"ბევრჯერ დავუსხლტი სიკვდილს ხელიდან, მაგრამ წამითაც არ მინანია ჩემი არჩევანი" - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ დავუსხლტი სიკვდილს ხელიდან, მაგრამ წამითაც არ მინანია ჩემი არჩევანი"

გუროს ხეობა ძალიან რთულია, თუ იქაურობას კარგად არ იცნობ, ვერაფერს გახდები. ტურისტები გამოუცდელები იყვნენ, ცუდ ადგილას გაჩერებულან - პირდაპირ ადიდებული მდინარის კალაპოტში, თან ციცაბო კლდეებს შორის მოქცეულ მონაკვეთში. მათგან 50 მეტრში ვიყავით, როცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა მოგვაკითხა, არ გვეგონა, შვეულმფრენი იმ ადგილას დაჯდომას თუ შეძლებდა. გავრისკეთ და გამოგვივიდა, სამაშველოსთან ერთად შევძელით ახალგაზრდების სამშვიდობოს გამოყვანა

ანა ოჩიაური და არმაზ წიკლაური ერთმანეთს არხოტმა დააკავშირა. "მენაპირეობა ხევსურებს სისხლში გვაქვს გამჯდარი და ვამაყობ, რომ სამშობლოს სადარაჯოზე ვდგავარ", - გვეუბნება ვეტერანი მესაზღვრე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს სამმართველოს უფროსის მოადგილე საზღვრის დაცვის დარგში არმაზ წიკლაური, რომელსაც ხევსურეთში მესაზღვრეობის გარდა, განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებაც ხშირად უწევს.

ანა ოჩიაური: - ბაზალეთელი ვარ. პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ძალიან მინდოდა არხოტში წავსულიყავი მასწავლებლად, წავედი კიდეც. ოჯახიც იქ შევქმენი, შემდეგ პროფესიაც შევიცვალე - შეიქმნა თუ არა სასაზღვრო ზოლი, ჩემი მეუღლე მესაზღვრეობას შეუდგა, მე კი კავშირგაბმულობის სამსახურში რადიოოპერატორად დავიწყე მუშაობა. ეს სამსახური, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად შეიქმნა. მე და არმაზი 12 წელია, ბარისახოში სასაზღვრო პოლიციის მე-6 სამმართველოში ვმსახურობთ.

ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი - მარიამი მესამე წელია ჩვენს სამმართველოში მუშაობს, არავის სჯეროდა, თბილისიდან აქ თუ ამოვიდოდა და მუშაობას დაიწყებდა. ტყუპი ვაჟები ჯერ სტუდენტები არიან. თინათინი ტურიზმის სპეციალისტია და ისიც ხევსურეთში აპირებს დაბრუნებას. თამარმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ჯერ არკვევს, რა გააკეთოს.

- რას ნიშნავს თქვენთვის მესაზღვრის პროფესია?

- ეს არის საქმე, რომელსაც დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ხევსურთა დიდი იმედია სასაზღვრო პოლიცია, ჩვენდა სასიხარულოდ, ბევრი ხევსური დაბრუნდა მთაში, ჩვენმა სამსახურმა ბევრს მისცა შესაძლებლობა, სახლი აღედგინა, ოჯახი შეექმნა და მეურნეობისთვის მოეკიდა ხელი...

არმაზ წიკლაური საუბარში გვიან შემოგვიერთდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ გამოცდილმა მესაზღვრემ გზააბნეულ ტურისტებს ადგილამდე მშვიდობიანად მისვლაში მეგზურობა გაუწია.

- ხშირად ერევათ ტურისტებს გზა?

- ტურისტები მოუმზადებლები არიან, ძველი რუკებით სარგებლობენ. ამასთან, არის დამეწყრილი ადგილები, ზოგან მონაკვეთებია ჩახერგილი... ხშირად მიწევს მაშველის ფუნქციის შესრულება. 19 წელია, საზღვარზე ვარ. სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარია და როცა მას იცავ, საქმეში მთელი სული და გული უნდა ჩადო.

- იმ მესაზღვრეებსა და მაშველებს შორის იყავით, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მედლებით დაჯილდოვდნენ.

- სამაშველოდან ინფორმაცია შემოვიდა - ებრაელი ტურისტების ხუთკაციანი ჯგუფი დაიკარგაო. მუნიციპალიტეტიდან გუროს ხეობაში მაშველები იყვნენ გასული. ჩვენც ჩავერთეთ, გავარკვიეთ, სადაც იყვნენ - ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზა გადაუკეტა. ეს ძალიან რთული ხეობაა, თუ იქაურობას კარგად არ იცნობ, ვერაფერს გახდები. ტურისტები გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდ ადგილას გაჩერებულან - პირდაპირ ადიდებული მდინარის (გუროს წყლის) კალაპოტში, თან ციცაბო კლდეებს შორის მოქცეულ მონაკვეთში. ამ პერიოდში ყველაზე მეტად დიდდება მდინარეები. მათგან 50 მეტრში ვიყავით, როცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა მოგვაკითხა, არ გვეგონა, შვეულმფრენი იმ ადგილას დაჯდომას თუ შეძლებდა. გავრისკეთ და გამოგვივიდა, სამაშველოსთან ერთად შევძელით ახალგაზრდების სამშვიდობოს გამოყვანა.

ვინმეს რომ შველი, ძალა და ენერგია გიორმაგდება. ამ განცდის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. ბევრჯერ გამირისკავს, საფრთხეც შემქმნია, მაგრამ მე რა მომივა-მეთქი, ამაზე არასდროს მიფიქრია.

აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ. მიღებული მაქვს პრეზიდენტის ჯილდო მხედრული მამაცობისთვის, სასაზღვრო პოლიციაში 10 და 15 წლის მუშაობის საიუბილეო მედლები, სხვა უამრავი ჯილდო და სიგელი.

ჩემი ტყუპი ბიჭი მესაზღვრის ტრადიციებით აღიზარდა და მესაზღვრეებთან ერთად საზღვარზეც უცხოვრია. ერთხანს არხოტში ჯარისკაცები გვყავდა, ასას ხეობაში, სავალდებულო სამსახურს იხდიდნენ. მათთან ჩემი ბიჭებიც მივიყვანე. ყველას უკვირდა, ბავშვებს აქ რა უნდათო. მე კი ჩემი საქციელით სხვებს ვუჩვენე, რომ საფრთხე და საშიშროება არაფერი იყო. ჩემმა ბიჭებმა კი იქ ბევრი რამ ისწავლეს.

არაერთხელ ძლივს დავუსხლტი სიკვდილს ხელიდან. წლების წინ, დაბომბვის დროს, შატილის საგუშაგოზე დავიჭერი, თავში ნამსხვრევები მქონდა, თუმცა, არც იმ მომენტში და არც სხვა სირთულეებისას წამითაც არ მინანია ჩემი არჩევანი - მესაზღვრეობა. მესაზღვრის ფორმის ტარება დიდი პატივია და ღირსების საქმე.

ხევსურეთი სასაზღვრო სამსახურმა გადაარჩინა, თორემ ისე დაიცლებოდა, ვერც გავიგებდით. ადგილობრივ მოსახლეობას რითაც შეგვიძლია, ვეხმარებით, სოფლებში ფქვილი და სხვა პროდუქტები ჩაგვაქვს. ბოლო წლებში შედარებით გამოცოცხლდა აქაურობა, წელს განსაკუთრებით ბევრი ტურისტია. პრობლემები ყოველთვის არის, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით ბევრი რამ გაგვიკეთებია და ბევრსაც შევძლებთ. პენსიაზე რომ გავალ, ბარისახოდან ისევ ჩემს მშობლიურ ამღაში წავალ - საზღვრისპირა ულამაზეს სოფელში...

ნანა ფიცხელაური