გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სკოლაში მიღებული განათლება არასაკმარისია... - რას ამბობენ განათლების სამინისტროში?
გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სკოლაში მიღებული განათლება არასაკმარისია... - რას ამბობენ განათლების სამინისტროში?
მას შემდეგ, რაც გაზეთ "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ პრესის ფურცლებიდან ვებში გადაინაცვლა, გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველი გაცილებით ბევრი მომხმარებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი კითხვა შეეხებოდა განათლების სფეროს. კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი სკოლაში მიღებული განათლება მისაღებ გამოცდებზე მაღალი ქულების მოსაპოვებლად? - პასუხი 1782-მა მომხმარებელმა გასცა. აქედან 78,5% ფიქრობს, რომ სკოლის განათლება საკმარისი არ არის, 16,5%-ის აზრით, საკმარისია, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა 5%-ს გაუჭირდა. (იხილეთ გამოკითხვა)

ასეთი შედეგების მიღების შემდეგ, დავინტერესდით რას ფიქრობდნენ საზოგადოების
ნაწილში არსებულ ასეთ კრიტიკულ განწყობაზე განათლების სამინისტროში, სადაც რატომღაც უპირველესად ჩვენი კითხვის ფორმულირება დაიწუნეს:

"კითხვის ფორმულირება არასწორია, საკითხი უნდა დაისვას ასე: - ამზადებს თუ არა განათლების შემდეგი საფეხურისთვის სკოლა მოსწავლეს? ამ შემთხვევაში პასუხი იქნება, რომ ამზადებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ სკოლა, როგორც ასივე პროცენტით მოსწავლეების უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელ დეწესებულებად, იმიტომ, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდი ნაწილი ირჩევს პროფესიულ განათლებას, ნაწილი კი უმაღლეს განათლებას.
სკოლა უნდა ამზადებდეს მოსწავლეს როგორც პროფესიული განათლებისთვის, რომ გააგრძელოს პროფესიული მიმართულებით სწავლა, ასევე უმაღლესისთვის, ამ
დანიშნულებას სკოლა ასრულებს".

გამოკითხვის შედეგების შეფასება განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსაც ვთხოვეთ.

თემურ ნანეიშვილი, აკადემიკოსი:

"მეც ასე ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი. იცით რაშია საქმე? სკოლაში უწყვეტობის პრინციპი არ არის, ანუ სხვა რამ ისწავლება სკოლაში და გამოცდაზე სხვა საკითხებია.ზოგადად, გამოსაშვები გამოცდა ითვალისწინებს იმას, რომ მისი საშუალებით შეფასდეს თუ რა ისწავლა ბავშვმა, აქ კი, სწავლება ცალკეა და გამოცდები ცალკე, ამიტომაცაა, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი ვერაფრით მოისპო. ძალაუნებურად მშობელს შვილი დაყავს რეპეტიტორთან და ის ასწავლის იმას, რასაც გამოცდებზე მოითხოვენ".

მანანა ნიკოლაიშვილი, განათლების საკითხებში ექსპერტი:

"რა თქმა უნდა, სკოლაში მიღებული განათლება მისაღებ გამოცდაზე მაღალი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის. პრობლემა არის არასწორად შედგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ძირითად საგნებში სასწავლო საათები
არასაკმარისი რაოდენობის არის. ეს შეგნებულად არის გაკეთებული და მეორეხარისხოვან ან სრულიად არასაჭირო საგნებს უფრო მეტი დრო ეთმობა, ხოლო ძირითად საგნებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებს, ასევე უცხო ენებსაც საათები აკლია. ეს მოხდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდნ, 2004 წელსვე ტოტალურად შეამცირეს სასწავლო საათების რაოდენობა და "ქართულმა" ოცნებამ დღემდე ძალაში დატოვა.

ამას ემატება გაუმართავი სახელმძღვანელოები, არასათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თუ ნორმალური სახელმძღვანელოები და სასწავლო საათების რაოდენობა საკმარისი იქნება, მაშინ ცოდნის დონე მნიშვნელოვნად აიწევს.

წინა წლებში, ვიდრე ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდოდა, საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში მათემატიკას 10-11 საათი ეთმობოდა, მეხუთე-მეექვსე კლასში კი 9 საათი, ახლა ეს დრო განახევრებულია. ამას ვერაფერი ამოავსებს, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ბავშვი, პროფესიონალი მასწავლებელი, როგორი კარგი სახელმძღვანელოც არ უნდა გვქონდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასწავლო საათების რაოდენობას. ამ კუთხით, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალი არაფერია, სამაგიეროდ, ამატებენ არასაჭირო საგნებს, ისეთს, როგორიც არის "მე და საზოგადოება", ასევე ბევრი საათი აქვს დათმობილი სამოქალაქო განათლებაა, იგივე ითქმის საგანზე "ჩვენი საქართველო" თუ "ჩემი საქართველო", რომელიც არც ისტორიაა, არც ბიოლოგია, არც გეოგრაფია, ძალიან ცუდი სახელმძღვანელოა და ბავშვებს არაფერს აძლევს.

ამიტომაც, მშობელი იძულებული ხდება შვილი მოამზადოს რეპეტიტორთან. საქართველოში უმეტესობას, განსაკუთრებით რეგიონებში, ვერ ამზადებენ, ამიტომ იკლო საქართველოში აბიტურიენტების რიცხვმა და გაიზარდა გამოცდებზე ჩაჭრილებისა და დაბალი ქულების მქონეთა პროცენტული წილი".

ჩვენი გამოკითხვის შემდეგი კითხვა ასეთია: როგორ შეაფასებთ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას?


მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

ეკა
13 აგვისტო 2017 08:50
მოგვიწევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება! ანუ დავბრუნდით მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში! ზნეობის თვალსაზრისით ვერა, მაგრამ განათლების თვალსაზრისით იქ ვართ!
ვალინა
11 აგვისტო 2017 16:07
გეთანხმებით ქალბატონო მანანა, როგორც იქნა წავიკითხე სწორი შეხედულება დღევანდელ მდგომარეობაზე განათლების სისტემაში....მაპატიეთ....
11 აგვისტო 2017 16:00
გეთანხმებით ქალბატონო მანანა
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები