გურულების ცისფერი ოქრო - კვირის პალიტრა

გურულების ცისფერი ოქრო

"კარიერზე მიწის 3-4-მეტრიან ზედაპირზე წითელი მიწაა,მერე კი ცისფერი თიხის ფენები იწყება. ასკანიტი დაახლოებით 80 მეტრ სიღრმემდეა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ნიადაგში, უკეთესი და უკეთესი თიხა ამოდის, მინარევებისაგან თავისუფალი და პირველი სახით შემონახული"

"ბერძნებმა კარიერს მიწის ფუჭი ქანები მოხსნეს და იქვე მიყარეს. კოკისპირულმა წვიმამ ეს მთებად დამდგარი მიწა დამეწყრა, მოწყვიტა და მთელი კარიერი დაფარა. მის გასუფთავებას იმდენი ფული უნდა, რამდენიც ახლის ამუშავებას"

გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ, როდესაც ასკანიტის ბენტონიტური თიხის მონაცემები მიიღო, წამოიძახა: "ყოჩაღ, მთისპირლებო, ეს ხომ ცისფერი ოქროა!" 1916 წელს ცნობილმა მეცნიერმა გურულები იმისთვის შეაქო, რომ მათ თიხის ღირსებები მეცნიერული კვლევის გარეშე აღმოაჩინეს.

1946 წელს ოზურგეთის სოფელ ასკანაში პირველი შახტი გაჭრეს, მიწაში 60 მეტრამდეც ჩავიდნენ. თიხას "ასკანიტი" დაარქვეს და მთელი დატვირთვით აამუშავეს მანქანათმშენებლობაში, წარმოებაში, კერამიკულ თუ საფეიქრო, კულინარიულ წარმოებაში, ბოლოს, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც. ასე ამუშავდა ოზურგეთში ასკანიტის ბუნებრივი საპნის, შამპუნისა და კბილის პასტის მწარმოებელი ქარხანა. ამ თიხით მზადდებოდა ყალიბები ყველა საბჭოთა ავტომობილის ნაწილებისთვის, ცნობილი ასუანის კაშხალი სწორედ ამ თიხის საიზოლაციო მასალით აშენდა.

მოგვიანებით ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ასკანიტის თიხის ქარხნებიც გაანადგურა და თიხის კარიერებიც. 1996 წელს თიხის მოპოვების ლიცენზია ბერძნულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა დარგის განვითარების მაგივრად, იქაურობა გააპარტახა. ამის გამო ლიცენზია ჩამოერთვა. 2010 წელს კი თიხის მოპოვების ლიცენზია სოფელ მთისპირის მკვიდრმა თენგიზ შარაშიძემ მოიპოვა. მან საბადოს შემსწავლელი გაფანტული სპეციალისტები შეკრიბა და ინვესტორს დაუწყო ძებნა. 2017 წელს ინვესტორიც გამოჩნდა და ასკანიტის კარიერი სოფელ მთისპირის მთებში ამუშავდა. დღეს საამო სანახავია კარიერი, რომელზეც ექსკავატორები და ტრაქტორები მუშაობენ, უკვე იმედმოცემული სოფელი, რომელიც აქამდე სიღატაკის გამო იცლებოდა და საველე ლაბორატორია, რომელშიც ორი ქალბატონი - ნათელა კიღურაძე და რუსუდან გუჯაბიძე მუშაობენ. ისინი ლაბორატორიაში თითქმის თითომეტრიანი ფენიდან აღებულ თიხის სინჯს აგროვებენ და იცით, რატომ? ამ უნიკალურ ქვიშას კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვს: თუ ერთ ადგილას აღებული თიხით ჭურჭლის დამზადება შეიძლება, 3-4 მეტრის მოშორებით აღებული თიხა ატომური ელექტროსადგურის ასაგებადაც კი გამოდგება.

ნათელა კიღურაძე: "ვიდრე ასკანიტის ფენებამდე ჩახვალ, ნიადაგს 4-5 მეტრი ფუჭი ზედაპირული ფენა უნდა მოხსნა და ცისფერი თიხა მერეღა გამოჩნდება. ჩვენს კარიერზე მიწის 3-4-მეტრიან ზედაპირზე წითელი მიწაა, მერე კი ცისფერი თიხის ფენები იწყება. ასკანიტი 80 მეტრ სიღრმემდეა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, უკეთესი თიხა ამოდის, მინარევებისაგან თავისუფალი და პირველი სახით შემონახული. ბენტონიტური თიხა ხომ ზღვის, წყალქვეშა ვულკანების ფერფლია, რომელიც მილიარდობით წლის წინ ილექებოდა. მამა მთელი დღე მუშაობდა ასკანიტზე, მაგრამ ხელები მუშა კაცისას კი არა, კოსმეტიკით მოვლილს უგავდა - ეს თიხა კანს ყოველგვარ მალამოზე არანაკლებ არბილებს.

მთელი სიცოცხლე ასკანიტის თიხაზე მაქვს ნამუშევარი და განადგურებულ-გამოუყენებელს რომ ვუყურებდი, გული მტკიოდა. ამ სიმდიდრით მხოლოდ ჩემი სოფელი კი არა, მთელი ოზურგეთი აყვავდებოდა, არადა, დაიქცა. მერე ბერძნებმა დაგვანგრიეს, მიადგებოდნენ კარიერს, მოხსნიდნენ მიწის ფუჭ ქანებს და იქვე, კარიერის გვერდზე მიყრიდნენ. ერთ დღეს კოკისპირულმა წვიმამ ეს მთებად დამდგარი ფუჭი მიწა დამეწყრა, მოწყვიტა და მთელი კარიერი დაფარა. მის გასუფთავებას იმდენი ფული უნდა, რამდენიც ახლის ამუშავებას".

ჩვენს საუბარში ტრაქტორზე მომუშავე ჩაერთო: - ჩვენს სოფელში იმხელა ზამთარი იცის, შეიძლება თოვლმა კარიერამდე აღარც მიგვიშვას, კლიენტი კიდევ გაზაფხულამდე არ დაგელოდება. ამიტომ თიხას ვასაწყობებთ და შეკვეთისთანავე ხარისხის მიხედვით გაგვაქვს - ვინ ჭაბურღილებისთვის ითხოვს, ვინ კიდევ, ავტომობილების ყალიბებისთვის. მაგრამ ყველაზე მეტად ეს თიხა და კარიერის ამუშავება სოფელს გვჭირდებოდა, - ბიჭები თურქეთში გარბოდნენ სამუშაოდ, რომ ცოლ-შვილი ერჩინათ, ახლა დასაქმდნენ, თავიანთი კერის წინ არიან და შვილების ცქერით ტკბებიან. ამაზე უკეთესი კაცმა რა უნდა ინატროს! - სხარტად ამთავრებს და მეც ასკანიტის მთავარ ლაბორატორიაში მივდივარ ქალბატონ მანანა ანდღულაძესთან:

- ჩვენს თიხას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს და მასზე მოთხოვნილებაც დღითი დღე იზრდება. დღეს ასკანიტი პოლონეთში გადის, მალე გერმანიაშიც გავგზავნით, ახლა რუსეთი და უკრაინაც ითხოვს, ეს სია უეჭველად გაიზრდება და, აი რატომ: მაგალითად, ჩვენი თიხისაგან დამზადებული ავტომობილის ნაწილების ყალიბები დაახლოებით 400-500 ცელსიუს ტემპერატურის ლითონს უძლებს და თანაც ერთხელ კი არა, სამჯერ შეიძლება გამოიყენო, ჩვენი თიხა ჭაბურღილებისთვისაც უცვლელია - ნავთობის ამოღებისას ჭაბურღილის კედლები ამ თიხით ისე ილესება, რომ ნედლეულის დაკარგვა გამორიცხულია.

- ამბობენ, წინათ ამ თიხის ბურთულაკებს ხალხი სამკურნალოდ ყლაპავდაო.

- ეს თიხა სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, ანტიბაქტერიულია. ამას წინათ თანამშრომლის ბავშვს სახეზე გამოაყარა, არანაირმა მალამომ არ უშველა, თიხამ კი გამონაყარი უკვალოდ გააქრო. მას ჩვენი წინაპრები კუჭის სამკურნალოდ იყენებდნენ. ადრეულ წლებში ასკანიტისაგან კუჭ-ნაწლავისთვის აბები მზადდებოდა. ჩვენი წინაპრები ამ თიხას ბუნებრივი სახით იყენებდნენ, მაგრამ რახან ბუნებაში უამრავი მავნე მინარევია, სამედიცინო გამოყენებისთვის მისი დამუშავება აუცილებელია. იგივე ითქმის კოსმეტიკაზეც - ასკანიტის კოსმეტიკურ ქარხანაში საპნებს, კბილის პასტებს თუ შამპუნებს ვამზადებდით, მათაც ვასუფთავებდით მავნე რადიკალებისაგან და პროდუქტი მეტად ეფექტიანი იყო. იმედია, კოსმეტიკურ წარმოებას კვლავ დავუბრუნდებით.

რაც მთავარია, ინვესტორი ჩვენი კუთხიდან არის, სოფელში ხალხი დაასაქმა და დაამაგრა, სახლები აღარ გამოაკეტვინა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება - განგებამ თავად იცის, ვის როგორ უშველოს.

ბენტონიტური თიხა

პირველად ცისფერი თიხა ამერიკაში მთა ბენტონზე აღმოაჩინეს და ამიტომაც უწოდეს ბენტონიტური თიხა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე საქართველოს ტერიტორია ხასიათდებოდა ინტენსიური ვულკანური მოქმედებებით. იმ დროიდან საქართველოში მრავალრიცხოვანი თიხის საბადო აღმოაჩინეს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ბენტონიტური თიხის საბადო.

ეთერ ერაძე