"ხორცი ბერდება, თორემ შიგნიდან არ ბერდება კაცი" - დღეს ზურა ყიფშიძე იუბილარია
"ხორცი ბერდება, თორემ შიგნიდან არ ბერდება კაცი" - დღეს ზურა ყიფშიძე იუბილარია
დღეს ზურა ყიფშიძე იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მსახიობი 1953 წლის 10 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ვულოცავთ ბატონ ზურას დაბადების დღეს, ულევ სიკეთესა და წარმატებას ვუსურვებთ და გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენი არქივიდან:

"ყველაზე ბებერი მე დავრჩი, ახალგაზრდები აღარ არიან... ამას წინათ ქორწინების ფოტოს დავხედე, არც ერთი მეჯვარე ცოცხალი აღარ გვყავს..."

ზურა ყიფშიძესთან თუმანიშვილის თეატრის კაფეში ვსაუბრობდი. ზუსტად ვიცოდი, რამდენი დრო იყო დარჩენილი რეპეტიციამდე და ჩემს თანამოსაუბრეს არსად ეჩქარებოდა, მაგრამ მაინც ერთი სული ჰქონდა გაქცეულიყო.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასეთია: სადაც უნდა იყოს, თითქოს გარბის, უსხლტება ყველას, ნაცნობებსა და მეგობრებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს. იმიტომ აკი არა, რომ დასაფარი აქვს რამე, ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად იცის, ვერ შეჩერდება... ამ

ჩემი წარმოდგენის შესახებ რომ ვუთხარი, მრუმე განათების ფონზე შევამჩნიე, გაეღიმა. თავიც დააქნია თანხმობის ნიშნად: ჰო, მართლა გავრბივარო...

- ერთ საღამოს მე და ჩემი გამზრდელი დეიდა ვისხედით შინ და სიმფონიურ ორკესტრს ვუსმენდით. ვთამაშობდით, ვინ შეძლებდა გამოცნობას, რა ნაწარმოები იყო... დეიდა სულ იმარჯვებდა. უცებ შემომხედა და მკითხა: იცი, რა არის ინტელიგენტი? დავიწყე ახსნა: წიგნიერებაც ვახსენე,
კულტურაც... მოკლედ, ვიფილოსოფოსე. მან კი, სადღაც მოვისმინეო: ინტელიგენტია ის, ვინც ცდილობს, დაიკავოს რაც შეიძლება მცირე ადგილი ცხოვრებაშიო...
არ შეიძლება ზედმეტად შენი თავის წარმოჩენა. ხანდახან მეღიმება, რომ ჰყვებიან ომახიანად, - ეს
შევქმენი, ის საუკეთესოდ გამომივიდა!..

- ასეთი აღზრდა დიდი სიმდიდრეც არის და ერთგვარი წინაღობაც ველური კანონებით მცხოვრებ სამყაროში...

- ჩემს თავს ინტელიგენტსაც ვერ დავარქმევ. ინტელიგენტს გაცილებით დიდი განათლება უნდა ჰქონდეს... რაც შეეხება ღირებულებებს და თანამედროვე ცხოვრებას, ასეთი იმიტომაც არის, რომ ინტელიგენცია ქრება...

- მგონია, რომ რაღაცნაირი ტრაგიზმი ახლავს თქვენს ცხოვრებას.
- ყველაზე ბებერი მე დავრჩი, ახალგაზრდები აღარ არიან... ამას წინათ ქორწინების ფოტოს დავხედე, არც ერთი მეჯვარე ცოცხალი აღარ გვყავს. საშინელი განცდაა...
ბავშვობიდან ქვეცნობიერი პროტესტი მქონდა, ამიტომაც
გული მიმიწევდა, გავსულიყავი ქალაქიდან, სხვაგვარად მეცხოვრა. 13 წლიდან, "მაცი ხვიტიას" გადაღებისას, სვანეთი და აფხაზეთის მთები მოვიარე.

იპოდრომიდან ცხენებს ვიპარავდი. ცხენები თუ გიყვარს, მაშინ ცხენოსნობაზე მიგიყვანთო... მიმაბარეს. ერთხელ მთელი გუნდი გავიპარეთ ცხენებით ლისის ტბის ზემოთ... დაგვიჭირეს. აი, ასეთი გასეირნება მომწონდა.

- ბუნებაში გაქცევა გყვარებიათ...
- ზღვისპირა ქალაქში უნდა დავბადებულიყავი... ზღვა მაკლია! ლადო მესხიშვილი შემიყვანდა ხოლმე ზღვაში "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებაზე. აი, ვინ იყო მაგარი კაცი! დაანებე თავი სმას და მოდი, გავცუროთო...

- გაიხსენეთ ადამიანები, რომელთა არსებობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თქვენი ჩამოყალიბებისთვის.
-13-14 წლის ვიყავი, ბებიას გერმანელმა მეგობარმა რომ მომნუსხა. სასტუმრო "საქართველოს" წინ ცხოვრობდა. ბებია სტუმრობდა ხოლმე და მეც მივყავდი... "დაისს" ეწეოდა. ძალიან ლამაზი, გრძელი, თლილი თითები ჰქონდა. მესაუბრებოდა ცხოვრებაზე, წიგნებზე. საათობით შემეძლო მოსმენა. არ წარმოიდგინოთ, რომ ასეთი ბიჭი ვიყავი მხოლოდ... 15-16 წლისა თვეობით ვიკარგებოდი ყირიმში, საცეკვაო მოედანზე ვუკრავდით ბიჭები... პირველი სკოლიდან მერვე კლასში ვიყავი, რომ გამაგდეს, მერე დეიდას ხათრით მიმიღეს, მაგრამ ისევ გამაგდეს... მერე შინ ვიჯექი. სკოლა ექსტერნად დავამთავრე. ფაქტობრივად, უსწავლელი ვარ! მოსკოვმა მიშველა, გერასიმოვის ცნობილმა სახელოსნომ.

ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა მამარდაშვილის ლექციებმა. თემო ჩირგაძესთან ერთად ვიყავი 8 თვე. აი, ის გახლდათ ნამდვილი ინტელიგენტი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ავთო ვარაზთან სიახლოვესაც. ხშირად მივდიოდი. ერთად სირტაკს ვცეკვავდით - ორივეს ბერძენი ბებიები გვყავსო. ის ხატავდა, მე ვუყურებდი. ავთო უკვე ცუდად იყო, რომ დავუახლოვდი. ერთ საღამოს დავტოვე, დილით გარდაცვლილი დამხვდა.

- თქვენც ხომ არ ხატავდით?
- ვჯღაბნი, როცა როლს ვაკეთებ.

- საინტერესო იქნება ეგ ჩანახატებიც...

- მაგას არ ჰქვია საინტერესო...

საინტერესო იყო გოდერძი ჩოხელთან მუშაობა. ისეთი ალალი, ფრიალა სული და ნერვული სისტემა ჰქონდა... "ცოდვის შვილებში" გადაღება რომ შემომთავაზა, ჯერ ვიუარე. ვერ ვითამაშებ ქალაქელი ზურა მთის შვილს-მეთქი... რომ დაიჟინა, წავედი მთაში და ორი თვე ვიცხოვრე. არაჩვეულებრივი პერიოდი იყო.

- უცხოეთში თუ გრძნობდით თავს კარგად?
- კარგა ხანს "ნევიეზდნოი" ვიყავი. ძლივს "დონ ჟუანით" წავედი გასტროლზე.

- არასოდეს გიფიქრიათ დარჩენაზე?
- არასოდეს. ავსტრალიაში ვიყავით დიდხანს. ყოველდღე ვრეკავდი. ჩამოსვლა გვინდოდა... ერთი გასტროლიდან დედას მაგნიტოფონი ჩამოვუტანე, ბუს ფორმა ჰქონდა, გაიკეთა ყურსასმენები და თითქმის ყვირილით მკითხა: "აბა, შენ რომ თქვი, დავრჩებიო?"... სულ ვიძახდი, წავალ-მეთქი, მაგრამ სად წავიდოდი! ეგონათ, გეგასთან ერთად ვიქნებოდი თვითმფრინავში. მაშინ დავითგარეჯში ვიყავი, ის ამბავი იქ გავიგე. ჩვენი მოძღვარი იყო თემურ ჩიხლაძე. ტიტომ ფილმშიც გადაიღო. "პრესტუპნიკ ჰიპპს" თამაშობდა. მერე დავშორდით... მერე მღვდელი გახდა... მერე "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორიაში გამოჩნდა. დღემდე, გეგას ცოლს რომ ვხედავ, ცუდად ვხდები...

- ყველას განსაკუთრებულად უყვარდით.
- ვიღაცას არ ეყვარები, ვიღაცას ეყვარები. შენ კი გაგაქვს ეს ცხოვრება...
სოციუმი ჭამს ხალხს. ჩვენ ძალიან ცუდად ვცხოვრობთ, ბავშვებიც ისეთი სახეებით დადიან, შეხედავ, გული შეგეკუმშება...

ხორცი ბერდება, თორემ შიგნიდან არ ბერდება კაცი. მხოლოდ ღვინდები. რომ ამბობენ, არ შევცვლიდი ცხოვრებაში არაფერსო, როგორ არ შევცვლიდი!.. ცხოვრებაში ერთი პერიოდი მთავრდება, მეორე - იწყება. ერთხელ მე და ლენუკა მივდიოდით. უცებ მომივიდა აზრი: მოდი, დედაჩემთან შევიაროთ, გემრიელად გვასადილებს-მეთქი... უცებ დამარტყა თავში! სადღაა დედა! ის ძველი დრო დამთავრდა... მაგრამ სიყვარული შენშია. დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია, ადამიანი უბრალოდ მოკვდეს. ხორცი არ არის ადამიანი. სულია.

- ქალბატონ ელენეზე ამბობდნენ, საოცრად უშიშარიაო.

- ჩემი მეუღლის ნათესავი იყო მერაბ თურმანიძე. ლომი ჰყავდა. მოხდა ისე, რომ მერაბს პრობლემები ჰქონდა, მილიციით იყო გარშემორტყმული მისი სახლი. საშინელება მოხდებოდა. დედა შევარდა, ლომიც გამოიყვანა და ისიც. გაგიჟდნენ სამართალდამცავები.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ლომი არსაიდან გამოგიყვანიათ, სითამამე გქონდათ, რომ აზრი გამოგეხატათ და დინების საწინააღმდეგოდაც გეცურათ...
- განსაკუთრებული არაფერი... თუ რამე ისეთს ვაკეთებდი, სხვებისგან რომ გამომარჩევდა, ღირდა კი? მიხეილ თუმანიშვილი რომ გარდაიცვალა, მის ჩანაწერებშიც ნახეს და ისედაც მეუბნებოდა, სირანო უნდა გათამაშოო... "მე შენ მზისკენ გექაჩები და შენ რიჩარდით მაშინებო", - მეტყოდა. "მე მზისკენ გექაჩებიო" - მართალი იყო. მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი...

P.S. სად არის მზე და შენი ცხოვრების "შუადღე" მართლაც კაცმა არ იცის... ცხოვრების მანძილზე უამრავი "მზეები" გვეკარგება.


ჩვენ მრუმე განათებაში ვსაუბრობდით.


იხილეთ ასევე: "შეიძ­ლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი" - რისი რცხვენია და რას შეცვლიდა ზურა ყიფშიძე?

ლელა ჯიყაშვილი
...
14 აგვისტო 2017 09:08
Dabadebis dges gilocavt batono zura
ლალი
13 აგვისტო 2017 23:51
გილოცავთ ბატონო ზურაბ იუბილეს, ღმერთმა კიდევ დიდხანს გაცოცხლოთ!!! სულ გამარჯვებებით გევლოთ! დიდხანს გაგეხარებინოთ თქვენი თაყვანისმცემლები!!
....
13 აგვისტო 2017 23:12
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ლომი არსაიდან გამოგიყვანიათ, სითამამე გქონდათ, რომ აზრი გამოგეხატათ და დინების საწინააღმდეგოდაც გეცურათ...
აქ რა მომენტი იგულისხმება?
თამარი
13 აგვისტო 2017 19:53
გილოცავთ ზურაბ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ. თქვენ ღირსეული ადამინი და უნიჭიერესი მსახიობი ბრძანდებით, ამიტომაც გვიყვარხართ. მინდა რომ თქვენ და კიდევ ბევრი თქვენსავით ღირსეული ადამიანი კიდევ დიდხანს იყოთ ამქვეყნად, იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს გემოვნება ჩამოუყალიბდეთ, ერთმანეთის სიყვარული და გატანა ისწავლონ. თქვენგან და თქვენნაირებისგან მაგალითი აიღონ. მე კი სულ მინდოდა რატომღაც სცენაზე ან კინოში თქვენი და მურმან ჯინორიას ტანდემი მენახა. იქნებ კიდეც მოიფიქროს ვინმემ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საუკეთესო სურვილებით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა