერთადერთხელ, ბავშვობაში დაწერა ლექსი და მამას წააკითხა. ჯანსუღმა მოკლედ შეუფასა: "ოჯახში ერთი პოეტი სრულიად საკმარისია!" მას შემდეგ აღარც უცდია. თუმცა, სიმღერებს ძირითადად იმ "ერთი პოეტის" ლექსებზე ქმნის. ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები თავად ბადებს მუსიკას, კარგად ესმის მამის პოეზიის, ამიტომაც ეტრფის.

"ჰიმნი თავისუფლებას" მაშინ დაწერა, როცა აფხაზეთის ომმა გააპარტახა ერი. დაწერა და გადადო. "მაგრად დაჰკარით..." - საქართველოს უახლეს ისტორიაში აქტუალური არის და იქნება ჯერ კიდევ...

სიტყვის თავისუფლებასაც უძღვნა სიმღერა, სპეციალურად "კვირის პალიტრის" თხუთმეტი წლის იუბილეს დაამთხვია და აჩუქა. დღეს სიტყვა მარწუხებშია, საზოგადოებაც... ეს აწუხებს, განიცდის...

მამუკა ჩარკვიანის ახალი სიმღერების დისკი მალე იხილავს სინათლეს. "გავაზაფხულებთ" - ახალი სიმღერა, სათქმელი ახალი თაობისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლის სიყვარულის და მომავლის რწმენისთვის:

"გავაზაფხულებთ, რაც იქცა თოვლად, შევცვლით ქვეყანას და ისე მოვალთ..."

მართლაც, "დღეს შიშის არა, დღეს რწმენის დროა!" ან "რა დროს შიშია და მოკრძალება?" მამუკა ჩარკვიანს, მიუხედავად ყველაფრისა, არაფრის ეშინია, ერთის გარდა - დიდი სიყვარული, ირმა არ "გაექცეს". თუმცა, იმ ასაკში აღარ არიან, როცა ადვილად შეიძლება შეელიონ ერთმანეთს. იცის, რომ ისინი ერთმანეთს შეაბერდებიან...