თბილისის ზღვის ავტოპლაჟი - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვის ავტოპლაჟი

ის იყო, ლექსომ შუა ზღვისკენ თავგადასავლის საძიებლად მიმართა ნავი, რომ უეცრად იქვე მდგომმა "ნისანის" მარკის ავტომობილმა მშვიდად გადაჭრა პლაჟი და ზღვაში შესრიალდა. შემდეგ რამდენჯერმე ტანზე ღონივრად გადაივლო წყალი, წყალმარჩხში ჩაუშვა ღუზა და მსხვერპლის მომლოდინე თეთრი ზვიგენივით გაიტრუნა... ლექსოს ვეუბნები, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება, რომ აქ ყველაზე მაგარი სანაპირო ექნებათ ბავშვებს, თუმცა, ახსნა-განმარტება დამთავრებული არ მქონდა, რომ მოძველებულმა შინდისფერმა "ოპელმა" ხვნეშა-ხვნეშით აგვიარა გვერდი და ოციოდე მეტრში მტვრიანი ცხვირ-პირი წყალში ჩაყო, ხოლო იქიდან ენერგიულად ისკუპა მძღოლმა და თავისი მზედაკრული მერანის ხეხვა-ჭეჭყვას შეუდგა

მზე თავზე მოექცა თბილისის ზღვას და მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო მოუწყობელია, პლაჟზე ხალხი მრავლადაა. ძალიანაც რომ მოინდომოთ, ზღვის ნაპირის ახლოს ვერსად ნახავთ თავის შესაფარებელ ჩრდილობს, აქ ჩირგვიც კი სანატრელია. სამაგიეროდ, გინდათ თუ არა, გვარიანად გაირუჯებით. ნაპირისგან მოშორებით, ბორცვებზე მეჩხრად ჩარიგებულან ფიჭვები - ეს ლუდის მოყვარულთა სამფლობელოა.

მივუყვები უქვიშო სანაპიროს და ფერად-ფერად კენჭებს ვეძებ. არადა, იოლად შეიძლება ახლომახლო მდინარეებიდან ჭარბი ნატანის ამოღება და ნაპირზე გაშლა... ლამს ვინ ჩივის, მაგრამ კარგი იქნება, ამ წვეტიან, ბასრ ნაშალზე არ იმტვრევდეს ხალხი ფეხებს და ამის ნაცვლად რიყის ქვებით მოიკირწყლოს აქაურობა. სიცხისგან გათანგული ადამიანები თავს არიდებენ კითხვებზე პასუხს. ყველაფერი ხომ ისედაც ნათელია, ყველას უნდა სუფთა სანაპირო. ცოტა ხანში მაინც ვიპოვე მოსაუბრე:

- ხმა გავარდა, ჩინელებმა კორპუსები რომ ააშენეს, სანაპიროსაც მოაწყობენო, მაგრამ იმათაც იმედი გაგვიცრუეს, - უკმაყოფილოდ აქნევს თავს ავთო ვარსიმაშვილი და სანაოსნოდ წამოყვანილ დისშვილს გასაბერი ნავით ზღვაში მიაცურებს. პატარა ლექსო მომავალი მეზღვაურია, ენაწყლიანი რესპონდენტიც აღმოჩნდა. ის იყო, შუა ზღვისკენ თავგადასავლის საძიებლად მიმართა ნავი, რომ უეცრად იქვე მდგომმა "ნისანის" მარკის ავტომობილმა მშვიდად გადაჭრა პლაჟი და ზღვაში შესრიალდა. შემდეგ რამდენჯერმე ტანზე ღონივრად გადაივლო წყალი, წყალმარჩხში ჩაუშვა ღუზა და მსხვერპლის მომლოდინე თეთრი ზვიგენივით გაიტრუნა. ლექსომ ნავი ნიჩბებით დაამუხრუჭა და გაკვირვებული გვიყურებს ხან ჩვენ, ხან "ნისანს". მერე წყლიდან ამოდის და გვეკითხება: "

- ეს ზღვა საბანაოა თუ ავტოსამრეცხაო? ლექსოს ვეუბნები, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება, რომ აქ ყველაზე მაგარი სანაპირო ექნებათ ბავშვებს, თუმცა, ახსნა-განმარტება დამთავრებული არ მქონდა, რომ მოძველებულმა შინდისფერმა "ოპელმა" ხვნეშა-ხვნეშით აგვიარა გვერდი და ოციოდე მეტრში მტვრიანი ცხვირ-პირი წყალში ჩაყო, ხოლო იქიდან ენერგიულად ისკუპა მძღოლმა და თავისი მზედაკრული მერანის ხეხვა-ჭეჭყვას შეუდგა.

მალე მას მოტორის ღრიალით სიმინდის დამტარებელი "ჟიგულიც" მიჰყვა. სიმინდით სავსე ქვაბი პირდაპირ კაპოტზე დაემაგრებინა მძღოლს. ყველაფერს მოფიქრება უნდა, შავი ზღვის სანაპიროზე ბევრს წვალობენ დამტარებლები, დღეში რამდენჯერმე აცხელებენ გაცივებულ სიმინდს, აქ კი სხვაგვარად არის საქმე - მოხარშავ დილით, შემოდგამ მანქანის ცხვირზე და საღამომდე თუხთუხებს სიმინდი, ძრავის სიმხურვალე გაცივების საშუალებას არ აძლევს. თუ ბედი გაუღიმებთ და სულ გაყიდიან, სათადარიგო სიმინდი საბარგულში აქვთ, წყალს ჩაამატებენ ქვაბში, სიმინდს ჩაყრიან და აქსელერატორს დააწვებიან. "ამ პაპანაქებაში ორ წუთში იხარშება", - იფიცება მძღოლი.

ავტოშხაპით უკმაყოფილო მობანავეები მოშორებით ინაცვლებენ, ზოგი სულაც მიდის, მემშვიდობება ლექსოც, რჩებათ ბურთი და მოედანი აბაზანამიღებულ ავტომობილებს.

P.S. ესეც ჩვენი ავტოპლაჟი!

კახა მჭედლიშვილი